ვინ არიან თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები - კვირის პალიტრა

ვინ არიან თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები

დავით ნარმანიამ მერიის ხუთი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის და ვაკის გამგებლის კანდიდატურები დაასახელა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მერიის ხუთი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის და ვაკის გამგებლის კანდიდატურები დაასახელა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად დავით ნარმანიამ გივი კუბლაშვილი წარადგინა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ გივი კუბლაშვილს მდიდარი გამოცდილება აქვს კერძო სექტორში მუშაობის, მათ შორის მრავალი სტრატეგიული პროექტის ხელმძღვანელია.

კიდევ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, კერძოდ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად, ნარმანიამ გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარადგინა.

"გიორგი ეკონომიკის დოქტორია, ის ჩვენი მმართველობის პერიოდში, თბილისის მერიაში მუშაოდა. კერძოდ, ხელმძღვანელობდა "თბილსერვის ჯგუფს". მას აქვს როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ის თავს გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურს, მას ნარმანიას გადაწყვეტილებით, ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.

"ირაკლი გვილავა 2013 წლიდან კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ამ სფეროში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს", - განაცხადა ნარმანიამ.

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად კი, ნარმანიამ ნოდარ ჭიჭინაძე წარადგინა. მისი თქმით, ჭიჭინაძე პროფესიონალი ეკონომისტია.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელნძღვანელად კი, დედაქალაქის მერმა ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

"იგი 1993 წლიდან მერიის სისტემაში მუშაობდა. შემდეგ იყო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. სხვადასხვა პროექტები აქვს განხორციელებული, მათ შორის გამწვანების კუთხით. კარგი მენეჯერია და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ფორმირებას", - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა დღეს ვაკის გამგებლის კანდიდატურაც წარადგინა. მისი თქმით, უკვე ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის შემცვლელად ნოდარ ტურძელაძეს ასახელებს, რომელიც ბოლო პერიოდში ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობს.

დედაქალაქის მერმა ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა და საკრებულოს წარდგენილი კანდიდატების დადგენილი წესით დამტკიცების თხოვნით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"