კოალიციის "ბებერი ნიანგები", დრომოჭმული პოლიტიკოსები და რეფორმატორები - ვინ ვის უპირისპირდება "ქართულ ოცნებაში"?!
კოალიციის "ბებერი ნიანგები", დრომოჭმული პოლიტიკოსები და რეფორმატორები - ვინ ვის უპირისპირდება "ქართულ ოცნებაში"?!
16-02-2016
"გაერთიანებაში, სადაც გოგი თოფაძე სპიკერად მიიჩნევა, არცერთი ჭკუათმყოფელი პროფესიონალი არ მივა"

"მინდა ვუსურვო კვირიკაშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს ბებერი პოლიტიკური ნიანგებისგან პარტია და მოახერხოს ჯანსაღი, დემოკრატიულად მოაზროვნე გუნდის შემოკრება. ასეთ შემთხვევაში, მის ლიდერობას პარტიაში აზრი ექნება, ყველა სხვა შემთხვევაში კი, ეს იქნება ისევ მოჯადოებულ წრეზე ყოფნა. ნიანგები საკუთარ თავს მარტივად ამოიცნობენ", -
ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა და იქვე დაამატა: "ერთს გეტყვით, განსაკუთრებული სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე იყო ბიძინა ივანიშვილი. მას ჰქონდა მართვის გაცილებით დემოკრატიული სტილი, ვიდრე დღეს ბევრი ამას იბრალებს. სამწუხაროდ, იგი ადრე წავიდა პოლიტიკიდან და ასპარეზი დარჩათ ისეთებს, ვისთვისაც დემოკრატია მხოლოდ სიტყვაა და მეტი არაფერი".

რთული სათქმელია ამოიცნო თუ არა "ბებერ ნიანგებში" საკუთარი თავი პარლამენტარმა გია ვოლსკიმ, მაგრამ, ფაქტია, ახვლედიანს ჯერჯერობით მის გარდა არავინ გამოპასუხებია. მისი კომენტარი კი აშკარად გაბრაზებული კაცის პოზიციას ჰგავდა. "არმაზ ახვლედიანი არ არის ადეკვატური და საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მართვა", - განაცხადა ვოლსკიმ.

ფაქტია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველ კოალიციაში პოლიტიკური ტემპერატურა ყოველდღიურად მატულობს, თუმცა, ჯერჯერობით, არც საარჩევნო სიებსა და არც პარტიათა შორის გადასანაწილებელ კვოტებზე პოლიტიკური ვაჭრობა დაწყებულა - როგორც კულუარებში მმართველი გუნდის წევრები ყვებიან, ამ ეტაპზე გაერთიანებაში დაძაბულობის მთავარი მიზეზი გაურკვევლობაა, რადგან პოლიტიკურ დაფაზე ფიგურების შეცვლის საკითხს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ხელმძღვანელთა მხოლოდ ვიწრო ჯგუფი განიხილავს.

იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა ყოველთვის იწვევს შიშს, მოქმედი დეპუტაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, პროცესებს მიღმა დარჩენის საფრთხე იგრძნო და საჯარო სივრცეში დამოუკიდებელი მოქმედებაც დაიწყო.

მეტიც, ნაწილი თანაგუნდელ კონკურენტებთან ღია დაპირისპირებასაც არ ერიდება. მაგალითად, დეპუტატი გუგული მაღრაძე მომავალ საარჩევნო სიაში ყოფნის სურვილს არ მალავს, თუმცა როგორც ამბობენ, მას პარტია, განსაკუთრებით კი, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე არ სწყალობენ. რამდენიმე დღის წინ, kvirispalitra.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ თუ კოალიციის ახალ სახეებში მასზე პროფესიონალ პირებს ვერ აღმოაჩენს, სიაში საკუთარი კანდიდატურის განხილვის საკითხსაც წამოაყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ბესელია-კობახიძესთან ერთად ერთ-ერთი იუმორისტული გადაცემის "გმირობა" იუკადრისა და მის წინააღმდეგ აგორებულ მედიაკამპანიაზე ალაპარაკდა...

გასულ კვირას, მედიის ყურადღების ცენტრში გოგი თოფაძეც მოექცა, რადგან ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, "მრეწველების" ლიდერმა, ფაქტობრივად, თავდაცვის "რესპუბლიკელი" მინისტრის პროკურატურაში დაკითხვა მოითხოვა: " წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა".

მართალია, თოფაძემ ვითარების განმუხტვა მხოლოდ ერთი ფრაზით სცადა - ჩემი ნათქვამის კონტექსტი შეცვლილიაო, მაგრამ სკანდალურ განცხადებაზე განმარტება, როგორც ამას რესპუბლიკური პარტიის წევრები ითხოვდნენ, აღარ მოუყოლებია და მედიასივრციდანაც საერთოდ გაქრა. ფაქტია, რომ "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" დაპირისპირებამ კოალიციის შიდა სივრცე საბოლოოდ გაარღვია - როგორც ამბობენ, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი გუნდის წევრების ერთ-ერთი წინასაარჩევნო მოთხოვნა კოალიციიდან სწორედ თოფაძის პარტიის გარიყვაა. კულუარებში არც
იმას მალავენ, რომ "რესპუბლიკელები" მომავალ პარლამენტში თამაზ მეჭიაურსა და ნუკრი ქანთარიასთან ერთად ყოფნასაც არ განიხილავენ, თუმცა ამ ეტაპზე თავად ბიძინა ივანიშვილის კურსელი საკანონმდებლო მანდატის დათმობაზე არ ფიქრობს. ამბობენ, რომ მეჭიაური ჯერჯერობით, თავად ბიძინა ივანიშვილის არჩევანს ელოდება. კოალიციაში ბევრს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ "რესპუბლიკელები" რეფორმატორებად და ხელისუფლების დასავლეთთან ურთიერთობის უცილობელ დასაყრდენად მიიჩნევენ თავს.

შეგახსენებთ, ნუკრი ქანთარიამ "რესპუბლიკელებს" 2012 წლის არჩევნებამდე არსებული დაბალი რეიტინგი შეახსენა, თამაზ მეჭიაურმა კი, პარტნიორი პარტიის წევრებს "უმადურები" უწოდა. თავად "რესპუბლიკელებმა" მეჭიაური "შავ ლაქად" მოიხსენიეს.

რადგან მეჭიაურზე ვსაუბრობთ, აქვე მისი და ქუცნაშვილის კონფლიქტიც უნდა გავიხსენოთ. როგორც ამბობენ, მათ შორის უთანხმოება ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო, როდესაც ქუცნაშვილი მეჭიაურის თიანეთის მაჟორიტარობაში "შეეცილა", თვითმმართველობის არჩევნებამდე კი, ქუცნაშვილი ღიად ალაპარაკდა - თანაპარტიელი გამგებლის არჩევნებში ხელს მიზანმიმართულად მიშლისო. სხვათა შორის, ქუცნაშვილი არც ეკა ბესელიასთან მეგობრობს - თიანეთის მაჟორიტარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პირველად პარლამენტში თათუხაშვილის საქმის განხილვაზე დაუპირისპირდა.

კოლეგებს შორის დაპირისპირება, საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, სამთავრობო წრეებშიც იკვეთება. როგორც ამბობენ, ენერგეტიკის მინისტრი დიასპორის მინისტრ გელა დუმბაძეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ამ უკანასკნელმა "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე კითხვის ნიშნები დასვა. გელა დუმბაძეს კახი კალაძე საჯარო განცხადებითაც გამოეხმაურა და ის "გაკოტრებულ პოლიტიკოსადაც" მოიხსენია.
კულუარებში თინა ხიდაშელსა და თეა წულუკიანს შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, მინისტრ ქალბატონებს შორის განხეთქილების ვაშლად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახდა - გვენეტაძე ყოფილი "რესპუბლიკელია", მაგრამ მას პარტია დღესაც აქტიურად უჭერს მხარს, თეა წულუკიანი კი, საჯარო განცხადებებშიც არ მალავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობით კმაყოფილი არ არის...

ლოგიკურია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება სულ უფრო თვალსაჩინო გახდება, თუმცა მანამდე გაერთიანებას შემადგენლობაზე ჩამოყალბებაც მოუწევს - პარლამენტის კულუარებში კოალიციიდან "მრეწველებთან" ერთად " ეროვნული ფორუმის" გასვლაზე ალაპარაკდნენ. აღსანიშნავია, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარება არც "სოციალ-დემოკრატმა" გია ჟორჟოლიანმა გამორიცხა. თავის მხრივ, თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ყრილობის ჩასატარებლად გუბაზ სანიკიძის პარტია ემზადება. მეტიც, როგორც "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სანიკიძე განმარტავს, "ფორუმი" მალე გაერთიანებაში ყოფნა-არყოფნის საკითხს გადაწყვეტს: "არჩევნებისთვის ჩვენც ვემზადებით. გაზაფხულზე ყრილობას ჩავატარებთ, სადაც პარტიის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - ვრჩებით თუ გავდივართ კოალიციიდან! ამ საკითხზე ჩამოყალიბება აუცილებელია, მე კი პარტიის წევრების გადაწყვეტილებას უპირობოდ დავემორჩილები. მოგეხსენებათ, 2012 წელს იდეოლოგიური კოალიცია არ შექმნილა, ეს მხოლოდ საარჩევნო გაერთიანება იყო. დღეს სხვა მოცემულობები გვაქვს".

