"ტაბურეტკების" ლეგალიზაცია" - კვირის პალიტრა

"ტაბურეტკების" ლეგალიზაცია"

"მღვდლის შეგინება კანონპროექტის ავტორთა აზრით, ფასიანი უნდა გახდეს, მაშინ როცა ექიმის, მასწავლებლის და სხვისა და სხვისა პროფესიის ადამიანის შეურაცხყოფა უფასოა"

2 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით. კანონპროექტის ინიციატორი სოსო ჯაჭვლიანია და მას ჩვენში ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომელთა თვალსაზრისითაც ამ ცვლილებების მიღება ერთმნიშვნელოვნად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იქნება. აი, რას  წერს "ფეისბუკის" გვერდზე რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი:

"ორიოდ სიტყვით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე.

სპეკულაციები რომ არ იყოს (თუმც, ვეჭვობ მაინც იქნება), თავიდანვე ვიტყვი, რომ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის ცუდი. და საერთოდ ყველანაირი შეურაცხყოფა ცუდია, მე რომ მკითხო.

მაგრამ მასე იმდენი რამეა ცუდი ამ ქვეყანაზე, რომ ყველაფერი თუ აკრძალე, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდება. მაგალითად, ეკლესია მრისხანებას და სასოწარკვეთილებას საერთოდ მომაკვდინებელ (მომაკვდინებელ!) ცოდვებად მიიჩნევს და რა ვქნათ ახლა? თუ ვინმე გაბრაზდება ან უიმედობის განცდა შეაწუხებს, "სროკზე" გავუშვათ?

თუმცა, ვეჭვობ რთული იქნება განუმარტო ასეთი ელემენტარული რაღაცეები იმას, ვინც სასულიერო პირის შეურაცხყოფისთვის სამასლარიანი ჯარიმის დაწესებას ითხოვს. ანუ მღვდლის შეგინება კანონპროექტის ავტორთა აზრით, ფასიანი უნდა გახდეს, მაშინ როცა ექიმის, მასწავლებლის და სხვისა და სხვისა პროფესიის ადამიანის შეურაცხყოფა უფასოა.

ამიტომაც კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც რეალურად სხვა არაფერია თუ არა გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა და, ფაქტობრივად, "ტაბურეტკების" ლეგალიზაცია, თავად არის რელიგიური გრძნობების და საერთოდ საღი აზრის შეურაცხყოფა, მაგრამ თავისთავად ასეთი კანონპროექტის ინიცირება კი არაა პრობლემა - ასეთი რაღაცეები საპარლამენტო ცხოვრებაში ადრეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება - არამედ პრობლემა ისაა, რომ ამას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი უჭერს მხარს. (სხვა სახელი მაინც ერქვას ამ კომიტეტს!). ეს ქმნის განცდას, რომ კანონპროექტი პრინციპში ხელისუფლებიდან მოდის და უმრავლესობის მიერაა მოწონებული.

და ეს განცდა რომ მცდარია და რომ ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტს არ მიიღებს, ამის დემონსტრირება ყველას მოგვიწევს, ვინც კი ამ ხელისუფლებაში ვართ. აზრთა სხვადასხვაობა ბევრ რამეზე შეიძლება იყოს და კოალიციაში (მით უმეტეს საკმაოდ სპეციფიურ პირობებში შექმნილ კოალიციაში) ყოფნა ამას თავისთავად გულისხმობს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა არამც და არამც არ შეიძლება იყოს ისეთი ფუნდამენტურ ღირებულებების მიმართ, როგორიცაა რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯნულობა სეკულარობის საფუძველზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება". (წყარო)