"რეესტრი გადაწყვეტილებას ჩემი "მეგობარი" პრემიერის გარეშე ვერ მიიღებდა" - ვისკენ იშვერს ხელს "უცნობი"? - კვირის პალიტრა

"რეესტრი გადაწყვეტილებას ჩემი "მეგობარი" პრემიერის გარეშე ვერ მიიღებდა" - ვისკენ იშვერს ხელს "უცნობი"?

"ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს"

"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებას ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

ლევან გაჩიჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების პროცესის შეჩერების თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "უცნობმა" განცხადება გავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას.

"მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების ჩარევის გარეშე. ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი "მეგობრის" - პრემიერ მინისტრის გარეშე.

რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ტელევიზიის დირექტორს შეეძლოს მფლობელზე და კანონზე მაღლა დადგეს: არ გადაიხადოს გადასახადები, დააგროვოს ვალები, გაანიავოს ინტელექტუალური საკუთრება, კონკრეტული აქციონერების შეკვეთით მიზანმიმართულად გააკოტროს და "გადააგდოს"კომპანიის სხვა აქციონერები. ეს უკვე არის გაცხადებული გეგმა, რომლის მიზანია გაკოტრებული კომპანიის ნაცვლად, შეიქმნას ახალი კომპანია, სადაც მხოლოდ კოტე გოგელია დარჩება, ხოლო სხვა კანონიერი მფლობელების ადგილი აღარ იქნება. კოტე გოგელიას ახალი კომპანია - იგივე ეთერით და ეთერ გადაბაძით! ეს ყველაფერი იფუთება "თავისუფალი სიტყვის ზეიმად" და "პოლიტიკურ დაკვეთასთან" ბრძოლად, ორი მთავარი მესიჯით: "მივრბივარ ამერიკის ელჩთან" და "ყველაფერი ბიძინას ბრალია."

როდესაც 55 % წილის მფლობელი აქციონერი ვერ ცვლის დირექტორს, მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, ეს არა "მაესტროს", არამედ მთელი ქვეყნის უბედურებაა.

ქვეყნის მართვა არ გულისხმობს მთავრობის პასიურ პოზიციას პრინციპულ საკითხებზე. ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს, ქვეყნის მართვა არ ნიშნავს ტელევიზიების გასვლას კანონიერების სივრციდან. ეს ნიკა გვარამიას და ეთარ გადაბაძის მიერ ქვეყნის მართვას უფრო გავს. ჩვენ ისინი არ აგვირჩევია! ეს ნორმალურია?

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტელე-შანტაჟების ეპოქა! ამიტომაც განვაგრძობ ბრძოლას "მაესტროს" გადასარჩენად" - ნათქვამია გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"