"უფლება არ გაქვთ მიკარნახოთ სად რა უნდა გავაკეთო" - რაზე იკამათეს ბიძინა ივანიშვილმა და "ნაცმოძრაობის" წევრებმა?! - კვირის პალიტრა

"უფლება არ გაქვთ მიკარნახოთ სად რა უნდა გავაკეთო" - რაზე იკამათეს ბიძინა ივანიშვილმა და "ნაცმოძრაობის" წევრებმა?!

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისია ხეები, ექსპრემიერმა უპასუხა - "ეს ხეები ნაყიდი მაქვს"

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ციხისძირში იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები ტარდება.

ადგილზე იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებიც, რომელთაც ივანიშვილს იმ საბუთების წარდგენა სთხოვეს, რომელიც ხეების გადარგვის კანონიერებას ადასტურებს. ექსპრემიერსა და პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვის შეჩერებას სთხოვდნენ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ურჩევნდნენ, რომ იმ ფინანსებით, რასაც ხეების გადარგვაში ხარჯავდა, ახალი ხეების შემოტანა შეეძლო.

"თქვენ გაქვთ უფლება იყიდეთ, შემოიტანეთ. ბატონო ბიძინა, თქვენ რაც გიჯდებათ გადარგვა, ახალი ხეები შემოიტანეთ", - მიმართეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ივანიშვილს.

"თქვენ არ გაქვთ უფლება მიკარნახოთ სად უნდა გავაკეთო", - ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, იგი აპირებს პირადად დაინტერესდეს კანონიერად ხდება თუ არა ხეების გადარგვა.

"მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, ამიტომ უნდა გადავამოწმო, თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება", - აცხადებს ივანიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისია ხეები, ექსპრემიერმა უპასუხა - "ეს ხეები ნაყიდი მაქვს".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ პოლიცია მის დაკვეთას ასრულებს და აქციის წევრებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს, უხეშად ერევა დემონსტრანტების პროტესტში და აპატიმრებს. ექსპრემიერის თქმით კი, მას არანაირი კავშირი ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით