"მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უამრავ საკითხზე ვისაუბრე" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უამრავ საკითხზე ვისაუბრე"

"ვიმეორებ, თუ ხელისუფლება თავისუფლებაზე ხელს აღმართავს, ვისაც კეთიდლღეობის მინიმალური შანსი სურს, ამ განზრახვას ყველა წინ უნდა აღუდგეს. ეს მოქალაქეების პირდაპირი ვალდებულებაა! ისე, ფე-ეს-ბე-ს ფაბრიკაციები იმისთვის გამოიყენეს, რომ საზოგადოება დააბნიონ და სიტყვის თავისუფლების დაცვის ნაცვლად ყველამ ხელოვნურ საფრთხობელაზე ილაპარაკოს".

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მოსამართლე თამაზრ ურთმელიძემ ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება მოასწრო - ჯერ ტელევიზიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა და დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დანიშნა, რამდენიმე დღეში კი, გვარამიას უფლებამოსილება ისევ აღუდგინა.

რას ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე და რაზე ილაპარაკა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას? - "კვირის პალიტრასთან" საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა საუბრობს:

- ბუნებრივია, ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დაინიშნენ, უარყოფითად ვაფასებ. ეს უკანონო გადაწყვეტილებაა - დროებითი მმართველი აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი პირი, დვალი კი, მიუკერძოებელი პირი არ გახლავთ, რადგან მას "რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე პრეტენზია გააჩნია. ამას გარდა, თვით ურთმელიძეც არაა მიუკერძოებელი მოსამართლე და ვფიქრობ, მისი აცილება უნდა მომხდარიყო. ამით საქმეს ობიექტურობის მინიმალური იერი შერჩებოდა, რისი უზრუნველყოფაც არ მოხდა. ჯამში, ეს პოლიტიკური ფარსია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას სურს სიტყვის თავისუფლების, კრიტიკული სიტყვის ჯერ ცენზურა და შემდეგ კი მთლიანად მოგუდვა.

- "რუსთავი 2"-ის ეზოსთან დღემდე კარვებია გაშლილი, სადაც მხარდამჭერებს თქვენც შეუერთდით. პრინციპში, ტელეკომპანია "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი თანამოაზრე პოლიტიკური ძალებისთვის, ფაქტობრივად, ბოლო ბასტიონად აღიქმება. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ განვითარდება პროცესები "რუსთავი 2"-ის ირგვლივ და რამდენად რეალურია ფიზიკურ დაპირისიპირებაზე ლაპარაკი?

- "რუსთავი 2" არა მარტო ოპოზიციური ძალების, რომელსაც მეც მივეკუთვნები საზოგადოებრივ მოძრაობა "ივერიასთან" ერთად, არამედ ყველა თავისუფლებაზე ორიერტირებული მოქალაქის ბოლო ბასტიონია; ყველა პროევროპელი მოქალაქის, პრონატოელი ქართველის ბოლო ბასტიონია. თუ სიტყვის თავისუფლება მოგუდეს ქვეყანაში მერე ყველანაირი არეულობა გარდაუვალი ხდება, რადგანაც თავისუფალი სიტყვა ნებისმიერი უკანონობის მთავარი შემაკავებელი ფაქტორია.

- ანუ, ფიქრობთ, რომ ტელეკომპანიაში ბარიკადების აღმართვაზე, ბოევიკების დაყენებასა და რევოლუციური სცენარით მოქმედებაზე მოწოდებები გამართლებულია?

- ნებისმიერ სახელმწიფოში თავისუფლება ბრძოლითაა მოპოვებული. მაგალითად, დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მაგნა კარტაც სწორედ ამ გზით მოიპოვეს - ბარონები ინგლისის მეფეს აუჯანყდნენ და აბსოლუტიზმის შეზღუდვა მოსთხოვეს.

- 21-ე საუკუნეში სისხლით მოპოვებული თავისუფლება ზედმეტად უტრირებულად ხომ არ ჟღერს?

