დიდი შერიგება მთავრობასთან, თოფაძე დაუკრეფავში და გაწბილებული ოპოზიცია - კვირის პალიტრა

დიდი შერიგება მთავრობასთან, თოფაძე დაუკრეფავში და გაწბილებული ოპოზიცია

"მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ"

როგორც ჩანს, მთავრობამ და ოპოზიციამ ადგილები გაცვალეს. უფრო ზუსტად კი, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრეზიდენტ მარგველაშვილს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა მოუწონე და დადებითადაც კი შეაფასეს. ამის შემხედვარე ოპოზიციამ კი, პრეზიდენტის გამოსვლა დაიწუნა. შეიძლება ითქვას, ყინული დაიძრა და მთავრობა და პრეზიდენტი ასე ნანატრი "ერთსულოვნებისთვის" ემზადება.

ასე მაგალითად, თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა საინტერესო იყო. მანვე მარგველაშვილს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა: "საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და პრაქტიკულად, ბოლო წუთამდე საინტერესო იყო. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის პოზიცია და დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ასეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. ვადასტურებ, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ თვალსაზრისით ძალიან სანიმუშო მთავარსარდალია".

დადებითად შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა იუსტიციის მინისტრმაც. თეა წულუკიანის თქმით, პრეზიდენტისა და მთავრობის მოსაზრებები მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

"დავინახე პრეზიდენტისა და პრემიერის ერთნაირი მიდგომები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, და იქვე განმარტა, რომ "ჩვენ ერთი მოხსენება მოვისმინეთ, მაგრამ დაწმუნებული ვარ, რომ მისი გაგება და გააზრება იქნება სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან".

"საკმაოდ საინტერესო" - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში:

"საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია".

ოპოზიციასთან ერთად პრეზიდენტმა კრიტიკა დაიმსახურა უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდანაც. ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველების" თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ მარგველაშვილი რამდენიმე საკითხის გამო გააკრიტიკა და შეიძლება ითქვას საკუთარი ტერმინლოგიით დაუკრეფავშიც გადავიდა. მან მარგველაშვილს 2001 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფილოსოფიური წერილი გაუხსენა:

"მინდა გაგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, როდესაც პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი კაცი ლაპარაკობს და ამბობს, იმას ყველა უსმენს და მისი თითოეული სიტყვა კონტროლდება, ანალიზს უკეთებენ. თქვენ გამოაცხადეთ, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახელშიო, სადაც თქვენ დღეს ხართ. ამის განცხადების მერე, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ნათქვამი გქონდათ და ხალხმა დაიჯერა, რომ თქვენ იქ არ შეხვიდოდით".

ჯერ ერთი მარგველაშვილს ეს ტერმინი თავის წერილში არსად უხსენებია, მეორეც ის კონტექსტი, რაც თოფაძის განცხადებებს ახლავს, აშკრაა, რომ დისკრიმინაციულ ელფერს ატარებს, თოფაძე უკვე მერამდენედ აყენებს უმრავლესობას უხერხულ მდგომარეობაში. მიუხედავად არაერთი განცხადებისა, რომ ის პარლამენტიდან მიდიოდა, კვლავაც აგრძელებს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაუგებარი განცხადებების კეთებას.

დეპუტატმა მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ში ვიზიტის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯს უცხოეთის ერთ ქვეყანაში ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული არ წაადგა. გარდა ამისა, გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს ქართველი ხალხის "ერთი კარგი თვისება – მადლიერებაც" შეახსენა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ "უცნაური პოზიცია" დაიჭირა.

"მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის იმიჯზე უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს, რადგან ამ კამათის შედეგად ყველამ დაინახა, რომ ორი წამყვანი პირი ვერ თანხმდება. ალბათ, რაღაცნაირად უნდა მოგეგვარებინათ და გაგეთვალისწინებინათ, რომ ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო "ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი მოგვენახა და უცხოეთში არ გაგვეტანა ეს თემა".