ვინ ცდილობს პრეზიდენტისა და მსოფლიო ბანის დისკრედიტაციას, ანუ რა შეიძლება აკავშირებდეს სააკაშვილს, მარგველაშვილსა და ბურჭულაძე?! - კვირის პალიტრა

ვინ ცდილობს პრეზიდენტისა და მსოფლიო ბანის დისკრედიტაციას, ანუ რა შეიძლება აკავშირებდეს სააკაშვილს, მარგველაშვილსა და ბურჭულაძე?!

"შეიძლება მათ რაღაც ინფორმაცია ჰქონდეთ, რომ ის "ნაციონალები", ვინც უშუალო მონაწილე არ ყოფილა იმ საშინელებისა, რასაც ეს გუნდი 9 წლის განმავლობაში აკეთებდა, ბურჭულაძის ნავში გადასხდომას აპირებენ"

უკრაინული "ვიკილიქს ცენტრის" მიერ გამოქვეყნებული, კიდევ ერთი მასალის მიხედვით, რომელიც ამავე წყაროს მტკიცებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერია, ექსპრეზიდენტი ზურაბ ადეიშვილს რამდენიმე თემაზე ესაუბრობა, - მათ შორის, პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ "საქართველოს განვითარების ფონდზე". მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას თავისიანები "მიაბა" და "მესამე ძალად უნდა ააგორონ", რასაც პროპაგანდას "რუსთავი 2" გაუწევს და უშუალოდ "გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარპროგრამას". გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც ახსენებენ, - საუბრის თემა გიგი უგულავას და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა დაკავებული წევრების შეწყალებაა, - საუბრის მიხედვით, პრეზიდენტი "ვანოს და სხვების" შეწყალებისთვის მზად არის, თუმცა, სათანადო პოლიტიკური გარემოს შექმნას ელოდება...

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ვახტანგ ძაბირაძე, სააკაშვილი-ადეიშვილის საუბრის შინაარსს წინასწარ დაგეგმილ სატყუარად მიიჩნევს. მისივე თქმით, შესაძლოა, ეს ყველაფერი საუბარში ნახსენები პიროვნებების დისკრედიტაციას ემსახურებოდეს...

ვახტანგ ძაბირაძე:

- მას შემდეგ, რაც უკრაინულ "ვიკილიქსზე" სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მონაწილეობით არაერთი ჩანაწერი გავრცელდა, ადვილი მისახვედრია, რომ სააკაშვილამდე ეს ინფორმაცია მივიდოდა, ანუ უკვე ეცოდინება, რომ მის ტელეფონს უსმენენ. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ თუ რამე იგეგმება და კეთდება დაფარულად, სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ ორგანიზებული, ბურჭულაძეს და ამ ხალხის პოლიტიკაში "მესამე ძალად" მოვლენას ვგულისხმობ, ისინი ასეთ თემებზე ტელეფონით არ ისაუბრებდნენ, რადგან მათ "საიდუმლო გეგმას" ყველა მოისმენდა. თუმცა, თუკი ეს საუბარი მართლაც შედგა, ამას სულ სხვა გზავნილი აქვს, - თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პერსონის ჩაძირვა ან დისკრეტიდატაცია გინდა, ის "ნაციონალებთან" ან უფრო უკეთესი, სააკაშვილთან ალიანსში უნდა "ამხილო". ასე რომ, ძალიან დიდი ალბათობით, ის რაც გამოქვეყნდა, მუშაობს ბურჭულაძისა და მისი გუნდის საწინააღმდეგოდ და არა - პირიქით. იგივეს ვიტყოდი გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებითაც, - ძალიანაც რომ უნდოდეს პრეზიდენტს გიგი უგულავასა და სხვა "ნაციონალების" შეწყალება, თუ ამას გააკეთებს, საზოგადოების თვალში, როგორც პრეზიდენტი, საერთოდ განულდება და მისი პოლიტიკური პერსპექტივა დასამარდება... ეს ყველაფერი იმდენად აშკარაა და ხელის გულზე დევს, რომ სოციოლოგიური გამოკითხვაც კი არ სჭირდება. ამიტომაც, ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც ვითომ საიდუმლო შეთანხმებები მიმდინარეობს მსოფლიო ბანისა და პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათ, როგორც ოპონენტებს აქედანვე ანეიტრალებს?

- საქმე ის არის, მათი განეიტრალებით, უფრო სწორად კი, დისკრედიტაციით, ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს დაინტერესებული, მათ შორის, "ნაციონალებიც", თუნდაც იმიტომ, რომ ამ პარტიაში რღვევის პროცესი უკვე დაიწყო და ეს ბზარი თანდათან გაიზრდება. ამას ისიც ემატება, რომ არჩევნები მოდის და საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კიდევ პრობლემები შეიქმნება, შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცეების ჩამოშორებაც გარდაუვალი გახდეს. ამ დროს კი, ასეთი ერთი შეხედვით, უწყინარი მეთოდებით, მიდის სავარაუდო კონკურენტის ჩამოშორებაც, სავარაუდო კონკურენტი კი, შესაძლოა, ბურჭულაძე იყოს, რადგან შეიძლება მათ რაღაც ინფორმაცია ჰქონდეთ, რომ ის "ნაციონალები", ვინც უშუალო მონაწილე არ ყოფილა იმ საშინელებისა, რასაც ეს გუნდი 9 წლის განმავლობაში აკეთებდა, ბურჭულაძის ნავში გადასხდომას აპირებენ. სწორედ ამის პრევენციას ახორციელებენ სააკაშვილი, ადეიშვილი და დანარჩენები, რათა მათ ამის საშუალება მისცენ.

- თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე უკრაინაში მართლაც შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, გარდა ამისა, თვითონვე თქვა, რომ ირაკლი ალასანიასთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა...

- სააკაშვილთან ურთიერთობაზე უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას, - დავიწყოთ იქიდან, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ბურჭულაძის ფონდი ვერ მოასწრებს სრულფასოვან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას, ამიტომ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება, ეს თუ არ იციან, ძალიან ცუდია მათთვის. თუ მათ ჰგონიათ, რომ პოლიტიკური ძალის ბრძოლისუნარიანად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ დაფინანსება და ლიდერია მთავარი, ასევე ძალიან ცუდია, რადგან ამ საქმეს ძალიან ბევრი რამ სჭირდება. ასე რომ, თუ მათ არ აქვთ გარანტია იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, ეს იქნება "ქართული ოცნება" ან ალასანიას პარტია, იქნებიან, ჩემი კეთილი რჩევაა, პარტიის მშენებლობა გააგრძელონ და არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ... ისე კი, მართლაც არ გამოვრიცხავ, რომ პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი ალასანიას ალიანსი შედგეს, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბანი კოალიციის წევრობას ვერ მოახერხებს. ფაქტია, რომ მათ კიდევ რაიმე ძალასთან ურთიერთობა სჭირდებათ... თუ ბურჭულაძე ოპოზიციაში წავა, ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, რომ "თავისუფალ დემოკრატებთან" ალიანსში ვიხილოთ, რადგან თავის მხრივ ალასანიას გუნდსაც სჭირდება ბურჭულაძესთან გაერთიანება...

დანამდვილებით არ ვიცი, როგორია ბურჭულაძის შიდა პოლიტიკური გეგმები,  მაგრამ მისი გუნდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ის ჯგუფია, რომელსაც გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია ექნება და რაც მთავარია, ისევე, როგორც ალასანია, ეს ხალხი ზომიერი პოლიტიკის მომხრეა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)