ვინ მისცემს მსოფლიო ბანს პირველ და მეორე ხმას?! - კვირის პალიტრა

ვინ მისცემს მსოფლიო ბანს პირველ და მეორე ხმას?!

"თუ რაიმე მოხდება და ცხოვრება მანახებს, რომ ჩემი გზა პოლიტიკაა, მე ამას გავაკეთებ"

"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ირაკლი ალასანიასთან და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს არ უარყოფს.

(იხილეთ ასევე: აი, მესამე ხმაც მოვედი! - ბურჭულაძის ბანი პოლიტიკაში და ამბავი "ნაციონალების" კბილის კვეთისა)

"მე კონსულტაციები ყველასთან მქონდა", - განუცხადა ბურჭულაძემ დღეს ჟურნალისტებს, "საქართველოს განვითარების ფონდის" დაფუძნების შემდეგ.

გარდაიქმნება თუ არა "საქართველოს განვითარების ფონდი" პოლიტიკურ ძალად და აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ამას ცხოვრება აჩვენებს.

"არასოდეს მიფიქრია, ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, თუმცა, ცხოვრებამ მე მომცა შანსი და მე გამოვიყენე. მე მინდოდა, ვყოფილიყავი ქველმოქმედი, თუ რაიმე მოხდება და ცხოვრება მანახებს, რომ ჩემი გზა პოლიტიკაა, მე ამას გავაკეთებ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატურას, პაატა ბურჭულაძის თქმით, ამის შესახებ დეტალურად ფონდის პრეზენტაციაზე ისაუბრებს, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

"დღეს ჩამოყალიბდა ფონდი, მე ვახორციელებ შეხვედრებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე - შიგნით. ფონდი იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ გაჩნდა იდეა, ადამიანზე იყოს ზრუნვა და კეთილდღეობა, სწორედ ამის გარშემო შეიქმნა ფონდი, დანარჩენს ფონდის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის თქმით, მან გააუქმა ყველა საკონცერტო კონტრაქტი, რაც ფონდის გასაძლიერებლად გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"