რას ამბობს ლევან მურუსიძე გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე და რატომ არ ახსოვს "ქართუ ბანკის" საქმე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ლევან მურუსიძე გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე და რატომ არ ახსოვს "ქართუ ბანკის" საქმე?

"ზოგი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" მარჯვენა ხელიაო, ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლად მიმიჩნევს"

სააპელაციო სასამართლოში სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლის, ლევან მურუსიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მურუსიძე 2005 წელს უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უკანონოდ გათავისუფლებისა და 2012 წელს "ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემაშიც ფიგურირებდა, თუმცა აცხადებს, რომ თავის დროზე, კანონიერი განაჩენები გამოიტანა... "კვირის პალიტრის" კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი ლევან მურუსიძე პასუხობს:

- სასამართლო სისტემაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი რომ მაქვს, ამაში უკანონო არაფერია - მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად აბსოლუტური უმრავლესობით ამირჩია და მათ მხარდაჭერას დღემდე ვგრძნობ. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, თითოეულს ვურჩევ, ჩემი წარსული გაითვალისწინონ.

- სწორედ თქვენი წარსულიდან შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაგმენტს - მაშინ, როდესაც სულხან მოლაშვილის წამების ამსახველი ფოტოები პრესაში გავრცელდა და საერთაშორისო ორგანიზაციები დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეთ. მოგვიანებით, მოლაშვილი სტრასბურგის სასამართლომაც გაამართლა და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა...

- სტრასბურგის სასამართლო საქართველოზე ბევრად განვითარებული ქვეყნების, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოსამართლეების საქმეებსაც განიხილავს და ხელახალ გამოძიებასაც ითხოვს, მაგრამ იქ თავში აზრადაც არავის მოუვა, ამის გამო მოსამართლეს სასამართლო სისტემის დატოვებისკენ მოუწოდოს. მოლაშვილის საქმე ორ ეტაპად უნდა გავყოთ, წამებით მოპოვებულ ჩვენებებს სასამართლო არ უნდა დაეყრდნოს, მაგრამ ამ კონკრეტულ საქმეში არსებობდა სხვა მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის გამოტანისას გავითვალისწინეთ. წამების ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო პირის მიმართ ავტომატურად გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო?

- როგორც მოსამართლემ, ადამიანის წამება უგულებელყავით...

- საქმეში წამებაზე საუბარი არ ყოფილა, რატომ არ გამოიძია ეს საქმე დღემდე სახელმწიფომ? სხვა პატიმრებიც ამბობდნენ, რომ ციხეში აწამებდნენ, მაგრამ ზეპირი მოსაზრებები სასამართლომ განაჩენზე უნდა ასახოს?

სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მსგავსი საკითხები თავად გამოიძიოს. მოლაშვილის მიმართ განაჩენი სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვაზე დავაყენე და არა წამებაზე. კანონიერი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- გირგვლიანის საქმეზეც სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როდესაც მკვლელობაში მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირეთ?

- კანონიერი გადაწყვეტილება გამოვიტანე, თუმცა კანონიერსა და სამართლიანს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც უზენაესში საქმე შემოვიდა, დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული. შესაბამისად, ორი ვარიანტი გვქონდა - ან ეს პირები გაგვემართლებინა, ან გადაწყვეტილება ძალაში დაგვეტოვებინა. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმე ხელახალ გამოძიებაში დაებრუნებინა. თანაც ამ პერიოდში კანონში განხორციელდა ცვლილება, თუ პირის ტანსაცმლის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება და ის დაზიანდა, ეს არ ითვლებოდა მნიშვნელოვან დანაკარგად. სწორედ ამიტომ მსჯავრდადებულებისთვის აღნიშნული მუხლი უნდა მოგვეხსნა, შედეგად ოთხივე პიროვნებას პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირდა.

იმის გამო, რომ საზოგადოება განსხვავებულად ფიქრობდა, კანონიერი გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო?!

თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არასწორადაა გასაჩივრებული, უზენაეს სასამართლოს მისი შეცვლის უფლება არა აქვს. თუ ნებისმიერი იურისტი მეტყვის, რომ საკასაციო ინსტანციას ჰქონდა დაზარალებულის ადვოკატის საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ბოდიშს მოვიხდი, სასამართლო სისტემიდან წავალ და საჯარო სივრცეში საერთოდ არ გამოვჩნდები.

- სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიგითითათ, რომ დამამძიმებელი გარემოებები არ გაითვალისწინეთ და მსჯავრდადებულების მიმართ არაადეკვატური განაჩენი გამოიტანეთ. ან საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე რატომ განიხილეთ?