ექსპერტი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიციაში არსებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, გაერთიანებაში რადიკალური გადაწყვეტილების მიღების დრო მალე დადგება: "ბუნებრივია, კოალიციის საარჩევნო საქმიანობაში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერევა, მას კი, პირველ რიგში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს - არჩევნების წინ ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული პოლიტიკოსების ერთ სიაში ყოფნა და მათი საზოგადოებისთვის შეთავაზება არცერთ ნორმალურ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი მაინც შეეცდება სკანდალური განცხადებების ავტორები და პოლიტიკაში გამოუცდელი პირები სიაში არ ჩასვას, მაგრამ არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ახალი საარჩევნო სია ძველზე უკეთესი იქნება. ისეთ გაერთიანებაში, სადაც გოგი თოფაძე სპიკერად ითვლება, არცერთი ჭკუათმყოფელი პროფესიონალი კადრი არ მივა. სწორედ ამიტომ კოალიციაში გენერალური წმენდაა ჩასატარებელი და რაც შეიძლება სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპირისპირებული პოლიტიკოსები მზადყოფნაში მოყვანილი ნაღმების ფუნქციას ასრულებენ, რომლებიც არავინ იცის, როდის და რა ვითარებაში აფეთქდებიან. ერთი ან ერთმანეთთან მიახლოებული იდეოლოგიის ადამიანების შერჩევაა აუცილებელი."

