ლევან ბერძენიშვილი: "საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია" - კვირის პალიტრა

ლევან ბერძენიშვილი: "საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია"

"საქართველო ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება - გოგოები გვიან თხოვდებიან", - განაცხადა "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა, პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას.

სტუდენტებთან საუბრისას ბერძენიშვილი გენდერული ბალანსის თემას და ქორწინების საკითხს შეეხო.

"საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს მე ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ, თუმცა ქართველი კაცები ამ საქმის მოსაგვარებლად მზად იყვნენ - გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. იგი ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება - გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია ეს რატომ მოხდა - მუშაობენ და არ უნდათ კარიერაზე უარი თქვან. შვეიცარიაში კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია ამისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი უცნაურობაა - ქალთან ერთად წლების განმავლობაში ხარ და რომ უთხრა, მიყვარხარო, იმ წუთას დაკარგავ, რადგან სწორედ ეგ არ უნდათ - სიყვარულობა, ურთიერთობა - ისე რაც გინდა და როგორც გინდა... ოღონდ სიყვარულობა და ასეთი რამეები არა", - აცხადებს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილი კიდევ ერთ სტერეოტიპს შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთგულება ქართული ფენომენი ჰგონიათ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაში, ოჯახი აუცილებლად დაინგრევა, ხოლო საქართველოში - არავითარ შემთხვევაში და "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ღალატი არასწორი მხრიდან მომდინარეობს".

"ინტერპრესნიუსი"