"რატომ არ აფათურებდა წინა ხელისუფლება ბურჭულაძის ფონდის საქმიანობაში ხელს?" - კვირის პალიტრა

"რატომ არ აფათურებდა წინა ხელისუფლება ბურჭულაძის ფონდის საქმიანობაში ხელს?"

"ახლა თავისუფალი ვარ იმისთვის, რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა"

შეცვლის თუ არა საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს და რა პოლიტიკური გეგმები აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის, "კვირის პალიტრასთან" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს:

- საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჩემგან დამოუკიდებლად გავრცელდა. შესაძლოა პროცესს საქართველოში ჩემი დაბრუნებაც დაემთხვა - მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ირანის საკითხებზე ვმუშაობდი, თუმცა პროგრამა დასრულდა და ახლა თავისუფალი ვარ იმისთვის, რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა.

- თქვენი სურვილები პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება?

- მინდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩავერთო და ჩემი გამოცდილებით ქვეყანას ვარგო. ვფიქრობ, არა მხოლოდ საგარეო მიმართულებით, უამრავი საკითხია, რაშიც ჩემი რესურსის გამოყენება წარმატებით შეიძლება. ვფიქრობ, ახალი იდეები და მიდგომები დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- ახალ იდეებსა და მიდგომებს საზოგადოებას ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჰპირდება და პოლიტიკურ პარტნიორებთან თუ ოპონენტებთან ურთიერთობისას წინა პრემიერისგან განსხვავებულ ტაქტიკას ირჩევს. თქვენ როგორ აფასებთ სამთავრობო ცვლილებებს - ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ხერხია თუ ხელისუფლებამ სამწლიანი ხარვეზების გამოსწორება რეალურად დაიწყო?

- გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის შესაფასებლად, გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, თუმცა ვფიქრობ, მისი პირველი ნაბიჯები სწორია. პირველ რიგში, მისგან უნდა მოვისმინოთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. სამწუხაროდ, უმრავლესობა პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ სტერილურად უყურებს და მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომელ მთავრობას მივყავართ უფრო რუსეთისკენ ან დასავლეთისკენ. პარადოქსულია, რომ ამაზე განსაკუთრებით ის პოლიტიკური ძალა ხმაურობს, რომელიც პრაქტიკული მოქმედებებით რუსეთს სტრატეგიულ ობიექტებს სთავაზობდა, განცხადებებში კი, ულტრადასავლურ პოზიციას აფიქსირებდა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მსგავსი მიდგომით ფატალურ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. მთავარია მთავრობამ ქვეყანას ეკონომიკურად განვითარება, საზოგადოებას კი, მეტი პერსპექტივის შესაძლებლობა მისცეს. "ნაციონალური მოძრაობა" პრიმიტიულად მოქმედებს - თურმე ციხეებში არსებული ვითარება აწუხებთ და მედიის დემოკრატიულობისთვისაც თავს გაწირავენ, როდესაც "იმედში" განვითარებული მოვლენები შავ ლაქად მოყვებათ, მაგრამ პროცესში ხელისუფლებამაც მარტივი გზა აირჩია. ადვილია, როდესაც ოპონენტად ისეთი ძალა გყავს, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ გააჩნია და საზოგადოების უმრავლესობაში მკვეთრად ნეგატიურ ემოციებს იწვევს.

- "ნაციონალების" 9-წლიან მმართველობაზე აპელირება 2016 წლისთვის კოალიციისთვის წარმატების მომტანი იქნება?

- წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკი მოუწევს. საზოგადოებაც დაიღალა "ნაციონალური მოძრაობისკენ" თითის გაშვერისგან.

აუცილებელია, ქვეყანა ერთპარტიული მმართველობისგანაც გათავისუფლდეს. რეალურად, კოალიცია ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნად იქცა, რომელსაც მრავალპარტიულ გაერთიანებასთან საერთო არაფერი აქვს. მასში შემავალმა პარტიებმა დამოუკიდებელი არსებობა, პრაქტიკულად, შეწყვიტეს. რა ხედვა აქვთ "კონსერვატორებს", ან საერთოდ, რას აკეთებს "ეროვნული ფორუმი"?

