"საზღვრებზე რუსი სამხედროები დგანან, ბიზნესი მათია, კანონი მათია... და ვინ ვართ აფხაზები აფხაზეთში?!" - კვირის პალიტრა

"საზღვრებზე რუსი სამხედროები დგანან, ბიზნესი მათია, კანონი მათია... და ვინ ვართ აფხაზები აფხაზეთში?!"

რას წერენ აფხაზები აფხაზური ე.წ არმიის რუსეთის ჯართან გაერთიანების შესახებ

"გავიგეთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია, მაგრამ თუ თავად რუსეთი ჩაგვყლაპავს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგვჭამს?"

30 ნოემბერს, სოხუმში რუსეთის წარმომადგენლებმა და აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და ხელი მოაწერეს "დოკუმენტს", რომლის თანახმადაც აფხაზეთში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება იქმნება... ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება ორიოდე დღის წინ მოახდინა. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის დაურ არშბას განცხადებით, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების უპირველესი ამოცანა "ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა".

ყველაფერი ეს კი ნიშნავს იმას, რომ აფხაზური "არმია" გუდაუთაში დისლოცირებული მე-7 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის ერთი უმნიშვნელო დანაყოფი ხდება, რაც აფხაზებს ძალიან არ მოსწონთ. აფხაზები სოციალურ ქსელსა და პირად საუბრებში აქტიურად აპროტესტებენ გადაწყვეტილებას და ერთმანეთს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. გთავაზობთ სოციალური ქსელით გავრცელებულ რამდენიმე მოსაზრებას:

ირაკლი ავიძბა:

- გავიგეთ, რომ მხოლოდ რუსეთმა გვაღიარა და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის სტიმულია, მაგრამ შემდეგ? მანვე უნდა ჩაგვყლაპოს? რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც ქვეყანა განვითარდეთ და ვინმეზე დამოკიდებული არ ვიყოთ?

ხომ მივხვდით, რომ მხოლოდ ტურიზმით ეკონომიკას არაფერი ეშველება? კანონი არ გვაქვს, კონსტიტუცია არ გვაქვს, ამ 25 წლის განმავლობაში ერთი დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩავატარეთ და ახლა გამოსავალი იპოვეს და რუსეთს მიუერთეს შეიარაღებული ძალები.

საზღვრებზე რუსი სამხედროები დგანან, ბიზნესი მათია, კანონი მათია, ყველაფერი რუსების არის და ვინ ვართ აფხაზები აფხაზეთში?!

გავიგეთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია, მაგრამ თუ თავად რუსეთი ჩაგვყლაპავს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგვჭამს? ჩემი ძმა მსახურობდა აფხაზურ არმიაში და ისეთ რამეებს ყვებოდა ძლევამოსილ რუსეთთან ურთიერთობაზე, მე და ჩემი ოჯახი ყოველდღე ვლოცულობდით, თავი არ მოეკლა. რუსი სამხედროები აფხზებს მუდმივად "მათხოვრებს" და "საცოდავებს" ეძახდნენ და წარმოგიდგენიათ, გაერთიანების შემთხვევაში რა მოხდება? სულ რაღაც ერთ თვეში ავითქვიფებით რამდენიმე მილიონიან რუსულ არმიაში.

ვინმემ იცის რეალურად რა ტექნიკა გვაქვს, რა შეიარაღება?! აქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, ოღონდ ძლიერი კი არა, დაჩაჩანაკებული. თავდაცვის მინისტრი "გვამშვიდებს", შეიარაღება უნდა განვაახლოთო, იქნებ სხვა გზებით გვეცადა ეს, საკუთარი ხარჯებით, თანდათან, ეტაპობრივად, რა ვიცი, როგორც ამას, სხვა პატარა, განვითარებული ქვეყნები აკეთებენ. როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი, რომ ეს ოკუპაცია არ არის და რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ განვითარებაზე ზრუნავს, ოღონდ არც სამედიცინო სფერო ახსოვს, არც განათლების სისტემა, არც ინფრასტრუქტურა...

ბაგრატ კვიცინია:

- ამ ტექსტს მამაჩემის კარნახით ვწერ, თუმცა მისი კარნახი რად მინდა, ისედაც კარგად ვიცი რაც ხდება - ბიძაჩემი ტამიშის ბრძოლებს შეეწირა, მაშინ ყველას ეგონა, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოს აშენებდნენ, მაგრამ სულ მალე ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა... სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე სახლები აიშენეს და ბიზნესი აიწყეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ძალაუფლებას. შვილები აქაურობას გაარიდეს, პასპორტები "იყიდეს" და ჯერ რუსეთში, იქიდან კი ბევრად პერსპექტიულ ქვეყნებში გაუშვეს, საცხოვრებლად, სასწავლებლად, სამუშაოდ... ჩვენ კი ამ ჭაობში ვცხოვრობთ და სულ მალე უარეს ჭაობში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც სულ მალე საკუთარი არაფერი გვექნება, - აფხაზურად უკვე ისედაც არავინ ლაპარაკობს, ეთაკილებათ, არმია რუსეთს შეურთდა, შსს არ გვაყვს, ფაქტობრივად, კრიმინალი განაგებს ყველაფერს, ეკონომიკა არც არასდროს გაგვაჩნდა და ამ ზღვას, თუ რუსები არ ჩამოვიდნენ, მაინც არავინ ეკარება. ესეც შენი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

დავიდ დასანია:

- უკვე ვნახე ჩვენი სამხედროების "მოტივაცია" ენგურის საზღვარზე, - ისინი მხრებაწურული დგანან რუსი სამხედროების ფონზე, - ყველა საქმეს კი, პასპორტის შემოწმება იქნება თუ სხვა დოკუმენტაციის, რუსები აკეთებენ... ჩვენი ხელმძღვანელობა მუდმივად ლაპარაკობს საქართველოდან მომავალ საფრთხეზე და ამით ყველაფრის განეიტრალება უნდათ, მათ კომპლექსი აქვთ, იმის გამო, რომ აფხაზები ნებისმიერი სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოში გარბიან და ამის გამო საზღვრის გამკაცრება უნდათ, მაგრამ არავინ კითხულობს, რა ქნას ხალხმა გამოუვალ სიტუაციაში, სად წაიყვანოს ავადმყოფი შვილი, დედა, ძმა ან ოჯახის სხვა წევრი. ჩვენი ოჯახის წევრებს ქართველი ექიმები მკურნალობენ უფასოდ. თქვენ კი აპირებთ საზღვრის კონტროლის გამკაცრებას და რა ვქნათ, აქ დავიხოცოთ?! თუ არ გინდათ, რომ თქვენი მოქალაქეები თბილისში მკურნალობდნენ, შეუთანხმდით რუსეთს, რომ საუკეთესო სამედიცინო ცენტრებში გვიმკურნალონ, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ. ვერ აკეთებთ? და ვინ არის ამაში დამნაშავე?

იხილეთ ასევე: აფხაზური "არმია" რუსეთმა გადაყლაპა

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)