"ჩიორა ბევრ ადამიანს ნერვებს უშლის, მათ შორის მეც, მაგრამ დათო თაქთაქიშვილი უკეთილშობილესი ადამიანია" - კვირის პალიტრა

"ჩიორა ბევრ ადამიანს ნერვებს უშლის, მათ შორის მეც, მაგრამ დათო თაქთაქიშვილი უკეთილშობილესი ადამიანია"

"ერთხელ საყვედურიც მივიღე დათოსგან, საჯარო ბიბლიოთეკასთან ჩიორას ცხვირი რომ გაუტეხეს, შენ სად იყავიო. მივიღე ეს საყვედური. ქუთაისში ვიყავი, თორემ ჩიორას კი არა, ნებისმიერს დავიცავდი".

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მამა მარკეტში ქურდობაში ამხილეს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება გავრცელდა, რომელშიც ვკითხულობთ: სუპერმარკეტ "ზღაპარში" მომხდარ ქურდობაზე მხილებულია ერთი მამაკაცი დ.თ. გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს". ჩიორა თაქთაქიშვილმა მამასთან დაკავშირებულ ინციდენტზე პირველი კომენტარი "ფეისბუკში" გააკეთა. როგორც ის განმარტავს, მამამისმა პროდუქტების შეძენის დროს შოკოლადის ფილა, რომელიც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი მისი სალაროში გატარება დაავიწყდა.

"ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!! გესმით რა მარაზმში ვართ??? თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერმარკეტში?" - წერს დეპუტატი.

ჩიორა თაქთაქიშვილის მამა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ტრიპოლსკის მეგობარი აღმოჩნდა:

- როდესაც ეს ინფორმაცია შევიტყვე, მთელი ღამე ნერვიულობაში გავათენე. "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი წარმომადგენლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური დაპირისპირება არაფერ შუაშია. დათო თაქთაქიშვილი და მე 8 წლის განმავლობაში რაგბს ერთად ვთამაშობდით. მასაც და მის მეუღლესაც კარგად ვიცნობ - ლალი ჩემი ლექტორიც იყო. ის, რაც სოციალურ ქსელში წავიკითხე, თითქოს თაქთაქიშვილმა შეიძლება ჯიბეში რამე ჩაიდოს და მოიპაროს, ასეთ ცილისწამებას ვერასოდეს შევეგუები. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ და დარწმუნებული ვარ, მსგავს ქმედებას ის არასოდეს იკადრებდა. 75 წლის კაცია და შესაძლოა რაღაც შეეშალა, მაგრამ საზოგადოებას ამის გარკვევა არც უცდია.

სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" უსაფუძვლო ბრალდებებმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ქვეყანა. არ შეიძლება ყველას მიმართ ტყუილებს ავრცელებდე, რადგან შესაძლოა ანალოგიურ ვითარებაში ერთ დღესაც თავადაც აღმოჩნდე. დროა საზოგადოებაც გონს მოეგოს - ხელაღებით იარლიყებს ნურავის მივაკერებთ. შესაძლოა, ჩემ მეგობარ კაცს შემთხვევით რაღაც შეეშალა, მაგრამ ამას წყელვა-კრულვიანი განცხადებები უნდა მოჰყვეს?

- შესაძლოა ამ განცხადების შემდეგ თავადაც აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში...

- იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარე გონს მოვეგოთ, ერთმანეთის ლანძღავში ვაატარებთ ცხოვრებას. მაინტერესებს, განა ჩვენ ყველას ერთი ქვეყანა არა გვაქვს? კი ბატონო, მზად ვარ ნებისმიერი კრიტიკისთვის. მეტიც, სასამართლოში იქნება თუ ქუჩაში, დათოს თავდებში დავუდგები და არ მაინტერესებს ამას რა მოყვება. ამ განწყობით ცხოვრება არ შეიძლება, რა არ წამიკითხავს, მაგრამ დათოს მიმართ შეფასებები იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ ფაქტს გულგრილად ვერ დავტოვებდი. მითუმეტეს, ერთხელ საყვედურიც მივიღე დათოსგან, საჯარო ბიბლიოთეკასთან ჩიორას ცხვირი რომ გაუტეხეს, შენ სად იყავიო. მივიღე ეს საყვედური. ქუთაისში ვიყავი, თორემ ჩიორას კი არა, ნებისმიერს დავიცავდი. პირდაპირ ვამბობ, ჩიორა ბევრ ადამიანს ნერვებს უშლის და მე - განსაკუთრებით, მაგრამ დათო თაქთაქიშვილი უკეთილშობილესი ადამიანია.

საქართველო ყოველთვის საკუთარი ღირებულებებით გამოირჩეოდა, დღეს კი, ღირსება არავის შემორჩა, უფროსი და უმცროსი არავინ იცის. ალბათ, ეს განათლების პრობლემაა, რეგიონებშიც ხშირად დავდივარ და იქაც სრული "სიბნელეა". ბუნებრივია, არ ვამტკიცებ, რომ ყველაფრის მცოდნე ვარ, მაგრამ დათო თაქთაქიშვილის უნებლიე შეცდომაზე გამოხმაურებამ ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)