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

ალექს
18 თებერვალი 2016 10:47
არათუ საარჩევნო სისტემა,ყველა სახელმწიფო ატრიბუტი,ნორმა ,ტრადიცია,დაწერილი და დაუწერელი ნორმა აგებულია ფსევდოსახელმწიფო ინტერესების და პრიორიტეტების უზენაესობაზე ,ამით იფარება რეალური არსი ჩვენი სახელმწიფოსი-კლანური დიქტატურა.
ნაცმო ვარდისფერი მოქკავშირია,მოქკავშირი მოგეხსენებათ საზამთროსავით გარედან მწვანე, შიგნით წითელი გახლდათ.
ქოცმო საერთოდ უფერულია.ამ ცისარტყელას ემატება ვითომ ოპოზიცია,გრძელი სკამია მოქკავშირის ამ დროს.
ეს 25 წლიანი მარათონი ღმერთმა შეგინდოთ და ჩვენ ვერ გაგაგრძელებინებთ პარპაშს,წადით უკრაინაში მიშასთან,აქ არ გვჭირდებით,თან წაიყვანეთ ივანიშვილი,მადლობის სიგელს გამოგიწერთ და დაეტიოს თავის სასახლეში.
ახლა დადეთ ისეთი საარჩევნო კანონი,რომ ასპარეზზე სრულიად ახალი ძალა-ახალგაზრდობა გამოვიდეს და ყველაფერი და ყველა ძველი,ვეტერანი პარლამენტარი,6-6 ჯერ სხვადასხვა ამპლუით რომ მოევლინა პოლიტიკურ ველს,ორორჯერ გადანახტომი მთავრობიდან არასამთავრობოში,ერთი უწყებიდან მეორეში ,მახროვი ჩინოვნიკები აღარ დავინახოთ ხელისუფლებაში.
ამას არ იზავთ-მწარედ განანებთ !
მოვიდა ახალი ძალა-ახალგაზრდობა საქართველოსთვის.
მოვითხოვთ საარჩევნო კანონში ეწეროს,რომ ვინც უკვე ორჯერ იყო პარლემენტის დეპუტატი, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წევრი,მომავალ 2 საპარლამენტო და 4 ადგილობრივ არჩევნებში კენჭს ვერ იყრის.
თუ არ იზავთ ამას,
ქუდზე კაცი გამოვალთ,რათა ვერცერთი ხმა ვერ მიიღოს იმ პარტიამ,რომლის საარჩევნო სიაში თუნდაც ერთი ყოფილი დეპუტატი,მინისტრი და მოადგილე,დეპარტამენტის თავმჯდომარე ,მერი,გუბერნატორი ,მათი მოადგილეები და აგენტი სპეცმუშაკი იქნება!
არ გვაინტერესებს ვინ საიდან და რა სიით,როდის და რა დროშით მოხვედით ხელისუფლებაში და რა დროშის ქნევას აპირებთ,ყველანი 25 წლიანი გაყალბებებიოს შედეგად მოხვედით ,ვერ და ვეღარ შეგეგუებით , ერთად წადით ,მშვიდობით!
mandarina(ar dablokot)
18 თებერვალი 2016 03:48
ტუ ასაკოვანი ხარ ეს იმასს არ ნიშნავსს რომ ბრძენიც ხარ.
გუგულასნაირი "ბრძენები" მარტლაც გადასყენებელიაა .
ასეტ პატარა ქვეყანასს 200 პარლამენტარი არ ესაჯიროება .ამერიკა ამხელა ქვეყანაა და მასს ყავსს ამდენი და ხალხიც უკმაყოპილოა მატ ხომ უნდატ შენახვა და მატი შენახვა ხალხისს დაბეგვრიტ ხდება .ეს უკმაყოპილებასს იწვევს.შენახვაში ხელპასები და მანქანები მაქვსს მხედველობასი და კიდევ დაზღვევები .
კარგი კადრები გვჯირდება და არა გუგულასნაირი და კიდევ სხვა მისტანა ბენტერი ახალგაზრდები.
ასაკოვანი პარლამენტარებიტ და სახელმწიპო მგვაწეებიტ მსოპლიო მაშტაბიტ უპრო მეტ ნდობასს ვიმსახურებტ რადგანაც ახალგაზრდებსს დიდად არ ენდობიან ამას პლიუსს ახალგაზრდები ადვილად დასაყოლიებლები არიან და შეცდომებს ჩადიან ეს კიდევ საქარტველოს პოლიტიკასს დვირად უჯდება
კარგი განატლებული კადრები გვჯირდებაა.ასაკსს არ აქვსს მნიშვნელლობა.დავიტ აღმაშენებელი ახალგაზრდა იყო როცა გამეპდა მაგრამ დლიერი მწვრტნელი ჰყავდა.
კადრები! კადრები !
კადრები !
არავიტარი ნაცნობობა და მეგობრობა.
სხვა სიახლეები
არსებული ინფორმაციით, ანა დოლიძე მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს
დაწვრილებით...
2016 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა არასრულწლოვან გოგონებზე იძალადეს
დაწვრილებით...
"ამ საკითხებზე ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ძალიან სწორადაც იქცევიან"
დაწვრილებით...
პრეზიდენტი ნებისმიერი მოქალაქის ბედით უნდა ინტერესდებოდეს, თუმცა, ვფიქრობ, ამით ის ცდილობს, საზოგადოებაში­ შექმნას მოლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს
დაწვრილებით...
PRIME
”შენ თუ ქვემოხუნძურის მაგარი სპეციალისტი ხარ, ბრდღვნი და უხუნძურესი გქვია, მაგრამ სამსახურს მაინც ვერ შოულობ, ამას ეკონომიკაში სტრუქტურული უმუშევრობა ეწოდება”

”ყველგან გვიჭირს - დაწყებული მასწავლებლებით, დამთავრებული სამინისტროთი”
დაწვრილებით...
PRIME
ცოტა ხნის წინ ”ტოიოტა ცენტრი თბილისის” ხელმძღვანელი ირაკლი გურჩიანი­ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას ”სახელმწიფო­ ხალხისთვის” გაემიჯნა.
დაწვრილებით...
PRIME
"გამსვლელთა" ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი რეფერენდუმის გამოცხადების დღესვე გამოტყდა, მთავარი­ არგუმენტი, რაზეც ჩვენი ბანაკი აპელირე­ბდა, სიცრუე იყოო. ბრიტანელებმა ტყუილები დაიჯერეს..."

"ბრიტანეთის გასვლამ შესაძლებელია, გააძლიეროს კიდეც ეს სტრუქტურა, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა შეცდომის
შედეგებს მოიმკის"
დაწვრილებით...
PRIME
"წინა წლებში განათლების სისტემა დამოუკიდებელი არ გახლდათ, სკოლაც და უნივერსიტეტებიც წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად განიხილებოდა"
დაწვრილებით...
2013 წლის დეკემბერში საკნიდან ყოფილი პრემიერის შესაძლო გაყვანაზე გამოძიება თითქმის მესამე წლისთავზე დაიწყო - ვანო მერაბიშვილმა სასამართლოზე გაჟღერებული ინფორმაცია გამომძიებლებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას დაკავებულის ადვოკატი ოთარ კახიძე აღნიშნავს, დაკითხვა ოთხი საათი გაგრძელდა.
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
ძალიან იაფად იყიდება ბერი
ყველაზე იაფად თბილისში იყიდება უკვე
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები