"მურუსიძე კუბლაშვილზე ბევრად საშიშია" - კვირის პალიტრა

"მურუსიძე კუბლაშვილზე ბევრად საშიშია"

"თუ ამ პროცესს არ შეაჩერებენ, მალე ბომბი აფეთქდება"

"არსებობს ვერსია, რომ ტესტების გაჟონვის კამპანია გვენეტაძის წინააღმდეგ დაიგეგმა"

"მურუსიძე დამოუკიდებლად არ მოქმედებს. მისი ინტელექტუალური რესურსი ამ მასშტაბის კამპანიის დაგეგმვას ვერ გასწვდება"

სასამართლო სისტემაში გავლენისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაში შედის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე კი ამჯერადაც თამაშგარე მდგომარეობაშია... სისტემაში სკანდალი მოსამართლეთა კონფერენციით დაიწყო, რომელსაც ნინო გვენეტაძე, ოფიციალური ვერსიით, მივლინებაში ყოფნის გამო არ დასწრებია. იუსტიციის საბჭოს წევრების მტკიცებით, გვენეტაძეს კონფერენციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა, საბჭო კი არავის გაუფრთხილებია, რომ თავმჯდომარე შეკრებაზე ვერ მივიდოდა. ცნობილია, რომ გვენეტაძე მივლინებაში მართლაც იმყოფებოდა და საქართველოში კონფერენციის ჩატარების დღეს დაბრუნდა, თუმცა შეხვედრაზე არც მეორე დღეს გამოჩენილა. სანამ გვენეტაძე კონფერენციას თავს არიდებდა, მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს საკუთარი თავისუფლების გარანტად მოიხსენიებდნენ. მეტიც, შეკრებილებს მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ასე მიმართა: "დღეს ჩვენ ვართ ლევან მურუსიძე", ნაწილმა კი იუსტიციის საბჭოს მისამართით არც ვაჟას ციტატები დაიშურა: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო"... კონფერენციის დასასრულს მურუსიძისთვის ერთგულების დასამტკიცებლად 277 მოსამართლიდან 218-მა ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი და პრეზიდენტი მარგველაშვილი სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა.

ლევან მურუსიძის მიმართ მოსამართლეთა დამოკიდებულების ფონზე, გვენეტაძის გადაწყვეტილებამ მოწონება არც მმართველ გუნდში დაიმსახურა. თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრაზე წარმომადგენლობით ჯგუფს საბჭოს ხელმძღვანელი უნდა დახვედროდა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კი ყურადღება ნინო გვენეტაძის მივლინებებზე გაამახვილა: "ასე, შემთხვევით, მივლინებებს არ იგრძელებენ. სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ".

სანამ სასამართლო სისტემაში სიმართლეს არკვევდნენ, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის საბჭოს ბრალი, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულში დასდო. მისი მტკიცებით, მოსამართლეების ჩასაბარებელ ტესტებზე ინფორმაციამ საბჭოდან გაჟონა, თუმცა ვინ აწვდიდა კაზუსების პასუხებს კონკურსანტებს, ამის დადგენა ისევ "ეჭვმიტანილ" საბჭოს დაევალა. მეტიც, მურუსიძის მტკიცებით, მამუკა ახვლედიანმა გაჟონილი ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროვა და სკანდალურ ფაქტებს მომავალში თავადაც გაახმოვანებს. სკანდალების გახმაურებამდე კი, საბჭოს მდივანმა 4 თებერვალს მამუკა ახვლედიანს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო. მოტივად ეთიკის დარღვევა და სასამართლოს შეურაცხმყოფელი განცხადებები სახელდება. არ არის გამორიცხული, დისციპლინური დევნა მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების წინა პირობაც გახდეს, თუმცა მურუსიძეც და ახვლედიანიც მოვლენების განვითარების ამ სცენარზე საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებენ.

რა ხდება სასამართლო სისტემაში, ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" იურისტი ლია მუხაშავრია საუბრობს:

- სასამართლო სისტემაში არსებული რეალობა, ფაქტობრივად, გაშიშვლდა. წლების განმავლობაში დანაშაულებრივ ჯგუფებში ჩართულ მოსამართლეებს გაუჩნდათ შანსი, შეთითხნილ უმძიმეს საქმეებს თავი დააღწიონ და სისტემაში უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ. ეს მოლოდინი მას შემდეგ გამყარდა, რაც ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად შეირჩა და მან პირობაც შეასრულა დანაშაულებრივ საქმეში გარეული მოსამართლეების დისციპლინური დევნა აღარ დაიწყო. მეტიც,

ხელისუფლების წნეხის შერბილებამ მოსამართლეებს მეტი ამბიცია გაუღვიძა და მათ ბერკეტის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა დაიწყეს.

- სასამართლოში შექმნილ ქაოსზე პასუხისმგებლობა ნინო გვენეტაძეს არ ეკისრება?

- უნდა გვესმოდეს, ვისთან აქვს დღეს გვენეტაძეს საქმე - ისინი საშიში მოსამართლეები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ ბინძურ დავალებებს ასრულებდნენ. მათ "ნაცმოძრაობის" ეპოქა გამოიარეს, ყველა ვითარებას მოერგნენ და ახლა თავის გადარჩენასაც ახერხებენ. მურუსიძის კასტა ბევრად სერიოზულ ძალას წარმოადგენს, ვიდრე შეიარაღებული ძალა და პოლიციაა - სწორედ მათ ხელშია კანონი და სამართალი. არსებობს ვერსია, რომ ტესტების გაჟონვის კამპანია გვენეტაძის წინააღმდეგ დაიგეგმა. მას ხაფანგი დაუგეს. არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი მურუსიძემ წინასწარ გათვალა და ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დაშანტაჟებას ცდილობს. მურუსიძე დღეს ბევრად საშიშია, ვიდრე თავის დროზე კუბლაშვილი იყო. მართალია, კონკურსანტი, რომელმაც ასი ქულა მიიღო, ნინო გვენეტაძის ნაცნობი აღმოჩნდა, მაგრამ მან საზღვარგარეთ კვალიფიციური განათლება მიიღო. არ მეეჭვება, რომ ირინა ხერხეულიძემ უმაღლესი ქულა მიიღო, მაგრამ იუსტიციის საბჭო ამას გვენეტაძის წინააღმდეგ იყენებს. არც ის არის გამორიცხული, ტესტირებისას კაზუსების პასუხი ვიღაცამ ზედმიწევნით სპეციალურად დაამთხვია. თუ გვენეტაძემ ტესტებზე ინფორმაცია გაიტანა, რატომ დუმდა საბჭო ორი თვის განმავლობაში და ახლა რატომ ალაპარაკდა? გამოდის, მურუსიძე და მისი გუნდი დანაშაულს ხელს აფარებდნენ.

მსგავსი ქმედებებით გვენეტაძის დატერორებას ცდილობენ, რათა ის გარკვეულ გარიგებებში ჩაერთოს. პროკურატურის უმოქმედობაც მაოცებს. როგორც კი მამუკა ახვლედიანმა, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაული გაასაჯაროვა, პროკურატურას ძიება უნდა დაეწყო.

- ვის აწყობს დღეს სასამართლოში ფლანგებს შორის დაპირისპირება?

- არ ვფიქრობ, რომ პროცესში ხელისუფლებაა ჩართული, მურუსიძე კი დამოუკიდებლად არ მოქმედებს. მისი ინტელექტუალური რესურსი ამ მასშტაბის კამპანიის დაგეგმვას ვერ გასწვდება. მსმენია, მას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმარებიან.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ მურუსიძეს მატერიალურადაც უმაგრებენ ზურგს. მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე წინა ხელისუფლების დროსაც კარგად გრძნობდნენ თავს და დღესაც გავლენის შესანარჩუნებლად ხელთ არსებულ არსენალს იყენებენ. თუ ამ პროცესს ხელისუფლება არ შეაჩერებს, მალე ბომბი აფეთქდება, რომელიც პირველ რიგში მმართველ გუნდს გადაიყოლებს.

"ეს გაუგონარი თავხედობა იყო"

ანა ნაცვლიშვილი, საიას თავმჯდომარე: - მურუსიძემ კონფერენციაზე მოსამართლეებს გამოუცხადა, ანგარიშს არ წარმოგიდგენთო. ეს გაუგონარი თავხედობა იყო. ნაცვლად იმისა, თავისი საქმიანობის ანგარიში მოსამართლეთა კორპუსისთვის წარედგინა და მათი კრიტიკა მიეღო ან მნიშვნელოვან გამოწვევებზე ემსჯელა, კონფერენცია თეატრად გადააქცია...

მურუსიძე იმ ტიპის ადამიანია, რომელიც პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს. ამჯერად კი სააპელაციო სასამართლოში მისი გამწესების სამარცხვინო საქმეში მოსამართლეთა კონფერენციაც გარია. სასამართლო სისტემის მიმართ მსგავსი მიდგომებით, ყველაფერი თავზე ჩამოგვემხობა.

რუსუდან შელია