რუსეთი თუ თურქეთი? - კვირის პალიტრა

რუსეთი თუ თურქეთი?

ვერ გეტყვით ასე რატომ დადგა საკითხი საქართველოში, მაგრამ ფაქტია, მას შემდეგ რაც თურქეთმა რუსულ თვითმფრინავს ბუთქა, საქართველოში ძალიან ბევრს დარდობენ, ერთმანეთს რომ დასცხონ, ჩვენ ვისი მხარე უნდა დავიჭიროთო? - ერთმა ტელევიზიამ ინტერაქტივიც კი მიუძღვნა ამ თემას და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მისი მაყურებლების 80-მა პროცენტმა თქვა, რუსეთის მხარეს უნდა დავდგეთო.

თურქეთმა ერთი თვითმფრნავი ჩამოუგდო და მთელი რუსეთი მზადაა უარი თქვას ყველაფერ თურქულზე, აღარ წავიდნენ თურქულ კურორტებზე და პროდუქციის შემოტანაც კი აუკრძალონ, აღარ იყიდონ თურქული წარმოების ტანსაცმელი და ა. შ. ჩვენ კიდევ ტერიტორიების 20 პროცენტი წაგვართვა, უამრავი ადამიანი დაგვიხოცა, უფრო მეტი სახლებიდან გამოგვიყარა და უარს არათუ რუსულ პროდუქციაზე და რუსეთთან ვაჭრობაზე ვერ ვამბობთ, პირიქით ისევ იქეთ ვეტენებით და ვეხვეწებით ჩვენი პროდუქცია იქნებ იყიდოო, ხოლო მოსახლეობის ნაწილი, როგორც გაირკვა, საერთოდ, მზადაა მისი მხარე დაიჭიროს.

ჯერ ერთი, რუსეთ-თურქეთის ომი ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან კუნთმაგარმა ვალოდია პუტინმა მშვენივრად გადაყლაპა სილა, რომელიც ერდოღანმა გააწნა და მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით ცდილობს სახის შენარჩუნებას. მეორეც, თუ ომი დაიწყება, ეს არ იქნება რუსეთ-თურქეთის ომი. თურქეთი ნატო-ს წევრია და ეს რუსეთ-ნატო-ს ომი იქნება და ასეთ პირობებში, რომ ქართველი რუსეთის მხარეს ირჩევს, უკვე ეტყობა, როგორც აზროვნებს.

ამ პოზიციას იმით ამართლებენ, რომ თურქეთიც ისეთივე ოკუპანტია, როგორც რუსეთიო და მანაც არანაკლები ტერიტორიები წაგვართვა და ხვალაც შეიძლება მოინდომოს ჩვენი გადაყლაპვაო. კი, ეს ყველაფერი მართალია, კი პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები და დღეს ვინც შენი მტერია, ხვალ შეიძლება შენი მეგობარი გახდეს და პირიქით. პოლიტიკაში პარტნიორს იმის მიხედვით ირჩევ, ვისთანაც შენი ინტერესები იკვეთება და საქართველო ასეთი ლავირებით გადარჩა სწორედ.

ეს რომ ასეა, სწორედ ამიტომ არის არაადეკვატური დღეს საუბარი თურქეთის მიერ მიტაცებულ მიწებზე, რომელთა ნაწილიც თავის დროზე ბიზანტიამ წაგვართვა და მერე ბიზანტიას წაართვა თურქეთმა. არაადეკვატურია, რადგან პოლიტკაში გადაწყვეტილებას უპირველესად იღებ არა იმის მიხედვით, თუ რა იყო გუშინ, ან რა იქნება მომავალში, არამედ იმის მიხედვით, თუ რა არის დღეს. რა თქმა უნდა, წარსულიც უნდა გაითვალისწინო და მომავალშიც უნდა გაიხედო, მაგრამ მოქმედებ დღეს და აქ. დღეს კი ვითარება ასეთია: შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ ტაო-კლარჯეთი ჩვენია, ხოლო თურქები ფიქრობენ, რომ აჭარა მათია, მაგრამ ერთმანეთს ამ პრეტენზიებს არ ვუცხადებთ, შეთანხმებული ვართ საზღვრებზე და არ ვომობთ, პირიქით ვმეგობრობთ. რაც შეეხება რუსეთს, მასთან ომი არა ორასი, ან სამასი წლის წინ, არამედ 7 წლის წინ გვქონდა, ჩვენს თაობას ქონდა, ჩვენ თაობას წაართვა ტერიტორიები. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გვივლებს მავთულხლართებს ჩვენს მიწაზე და აშენებს სამხედრო ბაზებს. ანუ თურქეთთან ომი ეს არის ისტორია, ხოლო რუსეთთან ომი - დღევანდელობა. რა თქმა უნდა, ისტორია უნდა გვახსოვდეს, მაგრამ დარდი სამასი წლის წინ დაკარგულ ტეორტორიებზე, სადაც მცხოვრებ ქართველებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება აზრადაც კი არ მოსდით და ამით მანიპულირება იგივეა, ახლა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ყველაფერი რომ მოვითხოვოთ. ეს ტერიტორიებიც ხომ იყო ერთ დროს ჩვენი, მაშინ დავდგეთ და მოვითხოვოთ საქართველოს აღდგენა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! რატომ არ ვაკეთებთ ამას?! იმიტომ, რომ უაზრობაა, ხომ? - ზუსტად ასეთივე უაზრობაა დღეს თურქეთისთვის ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება. გაერო-მ ჩვენ იმ საზღვრებში გვაღიარა, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ვიყავით. მსოფლიო დღესაც ამ საზღვრებში გვაღიარებს და მხარს უჭერს ჩვენს სურვილს აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე კონტროლის აღდგენასთან დაკავშირებით, ამიტომ პირველ რიგში იმის დაბრუნება უნდა ვეცადოთ, რაც ჩვენ დავკარგეთ და მერე ვიფიქროთ წინაპრების დაკარგულის დაბრუნებაზე.

შესაბამისად, დღეს ვითარება ასეთია: რუსეთი არის მოქმედი მტერი, თურქეთი კი ყოფილი მტერი, რომელიც დღეს მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. არსებობს შანსი, რომ ხვალ ვითარება შეიცვალოს და მაგალითად თურქეთმა თავისი იმპერიალისტური ზრახვების განხორციელება გადაწყვიტოს? არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? მეგობარს წინასწარ ხომ არ ეჩხუბები იმის გამო, რომ შეიძლება როდესმე რაღაც დაგიშავოს. სანამ შენი მეგობარია, ისარგებლე ამით და გაარჩიე მტრისგან, ხოლო სარწმუნოება აქ მთავარი სულაც არაა. რუსეთს არ უშლის ხელს ერთმორწმუნეობა, რომ დედა გვიტიროს და ჩვენ რატომ გვიშლის ხელს, რომ დედა მაინც ვაგინოთ?

მერაბ მეტრეველი