"თუ სახელმწიფო გამაცნობს ქარდავასნაირ "ჯალათს", სხვების დასაჭერადაც გავცემ თანხებს!" - რა უნდა ქართულ პოლიტიკაში კიევის ექსმერს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"თუ სახელმწიფო გამაცნობს ქარდავასნაირ "ჯალათს", სხვების დასაჭერადაც გავცემ თანხებს!" - რა უნდა ქართულ პოლიტიკაში კიევის ექსმერს (ექსკლუზივი)

"საქართველო ჩემი ბედია!.. ჩვენ ვიბრძოლებთ ძალაუფლებისთვის"

"პოლიტიკოსი უნდა იყოს ოდიოზური"

ქობულეთში დასახლებული კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აანონსებს - გეგმები საკმაოდ ამბიციური აქვს, საქართველოს შვეიცარიულ მოდელზე მოწყობას გეგმავს. რატომ გადაწყვიტა ოფიციალურმა მილიარდერმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლა და რომელ პოლიტიკურ ჯგუფს მოიაზრებს პარტნიორად? - "კვირის პალიტრის" კითხვებს კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ექსკლუზიურად პასუხობს:

- პოლიტიკაში მოსვლა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას აქ, საქართველოში ვაპირებ! საქართველო ჩემი ბედია! 64 წლის ვარ და არ ვიცი რამდენ აქტიურ ცხოვრების დღეს მაჩუქებს კიდევ უფალი, მაგრამ ტკივილით ვუყურებ იმას, რომ დღესდღეობით საქართველო არაკომფორტულია მისი მოქალაქეთა უმეტესი ნაწილისთვის. ვერც იმას ვუყურებ, რომ საქართველოში სიღარიბე და სამუშაო ადგილების სიმცირეა. პარლამენტიც არაპროფესიონალურად მუშაობს. რად ღირდა თუნდაც კანონი ჩამოსულთათვის ვიზების გაცემის შესახებ, რომელიც დიდი დარტყმა იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის და სავარაუდოდ, ინფლაციის ძირითადი მიზეზიც გახდა.

ვიფიქრე, რომ რადგან მსგავსი ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება მაქვს, შემიძლია საქართველოს ისეთი კანონები შევთავაზო, რომელთა რეალიზება უკრაინაში, კიევში, ვერ მოვახერხე. ოლიგარქებისა და ძირითადად იანუკოვიჩის მხრიდან ჩემს მიმართ დიდი კრიტიკის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქის, კიევის, მერის თანამდებობაზე ყოფნისას მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება მოვახერხე. პირველ რიგში ვიტყვი მთავარს: ხელმძღვანელობის პირველივე წელს ქალაქის ბიუჯეტი ხუთჯერ, წელიწადში ერთი მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე გავზარდე. შევქმენი კიევის მოსახლეობასთან კონტაქტის პირდაპირი ხაზი ქოლ-ცენტრისა და სპეციალურად გამოყოფილი სატელეფონო ხაზის მეშვეობით. დღეში მოქალაქეებისგან, დაახლოებით, 11 000 მიმართვას ვღებულობდი, რომლებსაც პირადად ვწყვეტდი და პასუხისმგებლობებს რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა მეშვეობით ვანაწილებდი. ყოველ კვირას, კიევის მოსახლეობას ტელევიზიის მეშვეობით კითხვა-პასუხის რეჟიმში უშუალოდ ვეკონტაქტებოდი და ყველა მიმდინარე პრობლემას ადგილზევე ვაგვარებდით. ლიკვიდაცია მოვახდინე ბევრი, ფაქტობრივად, ქურდული არაბიუჯეტური ფონდებისა და გავყიდე წამგებიანი კომუნალური საწარმოების უმეტესობა. უკრაინაში ჩავატარე მიწის პირველი უქციონები, რამაც ბიუჯეტს მილიარდობით ჰრივნა მოუტანა. უკრაინის ისტორიაში პირველად ბიუჯეტის უზარმაზარი ზრდის ხარჯზე, 600 ათას პენსიონერისთვის პენსია 25 დოლარით გავზარდეთ. აღარ ვამბობ იმას, რომ დედაქალაქის მასწავლებლებისა და სამედიცინო მუშაკებისთვის დამატებითი თანხები გაიცემოდა. ქალაქის მმართველობაში ძველი ჩინოვნიკების ნაცვლად, ახალგაზრდა და განათლებული ადამიანები ჩავრთე. ამასთან, კიევში ყველა არალეგალური კაზინო გავაუქმე. ამ ყველაფრის ფონზე, კიევში ჩემი რეიტინგი იმდენად გაიზარდა, რომ მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეებისათვის პრობლემა გავხდი - მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი არჩენები დანიშნეს,

ჩემი მმართველობის ერთი წლის შემდეგ, კვლავ მე გავიმარჯვე და იმაზე მეტი ხმა დავაგროვე, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად! 2010 წელს კი, იანუკოვიჩმა კიევში ხელისუფლების უზურპაცია შეძლო და ქალაქის მმართველობა მის მიერ დანიშნულ ადამიანს გადასცა. სწორედ ამიტომ თანამდებობა დავტოვე.

