ალექსანდრე ქართველი - აშშ-ის ავიამშენებლობის პიონერი, რომლის მემკვიდრეობამაც პრემიერის შვილები აღაფრთოვანა (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ქართველი - აშშ-ის ავიამშენებლობის პიონერი, რომლის მემკვიდრეობამაც პრემიერის შვილები აღაფრთოვანა (ფოტოგალერეა)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია და ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.

იხილეთ ფოტოგალერეა: პრემიერ-მინისტრი შვილებთან ერთად ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ გამოფენაზე

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები.

"ალექსანდრე ქართველი არის გამორჩეული გენიოსი ავიაკონსტრუქტორი და ნოვატორი, რომელმაც ისეთი თვითმფრინავები შექმნა, რითაც დღემდე ამაყობენ ამერიკელები. დღესაც აქტიურად გამოიყენება ამერიკულ ავიაციაში მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, რომ გვყავდა ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ბუმბერაზი ადამიანები. მათ ასახელეს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიოში შექმნეს ინოვაციური პროექტები და განახორციელეს ნოვატორული იდეები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი, რომლის ნამდვილი გვარი ქართველიშვილია, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერია. თავდაპირველად იგი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში მუშაობდა, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების "Bernard" და "Ferbois" შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. მოგვიანებით ალექსანდრე ქართველი ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში.

ალექსანდრე ქართველმა და ცნობილმა ინჟინერმა ალექსანდრე სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა.

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.