ირაკლი ალასანია: "ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზალკალიანი" - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია: "ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზალკალიანი"

"პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას გამო არ მოვსულვარ"

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკანიანმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 2009 წელს პოლიტიკაში მისი მოსვლა იძულებითი ნაბიჯი იყო და ეს არ უკავშირდება ირაკლი ალასანიას.

"ბევრჯერ მითქვამს, პოლიტიკაში "ნაციონალური მოძრაობის" არასწორი მმართველობის გამო წავედი და ჩემი უახლოესი მეგობრის, ლევან მიქელაძის, მისი ღირებულებებისა და სამოქალაქო გმირობის გვერდით დავდექი. პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას გამო არ მოვსულვარ. როგორც კი ჩავთვალე, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ამოწურულია, პარტია დავტოვე". (იხილეთ სრულად: "პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას გამო არ მოვსულვარ" - ზალკალიანის დაბრუნება)

ზალკანიანის საპასუხოდ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ მისი ყოფილი თანაგუნდელის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნება "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში შეაფასა და აღნიშნა, რომ დავით ზალკალიანის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

"ეს არის მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. დავით ზალკალიანი ერთი წელია პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა. ბუნებრივია, ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან პოლიტიკური დაკვეთით დაწყებული საქმე პროკურატურაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა და, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზალკალიანი, თუკი ეს საქმე ბოლომდე იქნა მიყვანილი".