- კვოტების გადანაწილებისას, ალბათ, პოლიტიკური განცხადებებიც გააქტიურდება, მაგრამ ხომ არსებობს "რესპუბლიკური პარტიაც", რომელიც ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდება?!

- "რესპუბლიკელები" აქტიურობენ, მაგრამ ცალკე პოლიტიკური პროგრამა და ხედვა არ გააჩნიათ. რეალურად, კოალიცია "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებსაც ადვილად ითვისებს, რაც საგარეჯოს არჩევნებმაც გამოავლინა. იმისთვის, რომ ერთი საპარლამენტო მანდატი არ დაეთმოთ, მთელი სახელისუფლო რესურსი ჩართეს. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ირმა ინაშვილის პოლიტიკური ძალის კატეგორიაც საზოგადოების ნაწილია და ნორმალურია, თუ მასაც ექნება შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზე ან თუნდაც პარლამენტში რაღაც ადგილი დაიკავოს.

- პრორუსულად განწყობილი ზოგიერთი პოლიტიკოსის ყოფნა მმართველ გუნდშიც არ არის საფრთხის შემცველი?

- საქართველოში რუსული პოლიტიკის განვითარების არ მჯერა, ის ჩვენთვის არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად და არც სოციალურად მისაღები არ არის, ამას მარტივად დავინახავთ თუ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ცოტა ხნით დავაკვირდებით. მართალია, რუსული პროპაგანდა გარკვეულ დონეზე მუშაობს, მაგრამ პროცესს არ აქვს ის მასშტაბი, რომ საფრთხეზე ვილაპარაკოთ. "ნაციონალური მოძრაობის" დროს მსგავსი აზრის გამხმოვანებლები იდევნებოდნენ, დღეს კი, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისთვის არავის იჭერენ. სწორედ ამიტომ გვეჩვენება, რომ პრორუსულად განწყობილი ადამიანები ქვეყანაში მომრავლდნენ. ვნახოთ, რა პრინციპით გადახალისდება კოალიცია მომავალი არჩევნებისთვის და ვინ მოხვდება მის რიგებში. საზოგადოებაში გონიერი ადამიანების საკმაოდ დიდი რესურსია, რომლებიც პოლიტიკაში წარმოდგენილები არ არიან. ბიპოლარიზაციის ნაცვლად, მათთან მეტი თანამშრომლობაა აუცილებელი.

- პაატა ბურჭულაძის ფონდსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს რამდენად აქვს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეალობის შეცვლის შანსი?

- ამ ახალ პოლიტიკურ წარმონაქმნებზე ცუდი წარმოდგენა მაქვს. რა გამოცდილება აქვთ, რატომ მოდიან პოლიტიკაში? საცოდავ ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე მეტად გამოცდილი და პროფესიონალი კადრები სჭირდება, გამოუცდელი კადრები პოლიტიკურ პარტიებს ქმნიან - ეს ანტიპატრიოტიზმია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანებიც მხოლოდ ფულზე აპელირებით მოდიან და ცოდნის გაზიარების ნაცვლად, ხალხს თვალწინ ფულებს უფრიალებენ. ბურჭულაძის საქმიანობასთან კითხვები მაქვს, რატომ არ აფათურებდა წინა ხელისუფლება მისი ფონდის საქმიანობაში ხელს, როდესაც ქვეყანაში ნებისმიერი ფულადი გადარიცხვები კონტროლდებოდა? მისი ფონდი ლამის ოფიციალური სტატუსითაც სარგებლობდა.

- ანუ, ოპერის მომღერალი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პროექტია?

- კითხვები მაქვს, რომელზეც საზოგადოებამ პასუხები უნდა მიიღოს.

- თქვენ პოლიტიკურ გეგმებზე კონკრეტულად რატომ არ საუბრობთ?

- ჩემი პარტია უკვე მძინარე მდგომარეობაშია და არ ვიცი დადგება თუ არა მისი გაღვიძების საჭიროება. სხვადასხვა გაერთიანებებში შესვლის სურვილი არ მაქვს, თუ იქნება შესაძლებლობა და ჩავთვლით, რომ არჩევნებში უნდა ჩავერთოთ, დამოუკიდებლად გავალთ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოქმედება სხვა მიმართულებითაც დავიწყოთ. კონკრეტულ საკითხებზე უკვე ვმუშაობ და ყველაფერი მალე გაირკვევა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)