საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა - კვირის პალიტრა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

ირაკლი შოთაძემ გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა. ახალმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა.

იხილეთ ასევე: რა ქონებას ფლობს მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რომელიც ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს

საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ძირითადად ყურადღება წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გაამახვილეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება და, წინა მთავარი პროკურორების ანალოგიურად, შოთაძეც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება.

ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, პოზიციები მხოლოდ დეპუტატებმა გამოხატეს, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსი"