"ეს არის სატყუარა საქართველოსთვის" - გაამარტივებს თუ არა რუსეთი ჩვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმს? - კვირის პალიტრა

"ეს არის სატყუარა საქართველოსთვის" - გაამარტივებს თუ არა რუსეთი ჩვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმს?

"რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა და ჩვენი მოქალაქეები თუკი ისარგებლებენ ამ უფლებით, ცუდი რატომ იქნება? რატომ უნდა ჰქონდეს დაბრკოლება ადამიანებს შორის ურთიერთობას"

გუშინ პრაღაში ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატით მორიგი შეხვედრა გაიმართა. რუსეთთაან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მუშაობა გააგრძელოს.

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხი დღესდღეობით არ განიხილება, თუმცა განიხილება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი.

"როგორც მოგეხსენებათ, ქართულ მხარეს რუსეთის მოქალაქეებისთვის გაუქმებული აქვს სავიზო რეჟიმი. თავის მხრივ ძალინ მკაცრი სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან ომის შემდეგ. თუმცა, დღესდღეობით არ განიხილება უვიზო მიმოსვლის საკითხი, განიხილება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. ასე რომ, უვიზო მიმოსვლა არ არის საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აყენებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების ან ერთ ან მეორე ფორმატში, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ რუსეთში საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ საკითხის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესი შეიძლება არსებობდეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე - სპიკერი:

"დიდი ხანია ამ საკითხზე მიდის ლაპარაკი. რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა და ჩვენი მოქალაქეები თუკი ისარგებლებენ ამ უფლებით, ცუდი რატომ იქნება? რატომ უნდა ჰქონდეს დაბრკოლება ადამიანებს შორის ურთიერთობას? ჩვენ არასოდეს გადავალთ წითელ ხაზსს, ანუ ჩვენს მიზნებს - ბრძოლას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვის, მაგრამ ადამიანებს აუკრძალო თავისუფალი გადაადგილება, ეს არ არის სწორი.

"ჩემი აზრით, ეს საკითხი არავითარ შემთხვევაში ხელს არ შეუშლის ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს, პირიქით, ევროპა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს იმ მოზომილ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ჩვენ რუსეთთან მიმართებით ვაწარმოებთ და არამც და არამც ეს არ უნდა იყოს განხილული ვიზალიბერალიზაციის საწინაააღმდეგო ნაბიჯად, ეს ამ საკითხის არასწორი შეფასებაა".

ნუგზარ წიკლაური, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

"რუსეთთან უვიზო რეჟიმი 2008 წლის ომის შემდეგ გამოვაცხადეთ, რითაც ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ჩვენ გვქონდა პრობლემა არა მოქალაქეებთან, არამედ ხელისუფლებასთან, რომელიც ახორციელებდა ოკუპაციას საქართველოს წინააღმდეგ. ახლა, როდესაც ამდენი დრო გავიდა და რუსეთის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, ვფიქრობ ეს არის ძალიან გაურკვეველი ფორმულირება. ეს არის ევროპულ ვიზალიბერალიზაციაზე არაადეკვატური პასუხი და უფრო მეტად ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და გარკვეული სატყუარაა ქართული მხარისათვის.

რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივება და ევროპული ვიზალიბერალიზაცია ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს როგორც რუსეთში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და ჩვენთვის ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს, მისასალმებელია, მაგრამ არ მგონია, რომ რუსეთის მხრიდან ეს რეალურად განხორციელდეს, ეს არის სატყუარა ქართული მხარისათვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ევროპულ კავშირთან ვიზის ლიბერალიზაციას იწყებს".

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა