"ვინც მურუსიძე აირჩია, ის ქვეყნის მტერია!" - სამართლიანი სასამართლოს დასამარება "ჯილდოების ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"ვინც მურუსიძე აირჩია, ის ქვეყნის მტერია!" - სამართლიანი სასამართლოს დასამარება "ჯილდოების ქვეყანაში"

"გირგვლიანის მკვლელებს რომ მხარს დაუჭერ, თავადაც მკვლელი ხარ"

"მურუსიძეზე უფრო დასასჯელი ამ შემთხვევაში ის ხალხია, ვინც ხმა მისცა მის მოსამართლედ არჩევას"

ამ ორიდე დღის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა, როგორც ქალი, რომლის ბრძოლაც სამართლიანობისთვის არა მხოლოდ შვილის ხსოვნისთვის ბრძოლა იყო, არამედ თოთოეული ახალგაზრდის სიცოცხლისთვის ბრძოლა, ვისაც შეიძლება გაეზიარებინა სანდრო გირგვლიანის ტრაგიკული ბედი. ორდენი სანდროს მამას გურამ გირგვლიანს გადასცეს, რომელმაც სამადლობელი სიტყვისას თქვა: "არის ერთი პიროვნება, ერთი ადამიანი, იუსტიციის საბჭოდან, ეს არის პიროვნება მურუსიძე, რომელიც დღესაც უნამუსოდ იბრძვის იმისათვის, რომ კვლავ გახდეს ამ საბჭოს წევრი და რომელსაც ეტყობა ჰყავს თავისი ამფსონები, მხარდამჭერები. ალბათ, რომ მას რაღაცა იმედი აქვს, იმიტომ რომ ისე უნამუსოდ იქცევა დებატებში იქნება ეს თუ სხვაგან, რომ თითქოს ყველაფერში იყოს მართალი. არადა ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი ის იყო იმ განაჩენის, რომელიც მაშინ გამოიტანა იმ ხელისუფლებამ. თუ მურუსიძე აირჩიეს, გამოდის, ირინას ბრძოლა ამაო ყოფილა".

დღეს კი ირკვევა, რომ ლევან მურუსიძე, რომლის მიერ გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის თაობაზე გამოტანილი განაჩენები თავად სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ, იუსტიციის სამინისტრომ უვადო მოსამართლედ აირჩია.

"ჯილდოების ქვეყანა! ირინა! ბოდიშს გიხდით ყველასგან და ყველას მაგივრად! როგორც დედა იმდენი მესმის, რომ აქაც და იქაც თქვენი ერთადერთი ჯილდო თქვენი შვილის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების გამომჟღავნება და დასჯა იქნებოდს და ეს თუ ვერ კეთდება დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციაა ... ამისთვის ბოდიში!" - დაწერა "ფეისბუკში" საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და ძნელია მას არ დაეთანხმო.

ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევის საკითხზე კომენტარი იურისტ შალვა შავგულიძესა, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამას, თამაზ მოლაშვილს და პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს ვთხოვეთ.

თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა:

"ჯერ მარტო შალვა შავგულიძემ დაუდო მურუსიძეს წინ დამამტკიცებელი საბუთები, რაც მაგან გააკეთა და ამის შემდეგ კიდევ მაგის არჩევა როგორ შეიძლებოდა? მხოლოდ სულხან მოლაშვილის საქმის კი არა, საერთოდ სამართლიანი სასამართლოს დასამარებაა ეს და ვინც მურუსიძე აირჩია, ის ქვეყნის მტერია? რატომ აკეთებენ ამას? არასდროს მითქვამს მურუსიძეები დახვრიტონ-მეთქი, მაგრამ ახლა მაიძულებენ ეს ვთქვა, თუ უნდათ, რომ საქართველომ იარსებოს და ხალხმა მშვიდობით იცხოვროს საქართველოში ეს ხალხი უნდა დაისაჯოს. ხელოვანი კაცი ვარ და არასდროს მითქვამს ადამიანი დახვრიტეთ-მეთქი, მაგრამ მურუსიძეზე უფრო დასასჯელი ამ შემთხვევაში ის ხალხია, ვინც ხმა მისცა მის მოსამართლედ არჩევას. უბედურება დატრიალდება, გამოსვლები დაიწყება, ხალხი არ დაწყნარდება და ეს ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს?  რატომ აკეთებენ ამას?

სააკაშვილი წააბუნძულეს და გვეგონა სამართალი პურს ჭამდა და ესენი უარეს აკეთებენ? სააკაშვილმა ხომ დიდი დაღი დაასვა საქართველოს, ახლა კი, ვინც მურუსიძე აირჩია, ვინც მთავრობაშია და ვინც ხმა მურუსიძეს მისცა, ის კიდევ უფრო უარესია. ადამიანი იმედით ცხოვრობს და იმედს, რომ უკლავენ, ის ყველაფრის გამკეთებელია. ქათამიც კი არ დამიკლავს, მაგრამ პირადად მე, ეგ კაცი რომ სადმე რომ შემხვდეს, საკუთარ თავს კონტროლს ვერ გავუწევ... ჩემნაირად რამდენია გამწარებული..."

შალვა შავგულიძე, პარლამენტარი, გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი:

"მოგეხსენებათ როგორც გირგვლიანის, ისე მოლაშვილის საქმეზე როგორი მკაცრი შეფასება მისცა ევროპულმა სასამართლომ მურუსიძის საქმიანობას და ამ პიროვნების, როგორც მოსამართლის მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ მალავს, რომ ლობირებს მურუსიძეს და ცდილობს დანიშნოს მოსამართლედ. რა თქმა უნდა, ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ხელისუფლებას სურს ასეთი დისკრედიტირებული მოსამართლეების ხელით გააკონტროლოს სასამართლო სისტემა, ფაქტობრივად, ცდილობს, სამართალი წაართვას ხალხს. რა თქმა უნდა, ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს და საზოგადოების ნებაზე მოძალადე ხელისუფლებას შესაბამის პასუხს გასცემს. ხელისუფლებას სურს, რომ ხალხს მოსამართლედ თავს მოახვიოს ისეთი ადამიანი, რომლის მიერ განხორციელებული სამართლს საზოგადოება არ ენდობა."

ჯანსუღ ჩარკვიანი:

- მურუსიძის  არჩევა თუ დაუშვეს, ხალხი აღარ ვყოფილვართ ამ ქვეყანაში! გირგვლიანის მკვლელობაზე და ათას სხვა უბედურებებზე, რაც ხდებოდა, ხელს აწერდა ეს კაცი, შეიძლება ვინმეს დაძალებითაც, მაგრამ მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს?! - როგორ იკადრე კაცმა და ხელი მოაწერე გირგვლიანის მკვლელების განთავისუფლებას?!  ბიჭო, გირგვლიანის ტრაგედია საქართველოს კი არა მსოფლიო მასშტაბის უბედურება იყო! გირგვლიანის მკვლელებს რომ მხარს დაუჭერ, თავადაც მკვლელი ხარ, აბა რა ხარ?!  ლევან მურუსიძეზე ბევრად უარესი მკვლელი კი ის ხალხია, ვინც მას მხარი დაუჭირა.

იხილეთ ასევე: ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს - ხმაური იუსტიციის საბჭოსთან და დაკავებული კაკაბაძე და გუნავა

თეა ბეჟიტაშვილი

მანანა გაბრიჭიძე

სპეციალურად საიტისთვის