ვინ იღებდა პატიმრების გათავისუფლებაში ფულს?! - "უნდა დაიკითხონ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ სხვებიც" - კვირის პალიტრა

ვინ იღებდა პატიმრების გათავისუფლებაში ფულს?! - "უნდა დაიკითხონ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ სხვებიც"

"არაჯანსაღი დაინტერესება კონკრეტული მსჯავრდებულის "გინდა თუ არა შეწყალებასთან" დაკავშირებით, აღძრავს დამატებით კითხვებს, ეჭვებს და ამაზე აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებაც ინფორმირებული"

მას შემდეგ, რაც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ,  ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, დღეს ამ თემაზე ელისაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. დღესვე დაკითხვაზე დაიბარეს შეწყალების კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი ზვიად ქორიძეც.

დაკითხვიდან გამოსული ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი პირველი რიგის ამოცანაა, "დაისაჯონ ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებით ცდილობდნენ ფული ეშოვნათ".

ალეკო ელისაშვილი:

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ეხება "ქართული ოცნების" გავლენიანი მაღალჩინოსნების მხრიდან ფულის აღებას პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, პირადად მივაწოდე გიორგი გოგაძეს და გიორგი ბადაშვილს, თუმცა, გოგაძეს დღეს არ ეყო ვაჟკაცობა, ეს ეღიარებინა. არ ველოდი, რომ მათ არ აღმოაჩნდებოდათ ღირსება, ეს დაედასტურებინათ, მაგრამ არის მეორე მომენტიც - გოგაძეს რომ ჩემგან ინფორმაციის მიღება ეღიარებინა, მაშინ ცალკე გამოძიება უნდა დაწყებულიყო გულგრილობის ფაქტზე, რაც მათ რეალურად გამოავლინეს. აქედან გამომდინარე, გოგაძემ არ აღიარა ეს. ის რეალურად არ არის პროკურორი, როგორიც ქვეყანას საჭირდება. ეს არის სამარცხვინო ადამიანი. პირველ რიგში, უნდა დაისაჯონ პოლიტიკოსები, რომლებიც ფულის აღებით ცდილობდნენ პატიმრების გათავისუფლებას, მეორე რიგის ამოცანა კი არის ის, რომ რადგან გოგაძე ასეთი უსირცხვილო და ლაჩარია, მისი და ბადაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება გულგრილობის ფაქტზე. მე გამომძიებელს ვუთხარი ამ პოლიტიკოსების გვარები. ზვიად ქორიძეც დაიკითხება ამ საქმეზე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც, ასევე ეს პოლიტიკოსებიც. ვფიქრობ, რომ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და კიდევ სხვები".

პატიმრების შეწყალების თემაზე ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა შეწყალების კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე.

"როდესაც ცალკეული დეპუტატისგან, პოლიტიკოსისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისგან კონკრეტული წერილები მოგვდის, ეს ნორმალურად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ მსჯავრდებულები მათაც მიმართავენ და ისინი წერილებს ჩვენთან ამისამართებენ. თუმცა, ხშირად გაუგებარი რჩება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული მსჯავრდებულის საქმე განსახილველია იმიტომ, რომ იგი უსამართლოდ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში - ჩვენ სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი არ ვართ, ჩვენ ვართ შეწყალების მექანიზმი. ასევე არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც საკმაოდ არაჯანსაღი ინტერესი არსებობს ამა თუ იმ მსჯავრდებულის მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არაჯანსაღი დაინტერესება კონკრეტული მსჯავრდებულის "გინდა თუ არა შეწყალებასთან" დაკავშირებით, აღძრავს დამატებით კითხვებს, ეჭვებს და ამაზე აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებაც ინფორმირებული, იმიტომ, რომ არ შეიძლება დაჟინებით ერთი და იმავე მსჯავრდებულების თემით იყოს დაინტერესებული პოლიტიკოსი ამდენი წლის განმავლობაში. მე თავს შევიკავებ კონკრეტული პოლიტიკოსების და ბრალდებულების დასახელებისგან, თუმცა არაერთხელ გამიკეთებია მინიშნება ცალკეული უწყების მიმართ, რომ როდესაც კითხვის ნიშნები ჩნდება, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ. სამწუხაროდ ეს ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ხდება, ამიტომ კითხვის ნიშნები რჩება".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით