"არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს" - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი "უცნობთან" შეხვედრაზე?! - კვირის პალიტრა

"არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს" - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი "უცნობთან" შეხვედრაზე?!

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გია გაჩეჩილაძესთან მისი შეხვედრის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა.

კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობი") შეხვედრის დროს "მაესტროში" შექმნილი სიტუაციის შესახებ არ იცოდა, თორემ "სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად" შესაძლოა აღნიშნული შეხვედრისგან თავი შეეკავებინა. მისი თქმით, შეხვედრის თემა არა ტელევიზია, არამედ გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის საკითხი იყო, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს "პრობლემები შეექმნა".

"არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთოდ არ მახასიათებს ტყუილი, მაქვს ტყუილის აუტანლობა. 23:00 საათზე შევხვდი. ამ სპეკულაციებზე აღარ შემიძლია უკვე პასუხების გაცემა. 23:00 საათი სამუშაო დრო, მე მგონი, არ არის და მქონდა საუბარი გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის თაობაზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში რაღაც პრობლემები ჰქონდა. ეს იყო და ეს. პრინციპულად არ შევხვდი მეორე მხარეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს შევხვდი. იმასაც ვიტყვი აბსოლუტურად გულახდილად, რომ საერთოდ არ ვიცოდი, ეს სიტუაცია თუ ხდებოდა "მაესტროში", რომ მცოდნოდა, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი და შეიძლებოდა თავი შემეკავებინა შეხვედრისგან, ამხელა სპეკულაციები და მითქმა-მოთქმა რომ არ გამომეწვია. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ, არ ვიცი".

"ინტერპრესნიუსი"