"ისლამური რადიკალიზმის საფრთხე საქართველოში გარედან არის პროვოცირებული" - როგორ აფასებენ უცხოელი ექსპერტები ვიდეომუქრას - კვირის პალიტრა

"ისლამური რადიკალიზმის საფრთხე საქართველოში გარედან არის პროვოცირებული" - როგორ აფასებენ უცხოელი ექსპერტები ვიდეომუქრას

"ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართულ ენაზე გავრცელებული ვიდეო რგოლის სავარაუდო გზავნილებზე, რადიკალიზმის გავრცელებასა და ქართველი მუსლიმების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამერიკის ხმამ ექსპერტების შეფასებები მოისმინა.

"ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის ინფორმაციით, ილან ბერმანი ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და აღნიშნულ საკითხებში განსწავლული მკვლევარია. მაირბეკ ვაჩაგაევი კი ჩეჩენი ისტორიკოსია, ამჟამად ვაშინგტონში არსებული ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი და სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი.

გამოცემის ინფორმაციით, თუ რა დგას ქართულ ენაზე გავრცელებული ვიდეო მიმართვის უკან და როგორ უნდა აღიქვან ის საქართველოში, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გზავნილი მრავალმხრივია.

ილან ბერმანი:

"ისლამური სახელმწიფოს ვიდეო მიმართა ნათელი სიგნალია იმისა, რომ ეს ორგანიზაცია სტრატეგიულ ხედვას აფართოებს სირიისა და ერაყის საბრძოლო ტრაექტორიის მიღმა იქ, სადაც მას პოტენციალი და ინტერესი აქვს პოლიტიკური სტრუქტურების დამხობის მიზნით. ასე ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში. ახლა, გზავნილი საქართველოსადმი აშკარა ინდიკაციაა რომ ეს ორგანიზაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეს აკვირდება და გაფართოებას ცდილობს. პარიზსა და სხვაგან განვითარებული მსგავსი თავდასხმების შემდეგ დავრწმუნდით, რომ ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინაამდეგ სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში არ არის კონცენტრირებული, არამედ ევროპისა და ევრაზიის რეგიონებში მიმდინარეობს. ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის ეგიდით, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს და ამ დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას შეამცირებს, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდება, თუმცა საქართველოს ჩართულობა გლობალურ ძალისხმევაში ამ ქვეყანასაც მოუტანს სარგებელს, რამეთუ ტერორის ქსელის ბრძოლისუნარიანობის შეზღუდვა მის გავრცელებასაც აღმოფხვრის საქართველოში".

ვაჩაგაევს კი მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ქართველებმა პანიკისგან თავი უნდა შეიკავონ და რომ ვიდეო რგოლის გავრცელება და მისი მესიჯი, სავარაუდოდ, არ გულისხმობს "ბოევიკთა" მყისიერ მოქმედებებს. ვაჩაგაევი დარწმუნებულია, რომ ანალოგიურ გზავნილებს "ისლამურ სახელმწიფოს" შეფიცული სხვადასხვა ეროვნების წევრები მთელს მსოფლიოში აგზავნიან და ეს ერთგვარი მოვალეობაა ყველასთვის, ვინც "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ქვეშ ერთიანდება.

მაირბეკ ვაჩაგაევი:

"ყველაფერი ეს უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ დაჯგუფების ყველა უცხოელმა წევრმა ერთგვარი ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რას ეკეთებს ხალიფ აბუ ბაქრ ალ ბაღდადის სამსახურში. ამ ტიპის ჩანაწერი მე აღვიქვი, როგორც "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი წევრების პროპაგანდა".

რადიკალიზმის ნიშნების გადატანას პანკისის საზღვრებს მიღმა და შესატყვისი მუშაობის საჭიროებას საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან, ორივე ექსპერტი ანალოგიური ხასიათის განცხადებებით ეხმიანება:

ილან ბერმანი:

"ისლამური რადიკალიზმის, და არა ჯიჰადის, საფრთხე საქართველოში მხოლოდ გარედან არის პროვოცირებული. რა თქმა უნდა, ბოლო ათი წელია პანკისის ხეობაში ისლამური რადიკალების შესვლით დღევანდელმა სიტუაციამ მოიგო და ერთგვარად, ამ ახალი ნაკადის წევრებიც პანკისის სიტუაციამ მოამზადა. მაგრამ, მუსლიმი თემი არც ისე დიდია, და როგორც ჩანს ყველა ეს ადამიანი "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებას არ ფიქრობს. ვიტყოდი პირიქით: ის, რაც ხდება, პირველ რიგში "ისლამური სახელმწიფოს" ამბიციის გამოვლინებაა, რომ მას რეგიონული ხალიფატის შექმნა სურს და უნდა რეგიონის მთავრობები გააფრთხილოს, რომ სწორედ ასეთი ზრახვები ამოძრავებს.

