"ვეღარ გავიგე, ვისი საჩივარი, ვის განჩინებაშია!" - ურთმელიძის ახალი გადაწყვეტილებით, გვარამია ისევ "რუსთავი 2" -ის გენდირექტორია - კვირის პალიტრა

"ვეღარ გავიგე, ვისი საჩივარი, ვის განჩინებაშია!" - ურთმელიძის ახალი გადაწყვეტილებით, გვარამია ისევ "რუსთავი 2" -ის გენდირექტორია

"მოსამართლე ურთმელიძის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოწყობილ ფარსს არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ"

"ვეღარ გავიგე, ვისი საჩივარი, ვის განჩინებაშია!" - ეს პოსტი "ფეისბუკზე" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა მას შემდეგ დაწერა, რაც გაირკვა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველს დავით დვალს უფლებამოსილება შეუჩერდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ძმები ყარამანიშვილებისა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" წარმომადგენლების საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ კი, დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე სასამართლოს 5 ნოემბერის განჩინება გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა, ამის პარალელურად, ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს, ანუ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ.

შალვა რამიშვილი, ტელეწამყვანი:

"მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება იყო ლოგიკური იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც პოტენციური მფლობელი ქიბარ ხალვაში, დავით დვალს წილს შეჰპირდა, დვალი მიუკერძოებელ პირად ვერ ჩაითვლებოდა, არადა, კანონის მიხედვით ურთმელიძეს დროებით მმართველად სწორედ მიუკერძოებელი პირი უნდა დაენიშნა. შესაბამისად, ამ პროცესებიდან დვალის ჩამოშორება სწორი იყო და ეს განხორციელდა კიდეც, რითაც პროცესმა მოიგო".

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი:

"მოსამართლე ურთმელიძის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოწყობილ ფარსს არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილებას არანაირი ფასი არ აქვს. არც 5 ნოემბრის განჩინებაზე დამორჩილებას ვაპირებდი და არც ამ გადაწყვეტილებას ვანიჭებ რაიმე მნიშვნელობას. თუ 5 ნოემბრის გადაწყვეტილება გასული იყო სამართლებრივი ჩარჩოებიდან, მოსამართლეს, რომელსაც პროცესი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაჰყავს, იმის არცერთ სხვა გადაწყვეტილებას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ".

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა