"დღეს ქვეყანას ჰყავს მმართველად ივანიშვილი, რომელიც ხან თავისი მარიონეტი ფიგურებით ერთობა, ხანაც - მთელი ქვეყნით" - კვირის პალიტრა

"დღეს ქვეყანას ჰყავს მმართველად ივანიშვილი, რომელიც ხან თავისი მარიონეტი ფიგურებით ერთობა, ხანაც - მთელი ქვეყნით"

"თურმე ლარის დაბალი კურსიც კი, კაციჭამია "ნაციონალების" ბრალი ყოფილა..."

"ივანიშვილი ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, კომუნიზმის დაპირებით მოვიდა"

პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება კარგა ხანია დაიწყეს. "ნაციონალური მოძრაობა", მისი ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოქტომბერში კვლავაც ხელისუფლების სათავეში მოვა.

გიგა ბოკერია:

- საარჩევნოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის იქნება ის, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და კომპეტენცია იმისა, ქვეყანა ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს. ჩვენ შეგვიძლია საქართველო გავხადოთ მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას დაშვებულ ძალიან სერიოზულ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა. ერთი სიტყვით, ჩვენ უკვე გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა.

- როგორვ ფიქრობთ, მაინც რას ელოდება საზოგადოება თქვენი გუნდისგან?

- მათი დაკვეთაა, ვიყოთ ისეთივე ძლიერი და კომპეტენტური, როგორიც თავის დროზე ვიყავით. რა თქმა უნდა, დანარჩენ საკითხებზეც ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომიკური მხარე ყველაზე მთავარია... რასაკვირველია, ძალზე მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური კურსიც, სადაც ჩვენ ისეთივე კატასტროფული სურათი გვაქვს, როგორც სხვა სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ინერციის შედეგად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების ძალიან კარგი შანსი გვაქვს... სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების წყალობით, სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა შესუსტდა.

-კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საუბარია, თუნდაც, პოლიციასა და ჯარზე. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ნდობა ყოველწლიურად იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერსონების, მათ შორის, შსს-ს იმჟამინდელი მინისტრის მიმართ, საზოგადოება კრიტიკულად იყო განწყობილი... ამ ყველაფრის მიუხედავად, სხვა ქვეყნების ფონზე, ჩვენ მაინც ფორმაში ვართ, - პოლიცია არ იღებს ქრთამს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი პატივისცემას იმსახურებენ და ამ ტრადიციას შენარჩუნება სჭირდება, მაგრამ ამავდროულად, რიგ უწყებებში ჩვეულებრივი რამ გახდა ახლობლებისა და ნათესავების დანიშვნა და კომპეტენტური ხალხის სამსახურიდან გაყრა. ეს ეხება უსაფრთხოების სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს...

- ბატონო გიგა, მაშინ, როდესაც თქვენი პარტიის ძლიერებაზე საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ თქვენი გუნდი მნიშვნელოვნად შესუსტდა -   მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია; ასევე, ერთ დროს თქვენი თანამოაზრეებისგანშეიმნა ახალი ორგანიზაცია "გირჩი"...

- გუნდიდან ნებისმიერი ადამიანის წასვლა, რა თქმა უნდა, საწყენია, მით უფრო, როდესაც ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს და თვითმკვლელობას სჩადის, მაგრამ ეს არ შეეხება მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს. ისინი უკრაინაში საქართველოს მომავლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ამას გადინებად არ მივიჩნევ. რაც მოხდა, ხელისუფლების სამარცხვინო ქცევის შედეგია. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მას საქართველოში ცხოვრება და პოლიტიკური საქმიანობაში მონაწილეობა  შეუზღუდს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეგიონში მთავარი საფრთხის, პუტინის პოლიტიკის დამარცხება. და კიდევ, უკრაინა, მიხეილ სააკაშვილისთვის თითქმის მშობლიური ქვეყანაა, რადგან იქ სწავლობდა... ასე რომ, მათ გუნდს გადინებულებს ვერ დავარქმევ.

- თუმცა ამ გუნდში აშკარად განხეთქილებაა, სანდრო კვიტაშვილის თქმით, სააკაშვილი ამ ბოლო დროს უცნაურ განცხადებებს აკეთებს...

- რა გითხრათ, აბა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის შეიძლება მოხდეს - სანდრო ყოველთვის ტექნოკრატი ადამიანი იყო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არც ვაკისრებ... არც უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევას ვაპირებ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ?

- ამ თემით სპეკულაციას არ ვაპირებ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი, თავის გუნდთან ერთად, არის ფიგურა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, თუ როგორ უნდა იმუშაოს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე, - კორუფცია, ბიურკოკრატია... ამ პრობლემების მოგვარებაში, სააკაშვილს მთელ ამ რეგიონში კონკურენციას ვერავინ გაუწევს.

- გუნდის გადახალისებას აპირებთ?

- 2012 წლის არჩევნებში მარცხის შემდეგ, კოლექტიურ მართვაზე გადავედით, გვყავს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე; პარტიას ჰყავს ახალი აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი; ასევე გვყავს კიდევ ერთი ახალი ლიდერი, ნიკა მელია... მსგავსი პროცესები ისევ გრძელება და შესაძლოა, ახალი სახეებიც ვიხილოთ.

- უკრაინაში მყოფი თქვენი თანაგუნდელები თუ იქნებიან ჩართულნი საარჩევნო პროცესებში?

- ამდენხნიანი მეგობრობისა და თანამებრძოლობის შემდეგ, ცხადია, ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვექნება...

- რა შედეგს ელოდებით არჩევნებიდან?

- ხელისუფლების შეცვლას დემოკრატიული არჩევნებით და ხელისუფლების სათავეში მოსვლას. "ქართული ოცნება" "გადამგდებია ", თავის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ის ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, კომუნიზმის დაპირებით მოვიდა, - ამბობდა, რომ თავისი ჯიბიდან გადაიხდიდა ყველაფერს, ისევე, როგორც ამას თავის სოფელ ჭორვილაში აკეთებდა. ამ გზავნილით მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში, თუმცა, ამავდროულად ჰქონდათ სრულიად ლეგიტიმური დაპირებებიც, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იყო. მაგალითად, რომ არ უნდა გვყავდეს ძალიან ძლიერი ხელისუფლება, რადგან დემოკრატიას უფრო მეტი შემაკავებელი ფაქტორი სჭირდება, რაშიც ვეთანხმები... ასევე, საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, რომ არ იქნებოდნენ ისეთი აგრესიულები და ხისტები, როგორც ვითომ ჩვენ ვიყავით... შედეგად კი, ხელიდან წავიდა ეკონომიკა, თავიანთ უნიათობას და წარუმატებლობას ჩვენ გვაბრალებენ. თურმე ლარის დაბალი კურსიც კი, კაციჭამია "ნაციონალების" ბრალი ყოფილა... უფრო ადრე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, მას აბრალებდნენ ყველაფერს, - ხელს გვიშლისო, რაც ზოგიერთს მართალი ეგონა... ყველაფერს მიშას აბრალებდნენ, დანარჩენი მომდევნო დროის განმავლობაში კი, ახლობელ-ნაცნობების დასაქმებასა და კორუფციის აყვავებას მოუნდნენ.

- გინდათ თქვათ, რომ თქვენს დროს არ იყო კორუფცია?

- არ არსებობს ქვეყანა, სადაც რამე დონეზე არ იყოს კორუფცია, მაგრამ მუდმივად უნდა ებრძოლო. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კორუფციაში ბრალდების მუხლით, 5 თუ 6 მინისტრის მოადგილე დავაკავეთ...

- ბატონო გიგა, საზოგადოებას ახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული შეცდომები, - ბიზნესზე განხორციელებული შეტევა, ძალაუფლების გადამეტება, ადამიანის უფლებათა დარღვევა... როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ შეიძლება საზოგადოებამ თქვენ აგირჩიოთ?

- დიახ, ეს "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა იყო - ჩვენ ზედმეტად ძლიერები ვიყავით, თან ზედმეტად დიდ ხანს... შემაკავებელი ბარიერების არქონის მიზეზი, ოპოზიციის სისუსტესთან ერთად, ჩვენი ზედმეტად ძლიერი ძალაუფლებაც იყო. დიახ, იყო გადაცდომები, მაგრამ ახლა ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ იტყვის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ქვეყანამ პროგრესი არ განიცადა. მუდმივად იმაზე ლაპარაკი, თუ რა იყო წარსულში, პრობლემას ვერ მოაგვარებს... დღეს ქვეყანას ჰყავს მმართველად ივანიშვილი, რომელიც ხან თავისი მარიონეტი ფიგურებით ერთპბა, ხანაც - მთელი ქვეყნით. ასწლოვან ხეებს თხრის და სახლშიმიაქვს, რადგან ასეთი ხუშტური აქვს და არც კანონი აინტერესებს, და არც არაფერი სხვა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)