გია გაჩეჩილაძე: "კეზერაშვილის გეგმა ჩაიშალა!" - კვირის პალიტრა

გია გაჩეჩილაძე: "კეზერაშვილის გეგმა ჩაიშალა!"

ბაია გადაბაძე: "აუცილებლად გავასაჯაროებ გარკვეულ მიმოწერას მტკიცებულებებთან ერთად"

"მაესტროში" ერთმანეთს ტელეკომპანიის მეწილეები დაუპირისპირდნენ. მოვლენათა ეპიცენტრში მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") მოექცა, რომელმაც 30%-იანი წილი შეიძინა და 55%-იანი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, "უცნობი" 2 თებერვლამდე "მაესტროში" 25%-ს ფლობდა. გია გაჩეჩილაძემ ინვესტორის ვინაობაც გაასაჯაროვა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა. ამჟამად ტელეკომპანიის მეწილეთა განახლებული კონფიგურაცია ასე გამოიყურება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მაკა ასათიანი - 25%, მამუკა ღლონტი - 15%, ეკა აკობია - 5%. შეიცვალა დირექტორიც - ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა, თუმცა ძმებს ტელეკომპანიის შენობაში შესვლა გადაბაძემ აუკრძალა. გაჩეჩილაძეებთან დაპირისპირებულმა "მაესტროს" დამფუძნებლებმა "ტვ 11"-ის სიხშირეზე ახალი "მაესტრო 24"-ის მაუწყებლობა დაიწყეს.

"ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა"

ბაია გადაბაძე: - როგორც კი ცნობილი გახდა, რომ გია გაჩეჩილაძემ დამატებით 30% შეიძინა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა: რატომ გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი რამდენიმე მილიონად და რატომ დაეხმარა კონკურენტი არხის წარმომადგენელი ირაკლი რუხაძე გია გაჩეჩილაძეს ფინანსურად? ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა და არ მჯერა, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს "მაესტროს" აღორძინების სურვილი ამოძრავებს. ყველაზე მეტად იმ ადამიანების მიკვირს, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა "მაესტროს" დასაცავად. ზოგიერთს არც ის უნ-და დაავიწყდეს, რომ ხელისუფლებაში მათ მოსაყვანად "მაესტრომ" დიდი ძალისხმევა გასწია.

- რაზე მიანიშნებთ?

- იმდენად დიდია მედიის გაკონტროლების ცდუნება, რომ შესაძლოა ზოგიერთი ამ ნაბიჯზე შეგნებულად მიდის. "მაესტრო" მომგებიანი ტელევიზია არ არის, ტელეკომპანიას 54 მილიონი ვალი აქვს და რატომ იხდიან მის აქციებში მილიონებს?!

- თქვით, რომ მიმოწერასაც გაასაჯაროებთ და მტკიცებულებებიც გაქვთ.

- აუცილებლად გავასაჯაროებ გარკვეულ მიმოწერას, მტკიცებულებებთან ერთად, მაქვს ინფორმაცია, როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები, როგორ იგეგმებოდა ეს სქემა.

- რაც შეეხება ჟურნალისტების ბედს, მათ "მაესტრო 24"-ში გადასვლას სთავაზობთ?

- ჯერჯერობით ჟურნალისტებისთვის არაფერი შემითავაზებია, ვმუშაობ გეგმაზე... ვითარებაზე უკვე ვისაუბრეთ, ისიც ვუთხარი, რომ ზედმეტ მოლოდინს არ გავუჩენ...

რაც შეეხება ლოგოს, 8 თებერვლიდან ტელეკომპანია "მაესტრო" მაუწყებლობას წარწერის გარეშე განაგრძობს. ბაჩო კიკაბიძეს ჩემთვის ლოგო სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადმოცემული ამ მენეჯმენტისთვის და დამფუძნებლების იმ კონფიგურაციისთვის, რაც აქამდე იყო. ვიცოდი, სხვა შემთხვევაში ის ამის წინააღმდეგი იქნებოდა. ამიტომ ჩემს თანამშრომლებს მივეცი მითითება, ორშაბათს ლოგო ეთერიდან მოხსნან. ეს არის ჩემი ბოლო კანონიერი ბრძანება. წარწერა "მაესტრო" ეთერში არ იქნება, მხოლოდ ცისფერი ბურთი დარჩება.

"მაესტროს" გადარჩენაში ჩემი მეგობარი დამეხმარა"

გია გაჩეჩილაძე "მაესტროში" დავით კეზერაშვილის ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გაკოტრებული ტელევიზიის 30%-იანი წილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის გეგმების ჩასაშლელად შეიძინა:

- "მაესტროს" გაკოტრება აუცილებლად უნდა შემეჩერებინა, საბედნიეროდ, ტელევიზიის გადარჩენაში ჩემი მეგობარი ირაკლი რუხაძე დამეხმარა და კეზერაშვილის ინტერესებზე საუბარიც დამთავრდა. მოგეხსენებათ, "რუსთავი 2"-ს სურდა, "მაესტროს" სარეკლამო დრო შეეძინა, მაგრამ კეზერაშვილის გეგმა ჩაიშალა, რადგან ის "იმედმა" იყიდა.

პოლიტიკურ მოტივზე საუბარი კი აბსურდია. ტელევიზიის რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა და ახლა შევძლებ "მაესტრო" ისეთი ხარისხიანი გავხადო, როგორიც მას ეკადრება. აჟიოტაჟი ატყდა ჩემი და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით. ვიმეორებ, კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია და მასთან "მაესტროზე" არ მისაუბრია.

"გაჩეჩილაძე საკონტროლო პაკეტს დაკარგავს"

ტელევიზიის დამფუძნებლები სასამართლოში გია გაჩეჩილაძეს 25%-იან წილს ედავებიან. ირკვევა, რომ წლების წინ "უცნობს" ტელეკომპანიის დანარჩენი მფლობელებისთვის საკუთარი წილის ჩუქების სურვილი ჰქონდა.

მამუკა ღლონტი

- ერთი თვის წინ "მაესტროს" დამფუძნებლებმა სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გია გაჩეჩილაძეს ძველი დამფუძნებლებისთვის თავისი წილი უნდა გადაეცა. თუ სასამართლო ძველმა დამფუძნებლებმა მოიგეს, გაჩეჩილაძე საკონტროლო პაკეტს დაკარგავს.

- ითქვა, რომ ხელშეკრულება სრულყოფილი არ არის, რადგან პროცესს ტელეკომპანიის დაყადაღება დაემთხვა და წილის გაჩუქების პროცედურის დასრულებაც ვერ მოესწრო.

- სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა რომც არ დააკმაყოფილოს, პროცესმა უკვე ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა - ტელეკომპანია დასუსტდა, გაჩნდა "მეორე მაესტრო", ალბათ, კოლექტივიც გაიყოფა და შესაძლოა შენობაში ლევან გაჩეჩილაძეც არ შეუშვან. ამაზე ცუდი რა უნდა მომხდარიყო?! თუ გია გაჩეჩილაძეს ტელევიზიის გაფუჭება ჰქონდა ჩაფიქრებული, მაშინ მას ეს გამოუვიდა.

"უნდა გადმოვრთოთ ადამიანები "რუსთავი 2"-დან"

ლევან გაჩეჩილაძე: "ჩემს გეგმას ერთბაშად წარმოვადგენ. არავის გაშვებას არ ვაპირებ, ყველას ინტელექტუალური აზროვნების გამოყენებისკენ ვარ მოწოდებული. "მაესტროს" მართვა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდოდა, ბაიასთან ერთად დამეგეგმა ყველა ნაბიჯი... მხოლოდ სარედაქციო პოლიტიკა კი არა, იმისთვის, რომ ქართველი საზოგადოება ყოფილიყო თავისუფალი, ამას ჩემი ცხოვრების ერთი მეოთხედი შევწირე. პრინციპებიდან გადახვევას არ ვაპირებ, თავისუფლება უპირველეს ყოვლისა. ჩემი მთავარი ლოზუნგია: "გადმოვრთოთ ადამიანები "რუსთავი 2"-დან". მინდა "რუსთავი 2"-ის რეიტინგს ვაჯობო".

ჟურნალისტების განცხადება

ბარიკადის რომელ მხარეს დადგებიან ჟურნალისტები, ალბათ, უახლოეს დღეებში გაირკვევა, მანამდე კი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: ,,სარედაქციო დამოუკიდებლობა "მაესტროს" თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არც ერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის, არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არც ერთი მცდელობა. ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და "მაესტრო" არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო".

რუსუდან შელია