ქმარი უკრაინის პრემიერობისთვის ემზადება, ცოლი - საქართველოს პარლამენტარობისთვის?! - კვირის პალიტრა

ქმარი უკრაინის პრემიერობისთვის ემზადება, ცოლი - საქართველოს პარლამენტარობისთვის?!

"ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი" - რას აპირებს სანდრა რულოვსი?!

"სანდრა რულოვსს ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ნომრად არ დავიწუნებდი"

"ქალბატონი სანდრას გამოჩენა, "ნაციონალური მოძრაობის" რესურსს კიდევ უფრო შეამცირებს"

"მინდა ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!", - დაწერა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ექსპირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა მას შემდეგ, რაც "ტვპირველმა" გავრცელებულა ინფორმაცია, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომრად ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის შესაძლო დასახელების შესახებ, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა... ბუნდოვანია სანდრა რულოვსის "ფეისბუკზე" გაკეთებული კომენტარიც, რა იგულისხმა ყოფილმა პირველმა ქალბატონმა, ის, რომ პოლიტიკური გააქტიურებით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების რეჟისორობას აპირებს, თუ იმათ მიანიშნა, ვინც მის პოლიტიკურ თამაშში ცდილობს შემოყვანას, რომ არ აპირებს მათ ჭკუაზე სიარულს...

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფენ. დეპუტატი სერგო რატიანის თქმით, ის ვერაფერს დაადასტურებს, რადგან "ეს და სხვა საკითხები არ არის გარკვეული. სანდრა რულოვსი არის მნიშვნელოვანი ფიგურა, ის არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ადამიანების სოციალურ დახმარებაში, ზოგადად საერთოდ სამოქალაქო აქტივობაში".

გავრცელებული ინფორმაციით, სანდრა რულოვსის გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" სიის სათავეში შესაძლოა იყვნენ: "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები: დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ადვოკატი ოთარ კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი და თბილისის მერობის ექსკანდიდატი ნიკა მელია. ასევე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ სიაში აღმოჩნდეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე...

დავით დარჩიაშვილი:

- დარწმუნებული ხართ, რომ ჟურნალისტებმა გუნდის გადაწყვეტილება ამცნეს საზოგადოებას?! არცერთ იქ დასახალებულ ადამიანთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს არის ჭორი და ჯერ მსგავსი არაფერი გადაგვიწყვეტია. რაც შეეხება ქალბატონ სანდრას, ჩემი პირადი დამოკიდებულება მის მიმართ ასეთია, - სანდრა რულოვსს ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ნომრად არ დავიწუნებდი...

- ანუ სანდრა რულოვსთან ამ თემაზე კონსულტაციები გაქვთ?

- არა, არც ქალბტონ სანდრასთან და არც ოთო კახიძესთან, რომელიც ასევე ახსენეს. საარჩევნო სიებზე ლაპარაკი ძალზე ნაადრევია, ჯერჯერობით მსგავსი დოკუმენტი არ შექმნილა და მით უფრო პარტიიდან არ გასულა.

ის, რომ ბოლო დროს სანდრა რულოვსის გარშემო მიზანმიმართული პიარი დაიწყო, შეუმჩნეველი არ დარჩენილა, სულ რამდენიმე დღის ყოფილი ქალბატონის ახალმა ფოტოებმა შეიძლება ითქვას დაიპყრო ინტერნეტი (იხილეთ). მოხდება თუ არა სანდრა რულოვსის პოლიტიკური გააქტიურებით მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ნაწილობრივ მაინც დაბრუნება, სააკაშვილისა, რომელიც ახლა უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორია, თანაც აშკარად უკრიანის პრემიერობისთვის იბრძვის...

ალექსანდრე თვალჭრელიძე, პოლიტოლოგი:

- "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგია სრულებით არ მაინტერესებს, მათ ძალიან საარჩევნო რესურსი აქვთ და ამ ფონზე ქალბატონი სანდრას გამოჩენა, მათ რესურსს კიდევ უფრო შეამცირებს.ვფიქრობ, ქართველი ხალხი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ეს ზოგიერთებს წარმოუდგენიათ და მისი გაბითურება შეუძლებელია. თუ მისმა მეუღლე საქართველოს მოქალაქეობას უკრაინისა არჩია, თავად კი, პრაქტიკულად, ჰოლანდიის, ნიდერლანდების მოქალაქეა, რაზეა ლაპარაკი საერთოდ? არა მგონია, ეს ვინმესთვის მომგებიანი იყოს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ქომაგებისთვის ისე, ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც დახვრეტაც რომ მიუსაჯონ, მათ ხმას არ მისცემს... სანდრა რულოვსის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)