რით ჰგავს პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთს, ანუ რატომ გადადგა ღარიბაშვილი? - კვირის პალიტრა

რით ჰგავს პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთს, ანუ რატომ გადადგა ღარიბაშვილი?

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, ისიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდანაა, ისიც "ქართუდან" მოიყოლა ივანიშვილმა პოლიტიკაში, მიეცემა მას თავისუფალი მოქმედების უფლება?!

პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთს ჰგავს, განსაკუთრებით ჩვენთან, - წარმატებას როგორც ერთ, ასევე მეორე სფეროში, სიმდიდრე მოაქვს. ხშირად ეს წარმატება ტყუილს ეფუძნება. არ აქვს მნიშვნელობა, ხალხია მოტყუებული, პარტნიორი თუ მოწინააღმდეგე. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებაც, ბიზნესმენი ისე არასდროს არევს სიტუაციას, რომ მერე ვერ დაალაგოს, პოლიტიკაში კი ასეც ხდება... თუმცა აქაც მხოლოდ გამორჩეული ნიჭის მქონეს შეუძლია, "ბანქო" აურ-დაურიოს და ბოლოს მოგებულიც დარჩეს.

ბიზნესში ეს შედარებით მარტივია, რადგან საქმე მაინც არითმეტიკულ გათვლასთან გვაქვს, რაც სიზუსტის წინაპირობაა. ახლა ჩვენს პოლიტიკურ რეალობას დავუბრუნდეთ...

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის მიზეზი, არათუ ხალხმა, ვერც მსოფლიო მედიამ და დიპლომატიურმა კორპუსმა გაიგეს. საზოგადოება მკითხაობს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერი... თუკი მართლაც ყბადაღებული მოსაზრებიდან გამოვალთ, რომ ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას "ქვეყნის მთავარი მოქალაქე" იღებს (ლოგიკურად ასეც არის), მაშინ ისევ მარტივადაა საქმე!... ე.ი. ძაღლის თავი რიცხვებში უნდა ვეძებოთ.

რიცხვები კი სახარბიელო არ არის – ენ-დი-აის, ბოლო კვლევით, მმართველი პოლიტიკური ძალის 80%-იანი რეიტინგი 16%-მდე დაეცა. კულუარული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" არც შიდა კვლევებით აქვს ბევრად უკეთესი რეიტინგი. წარუმატებლობებს კი, როგორც წესი, მსხვერპლთშეწირვა მოსდევს...

ჰოდა, გამოჩნდა პირველი მსხვერპლიც, თუმცა, სავარაუდოდ, პროცესი მხოლოდ ამ შეწირვით არ დასრულდება, მით უფრო, რომ წინ არჩევნებია. ზოგი ამბობს, - რა მნიშვნელობა აქვს ერთ მარიონეტს თუ მეორე შეცვლისო... მაგრამ არც ასე მარტივად არაა საქმე.

განა გადამდგარი პრემიერივით "მთავარი მოქალაქის" ერთგული და "ყურმოჭრილი" ვინმე სხვაც იქნება?!

რთულად სავარაუდოა...

ჩანს, ეს აღარც არის საჭირო. პირიქით, ახალი ის დრო მოვიდა, რომ პრემიერი დამოუკიდებელ ფიგურად წარმოჩინდეს და "მთავარმა მოქალაქემ" თამამად გააკრიტიკოს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელია ერთი მხრივ, მთავრობის კრიტიკა, მეორეს მხრივ კი პოსტსაარჩვენო პერიოდისთვის ახალი გუნდის ფორმირებისთვის ზრუნვა. არავინ, იცის "ქართული ოცნების" კოალიციის წევრები, თუნდაც რესპუბლიკელები მოგებულები დარჩებიან თუ პირიქით! - გააჩნია ისინი მხოლოდ თავიანთი რეიტინგის ამარა დარჩებიან, თუ "მოქალაქე" ბიზნესმენი მათ გასაწევ თოკსაც გაქაჩავს...

არ არის გამორიცხული, ამ პოლიტიკურ "ვაკუუმში", სადაც "ოცნების რეიტინგი" დაბალია, "ნაციონალები" კი მთავარ ძალად ვეღარასდროს დაბრუნდებიან, ახალი პოლიტიკური ბლოკიც ჩამოყალიბდეს. ცხადია, ამ აჭრილ სიტუაციაში ეს მხოლოდ ვარაუდებია.

მთავარი კი ის, არის, რომ ახლა უკვე "მთავარმა მოქალაქემ" ასეთი მანევრირებით რამდენჯერმე მიიღო სასურველი შედეგი, მან მთლიანად შეცვალა სიტუაცია ჯერ თავისი მოსვლით პოლიტიკაში, მერე თანამდებობიდან გადადგომით და ახლა როგორც ჩანს, ახლა უკვე ახალი ეტაპისთვის ამზადებს ნიადაგს.

უკვე ცნობილია, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, ისიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდანაა, ისიც "ქართუდან" მოიყოლა ივანიშვილმა პოლიტიკაში, მიეცემა მას თავისუფალი მოქმედების უფლება?!

ალბათ კი, თუმცა ეს შესაძლოა გარკვეულწილად ფასადურიც იყო, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერი გაკეთდება, რომ კვირიკაშვილის თავიუფლებაში და ქვეყნის არაფორმალურად მართვის დასრულებაში დასავლეთი დაარწმუნონ!

... ცხადია, კვლავაც ვითარების შესაცვლელად!

ასე რომ, მოემზადეთ! (თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ამ გადაწყვეტილებას წინასწარი დაკვირვების, ნიადაგის მოსინჯვის და ანალიზის მიზანი ჰქონდეს).

ეს პოლიტიკაა და ბიზნესს ამითაც ჰგავს, რომ ზუსტად სჭირდება განსაზღვრა, - როდის რისი დროა! სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ სამთავრობო ცვლილებას აზრი არ ექნებოდა.

შესაძლოა, ის ვინმეს გულს აფხანინებს, თუმცა ფხანა ილიკო ჩიგოგიძის ღორს უყვარდა, ზოგჯერ კი "ქეცმაც იცის"...

ეკა ასათიანი (სპეციალურად საიტისთვის)