ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში ფულით სავსე ჩემოდნით დააკავეს?! - კვირის პალიტრა

ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში ფულით სავსე ჩემოდნით დააკავეს?!

"ეს არის პასუხი იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების და იმ გაქცეული თუნდაც იანუკოვიჩის დროინდელი ჩინოვნიკების, რომლებსაც უნდათ, რომ ეს რეფორმების პროცესი შეაჩერონ"

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე "ბორისპოლის" აეროპორტში 4 მილიონი დოლარის გატანის მცდელობისას დააკავეს.

"ორი კვირის წინ უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე საფრანგეთში ქმართან მიემგზავრებოდა, რადგან ფეხმძიმედ არის და ორ თვეში უნდა იმშობიაროს. ბორისპოლში საბაჟოზე ის დააკავეს ფულით სავსე ჩემოდნით, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები 4 მილიონი აშშ დოლარი იყო. შესაბამისი ორგანოების კითხვაზე, მადამ ზღულაძემ ღიმილით უპასუხა, რომ ეს მისი პირადი ნივთებია, ფული კი პარიზში სამედიცინო პროცესის ორგანიზებისთვის სჭირდებოდა".

ზახარჩენკოს ინფორმაციით, ზღულაძემ ბორისპოლში 4 საათი გაატარა, რა დროსაც თავის ხელმძღვანელს, მინისტრ არსენი ავაკოვს ურეკავდა, რომელმაც ყოფილი მინისტრის თქმით, თავისი გავლენა გამოიყენა იმისთვის, რომ ეკა ზღულაძე "ლაჟვარდოვან სანაპიროზე გაეცილებინა".

ზახარჩენკო წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვასილი გრიცაკს მოახსენეს, რომ 10 (სხვა მონაცემებით 14) მილიონი დოლარი ეკა ზღულაძესა და ავაკოვს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებისთვის გადასცეს, მაგრამ, მისი თქმით, შსს-ს ხელმძღვანელობამ ნაცვლად იმისა, რომ თანხა დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ, მიითვისეს.

ვიტალი ზახარჩენკოს განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა უკრაინელი ჩინოვნიკის მიერ ეკა ზღულაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია "გაქცეული კორუმპირებული ჩინოვნიკების მხრიდან რეფორმების შეჩერების სურვილად" შეაფასა.

"რაც შეეხება ყველა ასეთ სტატიას, რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების და იმ გაქცეული თუნდაც იანუკოვიჩის დროინდელი ჩინოვნიკების, რომლებსაც უნდათ, რომ ეს რეფორმების პროცესი შეაჩერონ, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ვერაფერს ვერ შეძლებენ", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით