Die Welt: ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინასთან სავიზო რეჟიმს 2016 წელს გააუქმებს - კვირის პალიტრა

Die Welt: ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინასთან სავიზო რეჟიმს 2016 წელს გააუქმებს

ევროკავშირმა 15 დეკემბერს უნდა დადოს საბოლოო დასკვნა, სადაც დადებითად იქნება შეფასებული ევროკომისიის ანგარიში საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე

გერმანული გაზეთის, Die Welt-ის ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს, საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლა 2016 წლის შუა პერიოდისთვის შემოიღოს.

"უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნისთვის 2016 წლის შუა პერიოდიდან იქნება გამოყენებული", - აცხადებს გამოცემის წყარო. თუმცა მისივე ინფორმაციით, 2016 წლის გაზაფხულამდე უკრაინას დასჭირდება გააუმჯობესოს გარკვეული მიმართულებები, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირმა 15 დეკემბერს უნდა დადოს საბოლოო დასკვნა, სადაც დადებითად იქნება შეფასებული ევროკომისიის ანგარიში საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე. ტექნიკური ანგარიშის შემდეგ კი, ვიზალიბერალიზაციის შემოღებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გაზეთი განმარტავს, რომ ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს, ევროკავშირის ტერიტორიაზე 3 ან 6 თვის განმავლობაში ყოფნას, ამასთან, მათ ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლება არ ექნებათ.