1 ლარი და 18 თეთრი კალორიული სადილის ერთი ულუფისთვის საკმარისი ყოფილა - საკრებულოს წევრის სკანადალური განცხადება - კვირის პალიტრა

1 ლარი და 18 თეთრი კალორიული სადილის ერთი ულუფისთვის საკმარისი ყოფილა - საკრებულოს წევრის სკანადალური განცხადება

"კვირის პალიტრას" დედაქალაქის საკრებულოში განუცხადეს, რომ სიუჟეტი ეთერში არასწორი ინტერპრეტაციით გავიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, "კურიერში" უფასო სასადილოებზე გასულმა სიუჟეტმა და ამ სიუჟეტში საკრებულოს დეპუტატის, რიმა ბერაძის კომენტარმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია უფასო სასადილოებზე, სადაც ბიუჯეტით განკუთვნილი თანხა საკმარისი არ არის. სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოებში მენიუ თითო კაცზე 1 ლარი და 18 თეთრი ჯდება, რაც სასადილოში მომუშავე პერსონალის თქმით, საკმარისი არ არის.

"თბილისის საკრებულოს უმრავლესობას შენიშვნები უფასო სასადილოების ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, არ აქვს. რიმა ბერაძეს მიაჩნია, რომ დღეში ერთხელ საკვები კალორიების დაცვით ხორციელდება, რის გამოც, 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია. დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილებები ბიუჯეტში მაინც ვერ განხორციელდება, რადგან ხელშეკრულება მიმწოდებელ კომპანიასთან 3 წლის განმავლობაში ცვლილებებს არ ითვალისიწინებს", - ნათქვამია სიუჟეტში.

"ერთ ლარსა და 18 თეთრში თავიდან ბოლომდე არის გათვლილი კალორიულობა, ის, რაც საჭიროა... ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გვაქვს", - ამბობს დეპუტატი რიმა ბერაძე "კურიერში" გასულ სიუჟეტში. დეპუტატის სწორედ ამ ფრაზამ გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება.

გასული სიუჟეტის შემდეგ, რიმა ბერაძის ბიურომ განცხადება გააკეთა, რომელსაც თან იმ მენიუს სურათი დაურთო, რომელშიც უფასო სასადილოში სადილის ერთჯერადი ნორმაა გათვალისწინებული:

"რუსთავი 2-ზე გასულმა გუშინდელმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა სოციალურად დაუცველთა ერთჯერადად კვებას ცხელი სადილით, სადაც ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია 1. 18 თეთრი, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ამასთან დაკავშირებით, თქვენ გეძლევათ საშუალება გაეცნოთ მენიუს, რომელშიც სრულად არის მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადილის ერთჯერადი ნორმა.ვცდილობთ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

"კვირის პალიტრას" დედაქალაქის საკრებულოში განუცხადეს, რომ სიუჟეტი ეთერში არასწორი ინტერპრეტაციით გავიდა. ამ საკითხზე საკრებულოს პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.

"გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი და მასზე დაყრდნობით, რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის საკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბენეფიციართა კვება წლების განმავლობაში რეგულირდება "დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სასადილოებით მომსახურეობის შესყიდვის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის N 33.46 დადგენილებით, სადაც კვების რაციონი ექსპერტთა მიერაა განსაზღვრული.

რიმა ბერაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის განკუთვნილი უფასო სასადილოების მუშაობაზე, ბენეფიციართა კვებაზე, კალორიულობაზე, მონიტორინგზე და სატენდერო პირობებზე საუბრობდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან საუბარში, საკრებულოს დეპუტატის რიმა ბერაძის მიერ ნათქვამი ფრაზა: "ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია" - საკვების კალორიულობასა და სერვისის მონიტორინგს ეხებოდა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 3 940 000 ლარით გაიზარდა.

სამწუხაროა, რომ რიგმა მედიასაშუალებებმა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

აქვე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ფრაგმენტულად ამოღებული ინფორმაციის ტირაჟირება არ მოახდინეს და ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საკრებულოს შესაბამის სამსახურს მიმართეს", - ნათქვამია განცხადებაში.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა