"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო"

"გუგული მაღრაძე მართლა ადგა და ივანიშვილის მაგიდასთან გადავიდა. ისე, მეც კი გადავინაცვლე მეორე მაგიდასთან, მასაც შეუძლია ჩემზე იგივე განაცხადოს. სხვათა შორის, მე "რაშა ორერას" ვმღეროდი, გუგული - "მხოლოდ შენ ერთს".

გასულ კვირას პარტია "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილ პრემიერებთან - ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ახალი წელი საგურამოში აღნიშნეს. შეკრების დეტალებზე გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი საუბრობს:

- საახალწლო სუფრისთვის 100-100 ლარი შევკრიბეთ. რა გაუჭირდა "ქართულ ოცნებას" ისეთი, რომ თანხა ჩვენ დაგვადებინა? ეს, ხუმრობით, თუმცა არა მხოლოდ ჩემი, ჩემი მეუღლის თანხაც მე დავდე. არადა, საგურამოში მარტო მივედი. როდესაც კოლეგებმა მკითხეს, მეუღლე სად არისო, ვუპასუხე, ცოლმა მითხრა, სირცხვილით როგორ წამოვალ, მსახიობები და რეჟისორები არ ნდომებიათო და კონცერტზე წავიდა-მეთქი. მართლა ასე მოხდა.

- საახალწლო სუფრასთან პოლიტიკურ საკითხებზე თუ ისაუბრეთ?

- დარბაზში ორ 30-კაციან მაგიდასთან ვისხედით. სუფრა რომ მთავრდებოდა და წამოვიშალეთ, ყველა, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი პრემიერები გავაჩერე, და ხუმრობით ვუთხარი: ამბობენ, სიის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ვინც ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან მოხვდა, ბედნიერია, რადგან სიაში მოხვდება, ვინც სოსო ჯაჭვლიანის მხარეს აღმოჩნდა, ყველა "გადაყრილიაო". ეს რომ გუგული მაღრაძემ გაიგონა, წამოხტა, ვაითუ, სიაში ვერ მოვხვდეო და გიტარით ხელში ბიძინა ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა, თუმცა როდესაც ივანიშვილმა სოსო ჯაჭვლიანზე დადებითად ისაუბრა, მაშინვე დაუბრუნდა საკუთარ ადგილსო.

- ახლა ამ ხუმრობით გუგული მაღრაძის სურვილებს ახმოვანებთ?

- ხუმრობაა, მაგრამ გუგული მაღრაძე მართლა ადგა და ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან გადავიდა. ისე, მეც კი გადავინაცვლე მეორე მაგიდასთან, მასაც შეუძლია ჩემზე იგივე განაცხადოს. სხვათა შორის, მე "რაშა ორერას" ვმღეროდი, გუგული - "მხოლოდ შენ ერთს".

- შეკრებაზე არ იყვნენ ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე?

- ისეთი ფორმატის შეკრება იყო, კობახიძე არც უნდა ყოფილიყო. მისი ახალგაზრდობით რაც მოხდა - მოხდა, მე არავის "შევეტენები", "დავაი, რა", მაგრამ კობახიძის განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფა გახლდათ.

- ბიძინა ივანიშვილმა მხარდაჭერა თქვენ აღგითქვათ?

- ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო და მეტი არაფერი.

- თემურ ჭკუასელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა მათ, ვინც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება. თქვენ სად უნდა დასაქმდეთ?

- ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მნიშვნელობა არა აქვს, სამთავრობო სტრუქტურებში ვიქნებით, თუ პარლამენტში, თუ დღეს თავდასხმაში ხარ, უნდა ამოისუნთქო და სათადარიგოთა რიგებში გადაინაცვლო.

რუსუდან შელია