- ვიდრე უშუალოდ თქვენ კიევურ საქმიანობაზე გადავიდოდეთ, საინტერესოა, საქართველოში რა გეგმები გაქვთ, ცალკე პარტიას ქმნით, თუ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლებთ? თქვენი მიზანიც დაგვიკონკრეტეთ - პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას აპირებთ?

- უკრაინულ პარლამენტში მარტო ყოფნისას, უფრო მეტი კანონ-პროექტი შემოვიტანე, ვიდრე ყველა პარლამენტარმა ერთად. თუ ღვთის წყალობა იქნება ვიმუშაო უმრავლესობაში, მაშინ ყველა ჩემი კანონი დამტკიცდება! რაც შეეხება პოლიტიკურ პარტნიორებს, მხოლოდ პატრიოტულ და პროგრესიულად განწყობილ, განათლებულ და ჭკვიან მოქალაქეებთან ვიმუშავებ - ადამიანებთან, რომლებსაც პოლიტიკაში ანგარება არ ამოძრავებთ. ვისაც უყვარს ჩვეულებრივი ადამიანები და მათ პრობლემებს ხედავს! განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდებს მივაქცევთ და პოლიტიკაში ახალ სახეებს მოვიყვანთ! ვინ არიან ჩვენი მტრები? პოლიტიკაში მტრები არ გვყავს და ეს პრინციპულია! ჩვენ ვიბრძოლებთ ძალაუფლებისთვის, მაგრამ ევროპული მეთოდებით, კონკურენტების წინააღმდეგ რაიმე ინტრიგების და პროვოკაციების გარეშე! არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ პოლიტიკურ მოღალატეებთან - ადამიანებთან, ვინც სხვადასხვა საბაბის გამო ერთი ფრაქციიდან მეორეში გადადიოდა. ასევე მათთან, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. იმათთან, ვინც ქართველ ხალხში უკანონო ქმედებებით ავრცელებდა შიშს: აქვე ვაწესებ ჯილდოს 150 000 ლარის ოდენობით, ვინც პოლიციაში მოიყვანს მეგის ქარდავას. ასევე იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას ძარცვავდა ქართველ ხალხს მაღალი ფასებით გაწეულ მომსახურეობაზე, როგორც ეს ხდებოდა ნავთობისა და ფარმაცევტულ საკითხებში. პირადად მივცემ ამ თანხას ჩემი ჯიბიდან!

- კიდევ რომელ ყოფილ მაღალჩინოსანში გადაიხდით თანხად? მოგეხსენებათ, სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც ქვეყნის გარეთ იძებნებიან.

- ჯერჯერობით, ქარდავასნაირ "ჯალათს" არავის ვიცნობ, მაგრამ თუ სახელმწიფო გამაცნობს და მე დავინახავ რეალურ მტკიცებულებებს - სხვების დასაჭერადაც გავცემ თანხებს!

- არაერთხელ ითქვა იმაზე, რომ თქვენ მეგობრობთ "ნაციონალური მოძროაბის" ლიდერებთან, რომლებმაც საქართველოში თავშესაფარი მას შემდეგ მოგცეს, რაც თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით უკრაინელ სამართალდამცავებს კითხვები გაუჩნდათ...

- ამ კითხვით ცდილობთ მომაყენოთ შეურაცხყოფა! არასდროს მიმეგობრია "ნაციონალური მოძრაობის" არცერთ წევრთან! ჩემი მეგობრები - კლასელები არიან! პოლიტიკაში კი, მეგობრები არ არსებობენ! უკრაინელ სამართალდამცავებს არასდროს ჰქონიათ ჩემს მიმართ "ინტერესი", და მე არსად არ ვეძებდი პოლიტიკურ თავშესაფარს! ძალაუფლებს წასართმევად იანუკოვიჩმა ჩემ წინააღმდეგ ყველა საინფორმაციო მასმედია ჩართო, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მან ვერ შეძლო! მოგეხსენებათ, მე პროკურორიც ვიყავი და ყოველთვის მკაცრად ვიცავ იმ ქვეყნის კანონებს, სადაც ვიმყოფები!

- კიევის მოქმედი მერი ბრალს გდებთ, რომ კიევში მიწები არაკანონიერად შეისყიდეთ, რის გამოც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. სწორედ ამ ბრალდებით გაგათავისუფლათ კიევის მერის თანამდებობიდან იუშჩენკომ.

- კიევში ერთი სანტიმეტრიც მიწაც კი არ მაქვს საკუთრებაში, სხვაგვარად მას იპოვიდნენ. როგორც მდიდარ ადამიანს, პრივატიზაციისა კანონიერი უფლება მქონდა, თუმცა პრინციპულად არ ვყიდულობდი არაფერს.. არავის გავუთავისუფლებივარ, საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვების განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ჩემს "ფეისბუკგვერდზე" და უკრაინულ პრესაში.

- ფაქტია, რომ უკრაინაში დღემდე ოდიოზურ პიროვნებად ითვლებით, თქვენი განცხადებები ხშირად კრიტიკის საგანი ხდებოდა. თქვენ გეკუთვნით ფრაზები - "მე შემიძლია დღეში მილიონი დოლარი გამოვიმუშავო. ვინ მღერის ჩემზე უკეთ? არავინ, ღმერთის გარდა", "ისინი ყოველთვის მიწოდებდნენ გიჟს. გიჟი ის ხალხია, რომელიც ვერ ხვდება, რომ მომავალი ეკუთვნის მას, ვინც არ არის სტანდარტული"... როგორ ფიქრობთ, ქართული საზოგადოება დადებითად მიიღებს თქვენს პოლიტიკურ აქტივობას?

- პოლიტიკოსი უნდა იყოს ოდიოზური, როდესაც საუბარი მიდის იდეების ცხოვრებაში დანერგვის შესახებ, რომლებისთვისაც ის იბრძვის, სხვაგვარად ის უნებისყოფო კაცია. ქართული საზოგადოება, დარწმუნებულივარ, დადებითად მიმიღებს!

- საქართველოს მოსახლეობა, როგორც პოლიტიკოსს, ფაქტობრივად, არ გიცნობთ. რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი ამომრჩევლებმა?

- მათ ვპირდები ზრუნვას თითოეულ ადამიანზე, რომელსაც არ აქვს სამსახური ან პენსიაზეა, და არ იცის რით იყიდოს ხვალ ლუკმა-პური!

- სხვათა შორის, ქობულეთში თქვენი პანსიონის გამო სახელმწიფომაც 3,000 ლარით დაგაჯარიმათ.

- ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს აბსურდული გადაწყვეტილება! თუ კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ისურვებენ საკუთარი ხარჯებით ბავშვთა სახლის გახსნას, მათ უნდა წაახალისონ, და არა დააჯარიმონ! თბილისის ქუჩებში ათიათასობით არასრულწლოვანი მათხოვარია, მათ სჭირდებათ ბავშვთა სახლები, და არა სამინისტროს სულელური გადაწყვეტილებები! მათ სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა, სხვაგვარად, თბილისის ქუჩებში - ულამაზესი ქალაქის ქუჩებში - მალე შეუძლებელი იქნება სიარული, ზუსტად ისე, როგორც ხდება ღარიბ არაბულ და აფრიკულ ქვეყნებში!

- რატომ არ ასახელებთ კონკრეტულ პირებს, ვისთანაც პოლიტიკურ თანამშრომლობას გეგმავთ?

- ჯერჯერობით ეს საიდუმლოა!

- საინტერესოა, იცნობთ თუ არა ბიძინა ივანიშვილს და თუ გქონიათ მასთან საქმიანი ურთიერთობა?

- არასოდეს შევხვედრივარ, თუმცა ბევრი მსმენია...

- პარტიას "ბედნიერი საქართველო" რატომ დაარქვით და საერთოდ, როგორია თქვენ წარმოდგენაში "ბედნიერი საქართველო"?

- მე მოვიარე მთელი მსოფლიო და ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის და მეწარმეებისათვის შვეიცარიაზე უფრო ბედნიერი ქვეყანა არ მინახავს. ასე წარმომიდგენია საქართველოც, მეორე შვეიცარიად. ახალ პარლამენტს შევთავაზებ უბრალოდ იმპლემენტაცია მოახდინოს (დააკოპიროს) მათი მთავარი სოციალური და ბიზნესკანონები! არაფრის მოფიქრებაც კი არ არის საჭირო!

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)