- საერთოდ, ამ სატელეფონო საუბრებს არც განვიხილავ - როგორც სასამართლოზე უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები საქმეში არ დაიშვება, ისინი ჩემთვისაც ნულოვან ფასეულობას წარმოადგენს. ვიმეორებ, თუ ხელისუფლება თავისუფლებაზე ხელს აღმართავს, ვისაც კეთიდლღეობის მინიმალური შანსი სურს, ამ განზრახვას ყველა წინ უნდა აღუდგეს. ეს მოქალაქეების პირდაპირი ვალდებულებაა! ისე, ფე-ეს-ბე-ს ფაბრიკაციები იმისთვის გამოიყენეს, რომ საზოგადოება დააბნიონ და სიტყვის თავისუფლების დაცვის ნაცვლად ყველამ ხელოვნურ საფრთხობელაზე ილაპარაკოს.

- ფაქტია, რომ ჩანაწერებმა საზოგადოების მეხსიერების გადატვირთვა შეძლო. ფიქრობთ, რომ პარტია მსგავსი სტრატეგიით მიზნის მიღწევას ოდესმე შეძლებს?

- "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი მეგობარი და თანამოაზრე მყავს, მაგრამ პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. მინისტრთა კაბინეტის წევრი გახლდით. ამიტომ, ვფიქრობ, ეს კითხვა თავად მათYუნდა დაუსვათ.

- ისე, საინტერესოა, დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლა რატომ გადაწყვიტეთ და პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში გუნდის ოფიციალური წევრი არ გახდით?

- ყოველთვის დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი - მირჩევნია ჩემი ენერგია და რესურსები საზოგადოებას ყოველგვარი პარტიული ვალდებულებებისგან თავისუფალმა მოვახმარო. მე თავისუფალი კაცი ვარ...

- და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რა ფორმატით აპირებთ?

- ჯერჯერობით, არ გადაგვიწყვეტია არჩევნებში ჩავერთვებით თუ - არა, მაგრამ ვნახოთ მოვლენები რა სცენარით განვითარდება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საეტაპო იქნება და თუ ის ღიად და თავისუფლად არ ჩატარდება, წყალში ჩაიყრება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრეცედენტი.

- თუ 2016 წელს ისევ ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მორიგ რევოლუციას აანონსებთ?

- "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს, რადგან მან ყველა სფეროში მნიშვნელოვანი ჩავარდნა განიცადა. თავისუფალი სიტყვის მოგუდვაც სწორედ ამიტომ განიზრახეს. მათ ავიწყდებათ, რომ პროცესებს თავისუფალი სამყარო თვალს აქტიურად ადევნებს, თავისუფალი სამყარო კი, რუსეთზე ბევრად ძლიერია.

- არჩევნებში მონაწილეობის სტრატეგიებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრებზეც განიხილავთ?

- მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უამრავ საკითხზე ვისაუბრე.

- ამბობენ, რომ უკრაინაში ექსპრეზიდენტის პოლიტიკამ კრახი განიცადა - მისი კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა, უკრაინის პრემიერმა კი ღიად იკითხა, თუ სააკაშვილი წარმატებული რეფორმატორია, რატომ ვერ ბრუნდება ის საკუთარ სამშობლოში?!

- ამ საკითხებზე თავად სააკაშვლმა უნდა ილაპარაკოს... სხვათა შორის, ოდესის ადგილობრივ არჩევნებში სააკაშვილის კანდიდატი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ნორმალური ეკონომისტია, თუმცა, როგორც ჩანს, მან მოკლე დროში პოლიტიკოსად ჩამოყალიბება ვერ შეძლო. ზოგადად, ოდესა თავისებური ქალაქია, სადაც მოსახლეობას თავისებური მოთხოვნები აქვს. რთულია იქ ხალხს თავი მოაწონო, თუმცა, როგორც ვიცი, დღესდღეობით სააკაშვილის მმართველობა მოსწონთ და მისგან წარმატებულ რეფორმებსაც ელოდებიან.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)