"კოალიციაში ვიღაცებს მოლანდებები დაეწყოთ" - როგორ პასუხობს ჯაჭვლიანი იმათ, ვისაც მისი პარლამენტში ყოფნა არ მოსწონს - კვირის პალიტრა

"კოალიციაში ვიღაცებს მოლანდებები დაეწყოთ" - როგორ პასუხობს ჯაჭვლიანი იმათ, ვისაც მისი პარლამენტში ყოფნა არ მოსწონს

"მე არსად წავალ !"

"რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე სამართლიანობის აღდგენა და ქონების დაბრუნება? რატომ არ დაისაჯდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდნენ? მეტიც, მათი ნაწილი დღეს თანამდებობებზეა"

ბოლო პერიოდში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით განსაკუთრებით გააქტიურდა

- უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცყოფისთვის ფულადი ჯარიმის დაწესებას ითხოვს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი საუბრობს:

- არავინ იფიქროს, რომ ჩემი ინიციატივა მხოლოდ მართლმადიდებლების უფლებების დაცვას გულისხმობს. კანონი სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც შეეხებათ. მაგალითად, ყველას გვახსოვს მუსულმანების სალოცავის კარზე ღორის თავი რომ ჩამოკიდეს, ეს ისევე მიუღებელია როგორც პატრიარქის შეურაცხყოფა. ვიღაცამ ისიც თქვა, პატრიარქი გეიაო... რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ევროპულ ქვეყნებშიც დასჯადია.

-ქვეყანაში დისკრიმინაციული კანონი უკვე მოქმედებს. რატომ გადაწყვიტეთ, თქვენ დამატებითი რეგულაციების ინიციატივით გამოსულიყავით?

- ჩემი ინიციატივა კანონში მეტ კონკრეტიკას შეიტანს -რელიგიური სიწმინდეებისა თუ მორწმუნეების შეურაცხყოფა სამასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 600 ლარით უნდა ისჯებოდეს. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვთქვა, რაც ენაზე მომადგება. ხომ ხედავთ ევროპაში რა ხდება? ეს ყველაფერი ნელ-ნელა საქართველოსაც უახლოვდება.

- დააკონკრეტებთ, რა უახლოვდება საქართველოს?

- უკვე გითხარით -ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ შეიძლება-მეთქი და ეს ბოლო პერიოდშიც კარგად გამოჩნდა.

- ისე, თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს -თეოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება გვინდა თუ სეკულარულში?

- ხალხს ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ. თუ ამის აუცილებლობა დადგება, რატომაც არა?!

- თქვენ იცით, რას ნიშნავს თეოკრატიული წყობის სახელმწიფო?

-ვიცი... პირადად მე, არავის არაფერს ვუბრძანებ, მაგრამ თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, ჩემ პოზიციას ამის შემდეგ დავაფიქსირებ.

- ისე, ფაქტია, რომ პოლიტიკოსების ნაწილი პოლიტიკური მიზნებისთვის ეკლესიის სახელის გამოყენებას ცდილობს -თქვენც ამ მიზნით ხომ არ დაიწყეთ რელიგიურ გრძნობებზე ლაპარაკი?

- მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო ინიციატივას გავახმაურებ. სხვათა შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ჟურნალი გამოსცა, სადაც 73 მაჟორიტარ დეპუტატს შორის ბიუროში წერილებისა და მოქალაქეების მიღების რაოდენობით პირველ ადგილზე ვარ. თურმე 5 500 წერილზე გამიცია პასუხი.

მერე რა, რომ პარლამენტში მართლაც იშვიათად დავდივარ. ვცდილობ დრო იმ ადამიანებს დავუთმო, რომლებსაც ჩემთან შეხვედრის სურვილი აქვთ, მაგრამ გლდანში 140-150 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დღეში 100 ადამიანს რომც შევხვდე, 150 ათას ადამიანთან გასაუბრებას მაინც ვერ მოვახერხებ. ამიტომ არ არის გამორიცხული, ვიღაცები უკმაყოფილონი იყვნენ. მეტსაც გეტყვით - რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ პარლამენტში 120 იურისტი და ეკონომისტი მუშაობს. მსახიობებიი და სპორტსმენები მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელები ვართ. გეკითხებით, ამდენი იურისტისა და ეკონომისტის მუშაობის ქვეყანას რამე ეტყობა? ხელოვანებისა და სპორტსმენების დამსახურებით საქართველოს იცნობენ მაინც. ვიღაცები ჯორდანო ბრუნოობას რომ ცდილობენ, ქვეყანას საამისო არაფერი ემჩნევა.

