"პირველი ტესტი კვირიკაშვილისთვის" - ვინ გამოემშვიდობება მინისტრობას? - კვირის პალიტრა

"პირველი ტესტი კვირიკაშვილისთვის" - ვინ გამოემშვიდობება მინისტრობას?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოსტის დაკავებისთანავე დაანონსა, რომ სამთავრობო ცვლილებებს გეგმავდა, შესაბამისად, საზოგადოება ამ ცვლილებების მოლოდინშია. ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო ცვლილებების შესახებ.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს:

"სამთავრობო ცვლილებები პირველი ტესტი იქნება კვირიკაშვილისთვის. ამ გამოცდაში ღარიბაშვილი ჩაიჭრა. ის ვერ გამოვიდა ივანიშვილის ჩრდილიდან. მისი პრემიერობისას მიღებული ყველა გადაწყვეტილება ივანიშვილთან ასოცირდებოდა. კვირიკაშვილმა უნდა მოახერხოს და დაანახოს ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ, რომ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც დაგვარწმუნებს მის დამოუკიდებლობაში, იქნება სამთავრობო ცვლილებები. ეს თვალნათელს გახდის, შეუძლია თუ არა მას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება და სამთავრობო ვერტიკალის დალაგება... ამიტომ ველი, რომ ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება. ეს, ალბათ, არ იქნება მასშტაბური, მაგრამ მნიშვნელოვანი კი უნდა იყოს..." (იხილეთ სრულად)

კონკრეტულად რომელი მინისტრები შეიცვლებიან? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია, თუმცა მედია რამდენიმე მინისტრის შეცვლის ალბათობას აქტიურად განიხილავს. ესენი არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური,  შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელია საერთოდ გაუქმდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შესაბამსიად კი სავარძლის გარეშე დარჩეს გელა დუმბაძე.

გიორგი მღებრიშვილის შესაძლო შეცვლის სავარაუდო მიზეზად სახელდება ის, რომ ის მაინც ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა. შს მინისტრობის შესაძლო კანდიდატად კი მედია უკვე მერამდენედ ასახელებს ანზორ ჩუბინიძეს - ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სამთავრობო უწყებებში მოსალოდნელი საკადრო ცვლილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტული მინისტრების მოსალოდნელ შეცვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში ყოველდღიურ რეჟიმში იმართება სამუშაო შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, სადაც კონკრეტული სამინისტროების საქმიანობაზე, მათ სტრატეგიაზე და გეგმებზე მსჯელობენ. ამ დროისათვის მთავრობის შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას".

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციას არც მაშინ დაუდასტურებია, თუმცა იმავე საღამოს ღარიბაშვილმა თანამდებობა "თავისი სურვილით" დატოვა.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა