"თუ ნიანგმა შენი მტერი შეჭამა, არ გეგონოს, რომ ნიანგი შენი მეგობარია" - რას წერენ თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებაზე "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"თუ ნიანგმა შენი მტერი შეჭამა, არ გეგონოს, რომ ნიანგი შენი მეგობარია" - რას წერენ თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებაზე "ფეისბუკში"

დღეს მთელი მსოფლიოს განხილვის მთავარი თემა თურქეთის ავაიგამანადგურებლების მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი და კონფლიქტის ახალი კერაა.

(იხილეთ: "ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ომს არავინ აპირებს!" - თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო - პირველი კომენტარები, ანალიზი, პროგნოზი)

ცხადია სჯა-ბაასს არც საქრათველოში ჩამორჩნენ. გთავაზობთ რამდენიმე საგულისხმო სტატუსს "ფეისბუკიდან":

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი:

"ცხადია, არანაირი ომი არ იქნება - შიზოიდი პუტინიც კი ვერ გაბედავს ალიანსის "ნა პროჩნისტ" გამოცდას...

ისე კი, ჩვემში დარჩეს და, თურქეთი ძალიან ღირსეულად მოიქცა.

იმიტომ კი არა, რომ წინასწარ განჭვრიტა პუტინის ბაქი-ბუქი და არა უმეტეს, არამედ იმიტომ, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს... თურქეთმა რაც გააკეთა, კონცეპტუალური მოვლენაა... ისტორიული... რუსეთის უძლეველობის მითის დამმსხვრევი... კიდევ იმ მითისა, რომ რუსეთს ყველაფერი გასდის!

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ჩვენც დავამსხვრიეთ ეს მითი - ხელი ავარტყით, გენერალი ხრულოვი კუდამოძუებული გავაბრუნეთ, ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა, ვიძახეთ და... თვითმფრინავებიც ჩამოვუყარეთ.

ჩვენ მიგვსაჯა...

მერე რა.

ფეხზე ჯერაც ვართ... და ეს პუტინიც არაა კაშჩეი - როცა იქნება, გავა გაღმა, მარილზე... ხოლო ჩვენ კი, როცა იქნება, თურქეთივით დაგვიცავს იმ დროისათვის ალბათ 30 სახელმწიფო".

პაატა ქურდაძე, მწერალი, დოკუმენტალისტი:

"მაინც რა ინფანტილური უნდა იყო (უფრო მძაფრი გამოთქმის ხმარება არ მინდა) გეგონოს, რომ თუ თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, საქართველო ამით მოგებული დარჩება. ამას მე ლუარსაბ თათქარიძის დიპლომატიას დავარქმევდი, მაგრამ ვინ მეკითხება?"

ოლეგ, პანფილოვი, ჟურნალისტი:

"დავაწესოთ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები თურქეთის საწინააღმდეგოდ! - ეს ყველაზე სასაცილო რამაა, რაც კი დღეს წავიკითხე... თუმცა თუ თურქეთს გავწმენდთ რუსი "პრასტიტუტკებისგან" თურქი მამაკაცების ნაწლი ალბათ მოიწყენს".

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"რუსეთ-თურქეთის უხერხულობებში, ქართველები უფრო თურქეთის მხარეს გულშემატკივრობენ თითქოს... აი, ამაზე უნდა დაფიქრდნენ რუსები... როგორ მოახერხეს და დაიმსახურეს ეს. რომ არა რუსეთის მუდმივი მტრობა ჩვენდამი, ჩვენი გულშემატკივრობა მათკენ შესაძლებელია ყოფილიყო

ერთ-ერთ "ფეისბუქელს" აქვს მოყვანილი აფრიკული ანდაზა: "თუ ნიანგმა შენი მტერი შეჭამა, არ გეგონოს, რომ ნიანგი შენი მეგობარია"... საგულისხმოა რუსეთ-თურქეთის თემაზე მსჯელობისას".