ანასტასია ზაუტაშვილი: "კანფეტიც არავისთვის მიმიცია" - კვირის პალიტრა

ანასტასია ზაუტაშვილი: "კანფეტიც არავისთვის მიმიცია"

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებებს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ელისაშვილის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული. ამის შემდეგ შეწყალების კომისიის მოქმედმა თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელე კონკრეტული პატიმრების საქმეების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იჩენდა. ელისაშვილისა და ქორიძის განცხადებებით პროკურატურაც დაინტერესდა, სადაც შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები დაჰკითხეს.

იხილეთ ასევე: "კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

"კვირის პალიტრამ" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ დიდძალ ფულს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, კვალი ე. წ. კოკაინის საქმემდე მიდის, რომლის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. წყაროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და პარლამენტარი ეკა ბესელია.

დღეს კი ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილმა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ადვოკატის მეშვეობით ზაუტაშვილი ჟურნალისტებს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ მას არანაირი თანხა არავისთვის არ მიუცია.

ზაუტაშვილის განცხადებით, "ზღაპარია ის ინფორმაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა და ქორიძემ გამოძიებას მიაწოდეს".

"არასოდეს არ მითხოვია შეწყალება. ყოველთვის ვითხოვდი გამართლებას. პროკურატურა ჩემს საქმეს გადახედავს და თვითონ გამამართლებს. როდესაც ალეკო ელისაშვილი გახდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, იგი შემოსული იყო ციხეში. ამას ესწრებოდნენ სხვა მსჯავრდებულებიც. მან თქვა, რომ ჩემს საქმეს იცნობს და მითხრა, რომ ადვოკატებს მიეტანათ კომისიაში განცხადება, რომ უდანაშაულო ვარ, რის შემდეგაც პრეზიდენტს თვითონ შეუტანდა ჩემს საქმეს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შეწყალების შესახებ განცხადება დამეწერა და ამის შემდეგ მოვიკითხე მანანა კობახიძესთან ჩემი საქმე. მანამდე შეწყალება არ მითხოვია. ვითხოვდი გამართლებას", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისი თქმით, იგი უკანონო პატიმარია და მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ იძულების მიუხედავად წარდგენილი ბრალდება არ აღიარა.

"ზღაპარია ფულის გადახდასთან დაკავშირებით განცხადებები. კანფეტიც არავისთვის მიმიცია", - განაცხადა ანასტასია ზაუტაშვილმა, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზე 2010 წელს სხვა პირებთან ერთად დააკავეს და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს.