"ნუ მაფიქრებინებთ, რომ ჩემი საწინააღმდეგო კამპანიისას ფასადად გიყენებენ" - ელისაშვილი ყოფილ პოლიტპატიმრებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ნუ მაფიქრებინებთ, რომ ჩემი საწინააღმდეგო კამპანიისას ფასადად გიყენებენ" - ელისაშვილი ყოფილ პოლიტპატიმრებს მიმართავს

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, სკანდალური განცხადებები გააკეთა, ყოფილ პოლიტპატიმრებს "ფეისბუკის" საშულებით მიმართავს:

"ყოფილ პოლიტპატიმრებს მინდა მივმართო, რომელთაგანაც არაერთი ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია - რატომ მიიღეთ თქვენ თავზე ჩემი ნათქვამი? მე რამდენიმე ოდიოზურ ადამიანზე ვთქვი, რომლებიც ჩემი და არამარტო ჩემი ეჭვით სიაში ფულის გადახდის შემდეგ მოხვდნენ. განა გასაგებად არ ვამბობ - რამდენიმე ადამიანის სიაში მოხვედრა იწვევს ეჭვს და არა ყველასი. ვისაც მე პატივს ვცემდი და ვცემ იმათ მინდა ვთხოვო - მაცალეთ არაპოლიტპატიმრებთან, არამედ სხვა მსჯავრდებულებთან დაკავშირებული კონკრეტული საქმე მივიყვანო ბოლომდე. ნუ მაფიქრებინებთ, რომ ჩემი საწინააღმდეგო კამპანიისას ფასადად გიყენებენ. ამ კამპანიის მიზანი ჩემი მთავარი ძალისხმევიდან ყურადღების გადატანაა, კამპანიას ორკესტრირებას კი სწორედ ის კუდამწვარი, აფოფინებული ბინძური პოლიტიკოსები უწევენ. დაფიქრდით მეგობრებო!" (წყარო)

შეგახსენებთ, მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს სამი საათი ჰკითხავდნენ. ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნდა, ისევე, როგორც ეს გააკეთა წელიწადნახევრის წინ, როდესაც მთავარ პროკურორს გადასცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია... მან ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა:

"პროკურატურას უკლებლივ ყველა ინფორმაცია გადავეცი იმ რამდენიმე გავლენიან პოლიტიკოსზე, რომლებიც ამჟამადაც ხელისუფლებასა და "ქართული ოცნების" რიგებში არიან. ისინი დაჟინებით ცდილობდნენ ჩემზე გავლენის მოხდენას საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რათა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გვერდის ავლით და ამ წესების გარეშე განმეხილა რამდენიმე პატიმრის ბედი და ისინი ჩემი ძალისხმევით პრეზიდენტს შეეწყალებინა".

იხილეთ ინტერვიუ სრულად