"არ ვამბობ, რომ ხელი მოვაჭრათ ან ენა" - მაშ, რას ამბობს ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტი?! - კვირის პალიტრა

"არ ვამბობ, რომ ხელი მოვაჭრათ ან ენა" - მაშ, რას ამბობს ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტი?!

მას შემდეგ, რაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტს, ამას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა და საკითხი განხილვის საგნად იქცა.

საქმე ეხება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას. ინიციატივის მიხედვით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ქმედება ხდება და სამართალდამრღვევს ფულადი ჯარიმა ეკისრება.

სოსო ჯაჭვლიანის თქმით, დასჯადი ხდება რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციების, ღვთისმსახურისა და მორწმუნეების მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხოფას, რომლიც გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. ხოლო რელიგიური შენობების, და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერ წარწერის გაკეთება, ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, საბოლოოდ შევა თუ არა ცვლილებები კოდექსში, გთავაზობთ ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრებას:

ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, 24-ე მუხლს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაივლის იურიდიულ კომიტეტს, იმედი მაქვს, პარლამენტი ამას არ მიიღებს და დარჩება როგორც კურიოზული შემთხვევა, იმიტომ, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი. ალბათ კეთილი გრძნობითაა დაწერილი და ავტორებს რაღაც კარგი უნდოდათ, მაგრამ არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რელიგიური გრძნობა და არის ბალანსი. ბალანსი უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ, როგორც ამას ამტკიცებს კონსტიტუცია".

დოდო ხურცილავა, ხელოვნებათმცოდნე:

"როდესაც ადამიანი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და ერთი მილიონი კაცის კი არა, ასი მილიონი კაცის გრძნობებს შეურაცხყოფს, ქრისტიანი იქნება ეს, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა, კეთილი ინებოს და პასუხი აგოს იმაზე, რასაც იტყვის. ქუჩაში, რომ გავაჩერო ადამიანი და შეურაცხყოფა მივაყენო, არ უნდა დამსაჯონ ამის გამო? როდესაც ას მილიონ კაცს აყენებ შეურაცხყოფას და მის რელიგიურ გრძნობებზე თამაშობ მაშინ არ უნდა დაისაჯოს? არ ვამბობ, რომ ხელი მოვაჭრათ ან ენა, მაგრამ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც სხვების გრძნობებს აყენებს შეურაცხყოფას, ამაზე პასუხი უნდა აგოს".

ლაშა ბუღაძე, მწერალი:

"არ ვიზიარებ ჯაჭვლიანის ინიციატივას, აბსოლუტურად ბუნდოვნად მიმაჩნია. ჯარიმების დაწესება ჩემი აზრით ცენზურისკენ გადადგმული ნაბიჯია.

სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი:

- უცილებელია, რომ ამ საკითხზე გარკვეული სანქციები არსებობდეს. მაგალითად, თუ სინაგოგას ვინმე "ცხელი ტვინის" ადამიანმა ან პროვოკატორმა რამე მიახატა, ასეთი ქმედება ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, ისევე როგორც თუ კი ეკლესიას რაიმე უხამს წარწერას გაუკეთებენ ან წირვის პროცესს ხელს შეუშლიან ხელს. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ნებისმიერი რელიგიის მიმართ განსხვავებული მოსაზრება აქვს და გამოთქვამს ჯანსაღ კრიტიკას, ეს არ უნდა ისჯებოდეს, რადგან ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. უნდა მოხდეს საკითხის დიფერენცირება, რომ გარკვეული ქმედებები აუცილებლად იყოს დასჯადი. ხოლო ქმედება, რომელიც სიტყვის თავისუფლების ფარგლებში, არ უნდა დაისაჯოს. ამ კანონპროექტში მე ვხედავ გარკვეულ მინუსებსა და პლიუსებსაც.

- თუმცა რა დააშავა თუნდაც ექიმმა ან მასწავლებელმა?

- ეს არის ქართველოფობიურად განწყობილი პოლიტიკოსების და ე.წ. ლიბერალისტური ძალების მიერ შემოგდებული თემა. ცალსახაა, რომ არა მარტო რელიგიური პირის, არამედ ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს, ეს სისსხლის სამართლის კანონმდებლობაში გაწერილია და არსებობს სანქციები.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)