რაც შეეხება ქართული საზოგადოებისა და მთავრობის გამოხმაურებას: მე გეტყვით, რომ "ალ-ქაიდა" და "ისლამური სახელმწიფო" განსაკუთრებით იმიტომ გაძლიერდნენ, რომ ქვეყნებში მუსლიმებს შესატყვისი შესაძლებლობები არ გააჩნდათ, ისინი არც საკმარისად ინტეგრირებული ყოფილან საზოგადოებაში. რაც არ უნდა მცირე ზომის იყოს საქართველოს მუსლიმური თემი, გასაკეთებელი ბევრია იმისთვის, რათა ამ თემმა თავი სრულად რეალიზებულად, ინტეგრირებულად იგრძნოს ქვეყნის ცხოვრებაში".

მაირბეკ ვაჩაგაევი:

"საუბარი იმაზე, თუ როგორ შეწყვიტონ მსგავსი გზავნილების გავრცელება ან ის, რომ სპეცსამსახურები რაღაცას აკეთებენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, არასერიოზულია და ისინი ქართველი ხალხის ყურადღებას არ იმსახურებს. არც სპეცსამსახურებმა, არც არავინ მთავრობაში არ იცის რასთან აქვს საქმე. ერთადერთი საღი აზრი, რომელიც არსებობს ამ თემასთან მიმართებაში პატრიარქმა ილია მეორემ გააჟღერა, რომელმაც ბრძანა, რომ არ ღირს ისლამის, როგორც რელიგიის გაშავება და რომ ტერორისტებს რელიგია ან ეროვნება არ გააჩნიათ. სხვა სიტყვებით, ქართული საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს არაკორექტული ბრალდებებისგან ისლამის მიმართ.

რაც შეეხება საჭირო ძალისხმევას, საქართველოში უნდა იბრძოლონ თითოეულიახალგაზრდა ადამიანის გადასარჩენად, და გააცნობიერონ, რომ თითოეულ ადამიანს მთელმა საზოგადოებამ უნდა უშველოს, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ის მარტო არ დარჩეს, როცა საზოგადოებისგან იმედგაცრუებული აღმოჩნდება. სასურველი იქნებოდა, რომ მთელი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება გადაერთოს მუსლიმებით დასახლებულ რაიონებზე იმისთვის, რათა მათ [მუსლიმების თემმა] თავი საზოგადოების პასუხისმგებლიან ნაწილად იგრძნოს და მათ, როგორც ქვეყნის მოქალაქეებმა, დაინახონ სამოქალაქო საზოგადოების შემხვედრი ინტერესი და პასუხისმგებლობა.

არის თუ არა კანონზომიერება იმაში, რომ ერთი შეხედვით მშვიდობიან საქართველოში მცირერიცხოვანი მუსლიმ თემს ამდენად რადიკალური შეხედულებები ახასიათებს.

სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ისლამთან მიმართებაში არ არის თანმიმდევრული. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუსლიმების წინააღმდეგ არანაირ ზომებს არ მიმართავს, მაინც, ის თვალს ხუჭავს ფსევდოპატრიოტების მოქმედებებზე ეკლესიის მხრიდან.

წინწყაროში, მოხში, ქობულეთში მომხდარი შემთხვევები კარგი მაგალითია, თუ როგორ აძლევს მთავრობა დროს საზოგადოების ერთ ნაწილს აბუჩად აიგდოს მეორე მხარე, და ეს მაშინ, როცა ორივე მხარე ქართველია. მინდა კარგად გამიგონ მართლმადიდებლებმა: თითოეული ასეთი აქცია მორიგ, რადიკალურად განწყობილ ადამიანს აყალიბებს.

მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ შეინარჩუნოს ისტორიულად დამახასიათებელი ტოლერანტობა და არ მისცეს საკუთარ თავს უფლება ჩაერთოს დისკუსიაში, თუ რომელი ისლამია კარგი ან ცუდი. დაე თითოეულმა ქართველმა თანამემამულეში სწორედ ქართველი დაინახოს და არა იმით განსაჯოს ის, თუ რა აღმსარებლობის არის ეს ადამიანი. და ბოლოს, მე ვფიქრობ პანკისი და აჭარა გახდება ის ხიდი, რომელიც ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს".

"ინტერპრენიუსი"