- ამ საქმის თავმჯდომარე მოსამართლე მე არ ვიყავი, სწორედ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე გამოვიტანოთო.

- კიდევ ერთი საქმე მიიღო სტრასბურგმა წარმოებაში - 2005 წელს უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის გათავისუფლებაზეც არ გრძნობთ პასუხისმგებლობას? ბედის ირონიით, მოგვიანებით, თქვენ მიერ გათავისუფლებული ნინო გვენეტაძის მოადგილე გახდით.

- როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი, მიმაჩნდა, რომ კანონის შესაბამისად ვიქცეოდი. არაერთი ფაქტი არსებობს, როდესაც პასუხისგებაში მიცემული პიროვნება უდანაშაულო აღმოჩენილა, ან პირიქით, სასამართლოს დამნაშავე გაუთავისუფლებია, თუმცა მოსამართლე ყოველთვის ისე უნდა მოიქცეს, როგორც ამას შინაგანი რწმენა კარნახობს.

- საქმეც ისაა, რომ დღემდე არც ერთ გახმაურებულ საქმეზე გადაცდომას არ აღიარებთ და სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებას ითხოვთ.

- თეორიულად ყველას შეიძლება შეეშალოს. ზოგადად, ამ თემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

- თქვენ მიერ განხილულ საქმეებს?

- საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. მოსამართლემ თუ იმაზე იფიქრა, საზოგადოებისთვის მისაღები გადაწყვეტილება გამოიტანოს, ის მოსამართლედ ვერასოდეს შედგება.

- "ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემაშიც შინაგანი რწმენით მოქმედებდით?

- არ მახსოვს, ამ საქმეში ვიყავი თუ არა.

- თქვენი გადაწყვეტილებით ვინმე ვარდუკაძეს მიეცა შესაძლებლობა, იძულებითი აღსრულების გზით ბანკიდან 711 831 ლარი უკანონოდ მიეღო, ეს საქმე არც კი გახსოვთ?

- არ მახსოვს. საერთოდ, მოსამართლეების დანიშვნაზე ყველას სხვადასხვა აზრი აქვს, ზოგი ამბობს, 26 მაისს დაკავებული პირების მოსამართლეებს სააპელაციოში ნუ ნიშნავთო, "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ვინც განაჩენი გამოიტანა, სააპელაციო სასამართლოში რატომ აწინაურებთო. რომელი მხარის პოზიცია გავითვალისწინოთ? გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭო იღებს და უპირობოდ უნდა მივიღოთ! თუ მსგავს დამოკიდებულებას არ შევეჩვევით, სასამართლო ვერასოდეს განვითარდება. მაშინ გადაისინჯოს საქმეები და დამნაშავეები დაისაჯონ.

- ორი წლის განმავლობაში დისციპლინურ საქმეში არ იხილავთ არც ერთ საჩივარს და მოსამართლეების გადაცდომები როგორ უნდა გამოვლინდეს?

- ვიხილავთ, უბრალოდ, იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილება ათი ხმით მიიღება, თანაც ხშირ შემთხვევაში, საჩივრებში ნათქვამია, რომ მოსამართლემ განაჩენი დროულად არ გამოიტანა ან განხილვა დააგვიანა. მხოლოდ რვა საქმეზე ვერ შევთანხმდით, 300-ზე მეტზე კი შევჯერდით, რომ დარღვევა არ არსებობდა.

- არაერთი საეჭვო განაჩენის გამოტანის შემდეგ, რატომ ფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლის სტატუსს იმსახურებთ?

- იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე 150 მოსამართლე ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა, მეტის მოყვანაც შემეძლო. მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანი, მათ პოლიტიკური გავლენებისგან დავიცავ.

- იქნებ ახლა იმ მოსამართლეებზე საუბრობთ, რომლებიც ასევე გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდნენ და ერთგვარ ფარად სჭირდებით?

- ეჭვი ყველაფრის მიმართ შეიძლება არსებობდა. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მიზანმიმართული დისკრედიტაცია კი ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.

- სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებზე საბოლოო განაჩენი დგება - არსებობს ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მასთან დაახლოებული მოსამართლეების სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას არჩევნებში მათ საკუთარი ინტერესების გამოსაყენებლად ცდილობს.

- ზოგი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" მარჯვენა ხელიაო, ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლად მიმიჩნევს. მთავარია, დამოუკიდებელი მოსამართლეების გვერდით დავრჩე, თუ იუსტიციის საბჭო სხვაგვარად გადაწყვეტს, მერწმუნეთ, არ დავიკარგები.

რუსუდან შელია