"პრემიერ-მინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია " - "გრეჩეხების" დაბრუნება "მაესტროში" და... - კვირის პალიტრა

"პრემიერ-მინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია " - "გრეჩეხების" დაბრუნება "მაესტროში" და...

"მიშა, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის ეს ფრაზა ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორიის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული, შეიძლება ითქვას, კარგადაც ასახავს იმ პროცესებს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ კარგა ხნის განმავლობაში სწორედ ძმები გაჩეჩილაძეებიც ედგნენ სათავეში, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ავანსცენიდან ჩაიჩოჩეს და საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებაც დაიწყეს, თუმცა, როგორც ჩანს, დადგა დრო, როდესაც საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ყოფნა გაჩეჩილაძეებს მოენატრათ და ჯერ სატელევიზიო სივრცისთვის გააჩაღეს ბრძოლა, მალე კი შესაძლოა კვლავაც აქტიურ პოლიტიკურ არენაზეც გამოჩნდნენ. ტელევიზია, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ ტრამპლინად შეიძლება იქცეს პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანისთვის...

მოკლედ, მას შემდეგ, რაც გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი გახდა, როგორც ირკვევა,

ტელევიზიის გენდირექტორობა საკუთარ ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს შესთავაზა.

პარტნიორთა კრების დაწყებამდე, ბაია გადაბაძის გადადგომის მთავარ მოტივად კი ტელეკომპანიის რეიტინგის დაცემა დაასახელა.

"უკვე სამი წელია ბაია გადაბაძე მართავს ტელევიზიას. ამ ხნის განმავლობაში რეიტინგი 4%-მდე დავიდა. ასევე სასამართლოში შესულია "მაესტროს" გაკოტრებაზე საქმე. ვიდრე არ დაინგრევა "მაესტრო", მანამდე არ უნდა შეიცვალოს ვითარება?" - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

"ძალიან დიდი ტვირთი უნდა ავიღო ჩემს თავზე, რომ "მაესტროს" რეიტინგი გავზარდო", - ამის შესახებ უკვე ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მისი და მისი ძმის მიზანია გაკოტრებული ტელევიზია გადაარჩინონ.

"ეს არ არის აქციონერთა პირველი კრება. მე არაერთხელ დავაყენე საკითხი, რომ მთლიანად კომპანია შემასწავლინონ და მე დავდებ გეგმას ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად. მთავარია, რომ ტელეკომპანიის რეიტინგი 15%-დან 4%-მდე არის დაწეული. ჩემი ძმის სატელევიზიო კრეატიული აზროვნების მეშვეობით, იმედი გვაქვს, რომ რეიტინგს ავწევთ", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მან კომენტარი გააკეთა ირაკლი რუხაძის მონაწილეობაზე "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში.

"ირაკლი რუხაძემ ფული გვასესხა, ჩვენი დიდი ხნის მეგობრობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ მედია იყოს თავისუფალი და ფინანსურად დამოუკიდებელი", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორიოდე დღის წინ "უცნობი" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რაც არც უარყვია:

"პრემიერ-მინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხდები", - განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ პრემიერთან "მაესტროს" თემაზე არ ულაპარაკია.

რაც შეეხება ტელეკომპანიის მომავალს, გია გაჩეჩილაძის მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა. მისი თქმით, "მაესტრო" შეინარჩუნებს საინფორმაციო გამოშვებას, ექნება ახალი ფორმატი, რომლის შესახებ უკვე არსებობს კონცეფცია.

ასევე მისი თქმით, აუცილებლად ითანამშრომლებს ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან: ეკა აკობიასა და მამუკა ღლონტთან.

მოკლედ, აშკარაა, რომ წინა საარჩევნოდ სატელევიზო სივრცის გადანაწილება დაწყებულია, ვინ სად აღმოჩნდება საპარლამენტო არჩევნების წინ - ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სიაში თუ პოლიტიკურ მხარდამჭერთა შორის, მოკლე დროში ვნახავთ.