ჩხუბი და ქვების სროლა - რა ხდებოდა გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დღეს - კვირის პალიტრა

ჩხუბი და ქვების სროლა - რა ხდებოდა გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დღეს

ინციდენტის პროვოცირებაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ქართული ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებენ, რასაც "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს

გარდაბანში მიმდინარე გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დასრულებულია, გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული. წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში იქნება ცნობილი, თუმცა დღეს არჩევებს მშვიდად არ ჩაუვლია.

გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ ინციდენტი მოხდა. მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ისინი ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ პირს, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა, ჰქონდა იარაღი. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღიანი პირი პოლიციამ გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანა.

ინციდენტის განსამუხტად ადგილზე მისული იყო პოლიცია. იქ იმყოფებოდნენ ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სერგო რატიანი, კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია.

როგორც გარდაბნის საოლქო-საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, მომხდარს საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. ინციდენტის პროვოცირებაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ქართული ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებენ, რასაც "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ის ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობდა.

"შელაპარაკებაში მონაწილეობდა პირი, რომელიც თან იარაღს ატარებდა, თუმცა, ის სამოქალაქო ფორმაში იყო და ვინაობის გამხელა არ ისურვა. აღნიშნული პირი კი შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.... შეგახსენებთ, რომ ყველა ამ უბანზე პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა. "ქართული ოცნების" მხრიდან მსგავსი პროვოკაცია მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობენ საარჩევნო პროცესების შეფერხებას", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ინციდენტის პროვოცირება "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა განახორციელეს.

"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენს ერთ-ერთ მხარდამჭერს გაუტეხეს მანქანა, რასაც მოჰყვა ინციდენტი, შეკამათება, გაწევ-გამოწევა და ფიზიკური შეურაცხყოფა. სიტუაცია ამ დროისათვის დასტაბილურდა. იარაღს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, პოლიცია არის ადგილზე მისული, ატარებს მოკვლევას. ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მომდინარეობდა კონკრეტულად "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მხრიდან".

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ #2 უბანთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, კობახიძის თქმით, მთელი დღის განმავლობაში, არც ერთხელ არ დადასტურდა ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნებთან სუს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესში. კობახიძის განმარტებით, ოპონენტების განცხადებები სიცრუეა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით