როდის შეწყვეტს კალაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებას - კვირის პალიტრა

როდის შეწყვეტს კალაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებას

"არ ვიცი, აზერბაიჯანული მხარე იტყუება თუ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ..."

რა ეტაპზეა "გაზპრომთან" მოლაპარაკება და გათვლილია თუ არა პოლიტიკური საფრთხეები, ამ კითხვებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პასუხობს:

- კომპანია "ფრონტერას" განცხადებით, კახეთში აღმოჩენილი გაზის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება?

- შესაძლოა მიწის ქვეშ ბუნებრივი აირის გარკვეული მარაგები იყოს, მაგრამ ინფორმაციის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციაა საჭირო, ფაქტის დამტკიცების შემდეგ უნდა გადაწყდეს, რამდენად სწორი იქნება ამ გაზის ამოღება როგორც კომერციულად, ისე ბიზნესის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანია საქართველოში 20 წელია მოღვაწეობს, მათ მიერ წარმოდგენილ ლიცენზიაში კი, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, მსგავს სამუშაოებზე არაფერია ნათქვამი.

- ბაქოში თქვენი ვიზიტისას, რა საკითხზე ისაუბრეთ აზერბაიჯანულ მხარესთან?

- ბაქოში "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შევხვდი. საუბარი გაზსაცავზე გვქონდა, რომლის მშენებლობაც, ვფიქრობ, წელს დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. შაჰ-დენიზზეც ვისაუბრეთ, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტი მათი დახმარებით შევავსოთ. ეს მხოლოდ "სოკარის" გადასაწყვეტი არ არის, კონსორციუმში სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია ერთიანდება. მათ რამდენჯერმე ვთხოვეთ, ჩვენთვის დამატებითი მოცულობის წამოღების შესაძლებლობა მოეცათ, თუმცა უარს ვიღებდით. ამჯერად მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში შევიდა...

- თუ შაჰ-დენიზიდან გაზის დამატებითი მოცულობის წამოღება მოხერხდა, "გაზპრომთან" მოლაპარაკება დასრულდება?

- გაზის ის მოცულობა შეიძლება აღარ იყოს საჭირო, რაზეც დღეს არის საუბარი.

- თავდაპირველად ამტკიცებდით, რომ გაზის ძირითად იმპორტიორ "სოკარს" ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია. "სოკარის" პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი (როცა აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდება შეუძლია), თქვენ აღნიშნეთ, რომ "გაზპრომი" ჩვენთან 20 წლის წინ დადებული კონტრაქტის შეცვლას ითხოვს და საქართველოს გაზსადენში გატარებული გაზის სანაცვლოდ, ბუნებრივ აირს კი არ დაგვიტოვებს, ტრანზიტის საფასურის გადახდაზე საუბრობსო. არ ფიქრობთ, რომ ამ დამაბნეველი განცხადებებით საკითხი ბუნდოვანი გახადეთ?

- რეალობა ასეთია - ჩვენ გაზის დამატებითი მოცულობა გვჭირდება. ჩემი განცხადებები კი შეხვედრების თანამდევი იყო, როგორც კი რაიმე დეტალი ხდებოდა ცნობილი, ავტომატურად ვასაჯაროებდი.

- თუ დამატებითი გაზის მოწოდების პრობლემა არსებობდა, არ ჯობდა, ამაზე საჯაროდ გესაუბრათ და "გაზპრომთან" გასაიდუმლოებულ შეხვედრებზე საზოგადოებას უცხოური პრესის საშუალებით არ გაეგო?

- პირველი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ და არც მას შემდეგ მოვრიდებივართ ამ საკითხზე საუბარს. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც "გაზპრომმა" საუბარი ფულად ანაზღაურებაზე დაიწყო. მოგეხსენებათ, "გაზპრომთან" ხელშეკრულებას ყოველწლიურად ვაფორმებთ. მათი მხრიდან ისიც გაჟღერდა, რომ სომხეთისთვის ირანული გაზის მიწოდების გაზრდაც სურთ, მაგრამ ეს საქართველოსთვის მომგებიანი არ არის. რა თქმა უნდა, ეს "გაზპრომსაც" ხარჯებს გაუზრდის და მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადებაც მოუწევს, რომ სომხეთის მოთხოვნა ირანის საშუალებით სრულად დააკმაყოფილოს.

- ექსპერტების შეფასებით, ირანული გაზით ჩანაცვლებაზე საუბარი, რომლითაც "გაზპრომი" საქართველოს მთავრობას აშანტაჟებს, ბლეფი და მოლაპარაკების პროცესზე პრიმიტიული ზეწოლის ხერხია. მოლაპარაკებაში ირანის როლზეც მხოლოდ ირანული მედიიდან გახდა ცნობილი.

- არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "გაზპრომი"... რაც შეეხება ექსპერტების შეფასებებს, საერთოდ, სიტყვა "ექსპერტი" ზოგიერთის განცხადებების შემდეგ გაუფასურდა. სისულელეებზე საუბარს ჯობია, მოვიდნენ და ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციას მივაწვდი. ისინი "ნაცმოძრაობის" გზას ადგანან და უნდათ, ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი შესძინონ.

- ანუ, ვისაც დღეს "გაზპრომზე" კითხვა უჩნდება, პოლიტიკურად ანგაჟირებულია?

- დიახ, აბსოლუტურად ასეა.

- იგივე შეგიძლიათ თქვათ რესპუბლიკელებზეც? მათაც მწვავე კითხვები გაუჩნდათ.

- ნოემბერში მათ გამოგზავნილ კითხვებს პასუხი სრულად გავეცით, თუმცა მას შემდეგ ახალი საკითხებიც წამოიჭრა... საერთოდ, გულგრილად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობ. წარმოიდგინეთ, ბუნებრივი აირის გარეშე თუნდაც ერთი მოქალაქე რომ დარჩენილიყო, ამას რა მოჰყვებოდა...

- გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შესაძლოა "გაზპრომთან" მოლაპარაკებას მოჰყვეს?

- დღეს "გაზპრომის" წილი გაზით მომარაგებაში მხოლოდ 10%-ია, თუ დამატებით მოცულობაზე შევთანხმდებით, ეს წილი მხოლოდ 12-13%-მდე გაიზრდება. რა რისკი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, თუ სხვა სახელმწიფოზე 13%-ით არის დამოკიდებული.

დღეს გაზის მოცულობის მხოლოდ 3%-ით გაზრდაა აუცილებელი, რადგან "სოკარი" საჭირო მოცულობას ვერ გვაწვდის.

- აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ჩვენთვის გაზის მოცულობას მაქსიმუმამდე, დღეში 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიდა.

- ამ საკითხზე ყოველ წელს ვსაუბრობთ, მაგრამ ფაქტია, ვერ ახერხებენ დამატებითი მოცულობის გამოტარებას. ამისთვის დამატებითი ინვესტიციებია საჭირო, კომპრესორებია დასაყენებელი, რომ ამ მილსადენით მეტი ბუნებრივი აირი წამოვიღოთ.

- აზერბაიჯანული მხარე იტყუება?

- არ ვიცი, იტყუება თუ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეც ეს პრობლემა დაადასტურეს.

- რას უკავშირდება "გაზპრომის" შეცვლილი პირობა და მასთან შეთანხმების შემთხვევაში, ხელშეკრულებას თუ გაასაჯაროებთ?

- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რაზე შევთანხმდებით... რაც შეეხება პირობების შეცვლას, საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს, რომ ნედლეულის ნაცვლად გარკვეულ საფასურს იღებენ. ასე ხდება ევროპაშიც. როდესაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს, ჩვენს შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ, 10%-ს არ მოგვაწვდიან?

- ოპონენტები 2006 წელს გახსენებენ, როდესაც საუბარი იყო, რომ რუსეთმა მილსადენი ააფეთქა და ქვეყანა, ფაქტობრივად, ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

- ერთ-ერთი ექსპერტი იმასაც ამბობდა, ეს კარგად დაგეგმილი პიარკამპანია იყოო. ფაქტები არა მაქვს, ამასთან, ლოგიკას ვერ ვხედავ, რაში სჭირდებოდა რუსეთს საქართველოს ბუნებრივი აირის გარეშე დატოვება? თუ მისი მოტივი რეალური იყო, რატომ აღადგინეს ერთ კვირაში მოწოდება?

- მაშინ რუსული გაზის ჩანაცვლება აზერბაიჯანულით არ მომხდარა?

- ეს იყო დიდი ტყუილი, რადგან 2006 წელს საქართველო 99%-ს ისევ რუსეთიდან იღებდა.

- მალე საქართველო ევროკავშირის "ენერჯი ქომუნითის" წევრი უნდა გახდეს, ეს პროცესი "გაზპრომთან" მოლაპარაკების პარალელურად როგორ წარმოგიდგენიათ?

- "გაზპრომის" თემა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გაწევრებაზე კითხვის ნიშნები დაისვას...

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ვისაუბროთ. როგორ აფასებთ "მაესტროს" მოვლენებს? რას უპასუხებთ ბრალდებას, რომ ეს ხელისუფლების წინასაარჩევნო სურვილებს უკავშირდება?

- ეს შიდა სამზარეულო და მეწილეებს შორის დაპირისპირებაა.

- ლაპარაკობენ თქვენს პოლიტიკურ ამბიციებზეც, თითქოს პრემიერობა გსურთ...

- დღეს მნიშვნელოვან დარგს ვხელმძღვანელობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამოწვევებს წარმატებით ვუპასუხოთ.

- თუმცა ხშირად იჭრებით იმ სფეროებშიც, რომელსაც თქვენს სამინისტროსთან კავშირი არა აქვს. მაგალითად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დღეს მოლაპარაკებას აწარმოებდით. ითქვა ისიც, რომ გარდაბნის გამგებელიც არჩევნებზე თქვენი წარდგენილი კანდიდატი იყო.

- გარდაბანში კანდიდატი გუნდმა შეარჩია და შედეგიც ღირსეულია.

- ითქვა, რომ გუნდში ახალ სახეებს პროფესიული თვალსაზრისით შეარჩევენ, მსახიობებსა და სპორტსმენებს კი ნაკლებად დაეყრდნობიან.

- პროფესიის მიხედვით ადამიანების დაყოფა არასერიოზულია. ჩვენი კარი ღიაა მათთვის, ვინც ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაზე ფიქრობს.

რუსუდან შელია