"რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ ინფორმაცია, რომ ტელეფონში მესიჯები არ იყო?" - კობახიძე და ბესელია პატიმარ ზაუტაშვილს სტუმრობდნენ?!
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროკურატურას ე.წ. შეწყალების საქმეზე მტკიცებულებებს "ნელ-ნელა გამოუზოგავს".
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მესიჯები, რომელზეც პროკურატურამ გუშინ განცხადება გააკეთა, აღნიშნულ საქმეში გადამწყვეტი არ არის.
"ნელ-ნელა მინდა გამოვუზოგო პროკურატურას რაღაცები. ვიცი რასაც აპირებს, თუმცა სხვა რაღაცებით გავხლართავ პროკურატურას, რომლიც საქმის ჩაფარცხვას ცდილობს, საქმე ისაა, რომ ამ ბინძურ საქმეში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები არიან ჩართული და ახალა მმართველი ძალა იქცევა "ნაციონალური მოძრაობასავით", სიმართლის დადგენას კი არა, ამის მიჩქმალვას ცდილობს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა დღეს ასევე დაადასტურა ის, რომ მისი ტელეფონის "ინბოქსში" მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი მესიჯები არ იყო, თუმცა მისი მტკიცებით, შეტყობინებები მობილურის მყარ დისკზე ინახება.
"საინტერესოა, ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ ინფორმაცია, რომ ტელეფონში მესიჯები არ იყო? ვიზუალური დათვალიერების დროს ტელეფონის "ინბოქსში" მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება. იმიტომ დავტოვე ჩემი ტელეფონი, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. რატომ იჩქარა პროკურატურამ და გამოძიების დასრულებამდე რატომ თქვა, რომ იქ მესიჯები არ იყო? მე მაინტერესებს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა და არა ვიღაც გაცისკროვნებული ყმაწვილის განცხადება", - აღნიშნა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ქალთა #5 საპატიმრო დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვით ესაუბრა, ამტკიცებს, რომ ღამით, ციხეში, დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ე.წ. კოკაინის საქმეში მსჯავრდებულ ანსტასია ზაუტაშვილს ხვდებოდნენ.
მისი ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლების და პოლიტპატიმართა სიაში ჩასმის სანაცვლოდ ნამდვილად იყო გადახდილი 200 ათასი. მისი თქმით, ამის თაობაზე თვითონ მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი საუბრობდა.
შეგახსენებთ, ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ქალბატონი ზაუტაშვილი.