რატომ განიხილავს მთავრობა რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს?! - კვირის პალიტრა

რატომ განიხილავს მთავრობა რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს?!

"ევროპაში გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანია რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა"

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხზე მთავრობის შიგნით არაერთხელ უმსჯელიათ.

მინისტრი გამოეხმაურა ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს რუსეთის ზეწოლისა და რბილი ძალის გაძლიერების თაობაზე.

სოზარ სუბარი:

"ამ განცხადებას შესაბამისი მოწოდებაც ახლდა, რომელიც მე ასე გავიგე, რომ რაც მალე გაიღება დასავლეთის კარები საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ზეწოლა ხორციელდება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ყველასთვის და ამას მივესალმები... ლაპარაკია არა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამი ქვეყნისთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვის დახმარების გაზრდასა და გაძლიერებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე ევროპაში გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანია რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. რუსული პროპაგანდა ზოგადად მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი.

მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც სათანადოდ არ იციან სახელმწიფო ენა, ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაციის მიღების საშუალება იმ ყოველდღიურ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება".

"ინტერპრესნიუსი"