"მაესტროში" თანხა არ ჩამიდია, უბრალოდ ვასესხე გია გაჩეჩილაძეს" - რას ამბობს ირაკლი რუხაძე ტელეკომპანიასა და "უცნობზე" - კვირის პალიტრა

"მაესტროში" თანხა არ ჩამიდია, უბრალოდ ვასესხე გია გაჩეჩილაძეს" - რას ამბობს ირაკლი რუხაძე ტელეკომპანიასა და "უცნობზე"

"მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, რომლის სახელიც ამ მოვლენებში ფიგურირებს, პირველი კომენტარი გააკეთა.

არსებული ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძემ რუხაძის მიერ მიცემული ფულით "მაესტროს" 55 %-იანი წილი იყიდა, სწორედ ამ თანხის შესახებ გააკეთა კომენტარი გადაცემა "20/30"-ში მისულმა რუხაძემ.

ბიზნესმენის განცხადებით, მან გია გაჩეჩილაძეს ფული პროცენტით ასესხა. ის დარწმუნებულია, რომ გაჩეჩილაძე ფულს დაუბრუნებს. კითხვაზე, თუ რა თანხა ასესხა გაჩეჩილაძეს, რუხაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "ეს მათი საქმე არ არის და ჰკითხონ უცნობს".

ირაკლი რუხაძე: "მაესტროში" თანხა არ ჩამიდია, უბრალოდ ვასესხე ჩემს მეგობარს. პროცენტით დამიბრუნებს. ეჭვი არ მეპარება, რომ დააბრუნებს, ამიტომ მე მაწყობდა... ჩემი მეგობარია და ვასესხე. კარგა ხანია "მაესტროს" ყიდის კოტე გოგელია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გოგელია 5 ნახევარ მილიონს ითხოვს, რაზეც უცნობი არ თანხმდება, ეს არის და ეს. ვერ თანხმდებიან და ამიტომ ატყდა ერთი ამბავი. აბსოლუტურად ნორმალური პროცესია".

ირაკლი რუხაძე, "სალფორდ ჯორჯიას" ხელმძღვანელი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი გახლდათ. როგორც ოფიციალური მასალებიდან ირკვევა, ის ამერიკის მოქალაქეა. მეტიც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ, "ლიბერთი ბანკის" აქციები ვლადიმერ გურგენიძემ გაყიდა, "სამეთვალყურეო საბჭოს" წევრად კი, სწორედ ირაკლი რუხაძე აირჩიეს. რუხაძის გვარი დაუკავშირდა ირაკლი ალასანიას პარტიასაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუხაძე 2010 წელს მერის არჩევნებში "თავისუფალ დემოკრატებსაც" აფინანსებდა. კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ მას საქართველოში დიდი პოლიტიკური გეგმები აქვს.