- ახლა დავით უსუფაშვილზე მიანიშნებთ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დაიჩივლა -მსახიობები და სპორტსმენები აღარ გვინდა, იურისტები მჭირდებაო?

- ყველას ვგულისხმობ. საერთოდ, ადამიანს, როდესაც სათქმელი არაფერი აქვს, უსაფუძვლო ბრალდებებზე გადადის. ყველამ თავის თავს მიხედოს, აქ სხვებზე ნაკლები არავინაა. მწყდება გული, რომ დრო ასეთ საუბრებზე იკარგება, რეალური საქმე კი, გაუკეთებელი რჩება. მაგალითად, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე სამართლიანობის აღდგენა და ქონების დაბრუნება? რატომ არ დაისაჯდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდნენ? მეტიც, მათი ნაწილი დღეს თანამდებობებზეა. ამაზე ყოველთვის ვლაპარაკობდი. თუ ვინმეს ჩემი ყოფნა არ მოსწონს პარლამენტში, შევახსენებ, მე არჩეული დეპუტატი ვარ. თანაც წინ არჩევნებია და ვისაც ხალხი ჩათვლის საჭიროდ, ისევ იმას აირჩევს. სხვათა შორის, არჩევნების წინ არავისთვის დამიძალებია, გინდათ თუ არა, ხმა მე მომეცით-მეთქი.

- მომავალ საარჩვენო სიაში თქვენ ადგილს ხედავთ?

- 2012 წელსაც კოალიციაში ჩემი ინიციატივით არ მივსულვარ, დამიძახეს, ბრძოლაში გვჭირდებიო და მივედი. თუ მომავალ არჩევნებშიც ჩათვლიან, რომ გუნდს ვჭირდები და ეს ის გუნდი იქნება, რომელიც ყველა კრიტერიუმით დამაკმაყოფილებს, აუცილებლად ჩავერთვები.

- ფიქრობთ, რომ 2016 წელს "ქართულ ოცნებას" დაჭირდებით?

- კოალიციაში განსხვავებული აზრებია, ყველას თავისი შეხედულებები აქვს და ეს საზოგადოებაშიც კარგად ჩანს. ჯერჯერობით, არ ვიცი, სიებზე შიგნით ვინმე საუბრობს თუ არა. მხოლოოდ ჭორაობის დონეზე მესმის ვიღაცებზე. სხვათა შორის, პარლამენტში მყოფი ადამიანები, სპორტსმენი იქნება თუ მსახიობი, ყველა დამსახურებული პიროვნებაა. ამ შემთხვევაში ჩემ თავს არ ვგულისხმობ. პარლამენტის გარეშეც ისინი საკუთარ საქმიანობას წარმატებით გააგრძელებენ, სახელმწიფოს დახმარება კი ის იქნება, რომ მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელი არავინ შეუშალოს.

- ისე, ვინ აკმაყოფილებს თქვენ პოლიტიკურ კრიტერიუმებს, ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე?

- მე არსად წავალ, ვინც ამბობს, რომ "ქართუ;ლი ოცნებიდან" სხვა პოლიტიკურ ძალას შევუერთდები, თავად წავიდნენ. როგორც ჩანს, კოალიციაში ვიღაცებს მოლანდებები დაეწყოთ. ზოგადად, შიგნით ჩემი პოზიციის დაფიქსირებას არასოდეს ვერიდები. ინაშვილთან და კვიციანთან კი, მხოლოდ იმიტომ მივედი, რომ მათთან ერთად 9 წელი ვიბრძოდი. ისიც კარგად ვიცი, რას ნიშნავს შიმშილობა... მე ჩემი გუნდი მაქვს, რომელსაც "ქართული ოცნება" ქვია. სხვათა შორის, კარგი "რესპუბლიკელებიდან" დავით უსუფაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- სხვა "რესპუბლიკელებთან" არ კონტაქტობთ?

- კონფლიქტი არავისთან მაქვს. როგორც გითხაროით, აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)