რა ქონებას ფლობს მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რომელიც ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რომელიც ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს

2014 წელს ირაკლი შოთაძის მთლიანმა შემოსავალმა დაკავებული თანამდებობიდან, 91 044 ლარი შეადგინა

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად 14 წევრიდან შოთაძის კანდიდატურას 13 წევრმა დაუჭირა მხარი. შერჩეულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, კანდიდატი საბოლოო არჩევისთვის პარლამენტს წარედგინება. კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირაკლი შოთაძის, ვლადიმერ გაბრიჭიძის და ნანა რევაზიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, რომელთაც 19 ნოემბერს საპროკურორო საბჭოში გაესაუბრნენ, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში მართავდა საჯარო კონსულტაციებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

საბოლოოდ კი მთავარი პროკურორის კანდიდატურად ირაკლი შოთაძე აირჩიეს, რომელიც, როგორც ამბობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია და მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. ახლა ის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. მოყოლებული მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის სეცვლიდან, მედიაში გამოითხმოდა ვარაუდი, რომ მთავარ პროკურორობას ირაკლი შოთაძეს უპირებდნენ, რაც ცხადად ჩანს, რომ აუცილებლად გამართლდება.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის ხელფასი  9594 ლარია. ამას გარდა, 2014 წელს ირაკლი შოთაძის მთლიანმა შემოსავალმა დაკავებული თანამდებობიდან, 91 044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება უძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით ირაკლი შოთაძის სახელზე რეგისტრირებული არ არის უძრავი ქონება. მისი მეუღლის, ნინო გოტიაშვილის სახელზეა გაფორმებული 1092.00 კვ.მ მიწის ფართობი თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ალგეთში და 87.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი იმავე სოფელში. შოთაძის მშობლების სახელებზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ოზურგეთის რაიონში და მიწის ნაკვეთი და ბინები თბილისში.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა