"რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ" - როგორ გაამკაცრებს კონტროლს საქართველო პარიზული ტერაქტების შემდეგ - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ" - როგორ გაამკაცრებს კონტროლს საქართველო პარიზული ტერაქტების შემდეგ

"ტერაქტის შემდეგ საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლის კონტროლი, ეს ძირითადად აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან შემომსვლელებს შეეხება"

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დღეს დილით გაიმართა. სხდომის მოწვევის აუცილებლობა ევროპაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის და პარიზული ტერაქტების გამო გახდა. სხდომაზე მისული მინისტრების განცხადებით, მიიღებენ დამატებითი უსაფრთხოების ზომებს და კიდევ უფრო გამკაცრდება კონტროლი ქვეყნის საზღვრებზე.

გიორგი მღებრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი:

"გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმი, როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე, ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან".

თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი:

"ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში. შესაბამისად, ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით. უმთავრესი ღონისძიებები, რომელიც ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში გასაკეთებელია, არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და ის კონკრეტული ზომები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ელემენტების".

მინდია ჯანელიძე, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი:

"სასაზღვრო კონტროლის რეჟიმის გაძლიერება არანაირ შეზღუდვას არ ნიშნავს. უბრალოდ მოხდება სამუშაოების გაძლიერება საზღვარზე, ასევე მოხდება სტრატეგიული ობიექტების დაცვის გაძლიერება, ასევე ყველა ის ოპერატიული თუ ფიზიკური დაცვის ზომები განხორციელდება, რაც საჭიროა ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად".

ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი:

"საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ თუ რა ღონისძიებები იქნა გატარებული პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და ტერაქტის შემდეგ საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლის კონტროლი, ეს ძირითადად აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან შემომსვლელებს შეეხება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე".

საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების ფონზე კიდევ ერთი სხდომა გაიმართება საქართველოში, ამჯერად უშიშროების სხდომა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა. როგორც ცნობილია, უშიშროების საბჭოს წევრი მინისტრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ. უშიშროების საბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით