"ივანიშვილი უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში" - ვინ ცდილობს "რესპუბლიკელების" მიჭირხვნას?! - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში" - ვინ ცდილობს "რესპუბლიკელების" მიჭირხვნას?!

"არ ვიცი, რატომ ვერ იპოვა თოფაძემ პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის გარდა, პარლამენტში დარჩენის სხვა გზა"

"არავინ უწყის ვინ და როგორ გამოიყენებს საგარეჯოს ეპიზოდს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ "რესპუბლიკელების" წინააღდეგ"

კოალიციის ლიდერთან შეხვედრა შედგა, თუმცა პოლიტსაბჭოს სხდომის თარიღი ჯერ გაურკვეველია - პრემიერის გიორგი კვირიკაშვილთან ფრაქციების შეხვედრის მიუხედავად, ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება კითხვა - თოფაძე თუ "რესპუბლიკელები", - ვინ დატოვებს კოალიციის რიგებს? ფაქტია და ამას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიც ადასტურებს, რომ პოლიტსაბჭოს დღის წესრიგში მხოლოდ ორი პარტიის ან ფრაქციის დაპირისპირებაზე მსჯელობა არ იქნება და გუნდს გოგი თოფაძის საგარეო ორიენტირებში გარკვევა მოუწევს. თოფაძემ კი ყველას დაასწრო და საგარეო სიმპათიებზე კითხვას ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში დაახლოებით ამ პათოსით უკვე უპასუხა - 2012 წელს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას ხელი კი მოვაწერე, ორი წელი ჩუმადაც ვიყავი, მაგრამ ხომ ხედავთ, თავად ნატო გვეუბნება ინტეგრაციაზე უარს და მეც აღარ დავდუმდებიო.

იყო მოლოდინი, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა გასულ კვირას, შაბათს ჩატადებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ისმის კითხვა: რატომ? - სავარაუდოდ, კოალიციის ვნებების ჩაცხრომას ელოდებიან.

დიდი ალბათობით, საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუმცა მისი დაპირების მიუხედავად, რომ საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩაერთვებოდა, თითქოს ამას არ ჩქარობს, თუმცა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სხვაგვარ აზრს გამოთქვამს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

- ბატონი ბიძინა სიტყვის კაცია და ჩემი აზრით, უკვე აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესებშიც. ამ დასკვნას ვაკეთებ "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევის ანალიზიდან. ეს ხალხი აქამდე თუ ფიქრობდა, რომ საპარლამენტო სავარძლის შესანარჩუნებლად საკმარისი იყო უკმეხი განცხადებების პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ კეთება, ეს ახლა, როგორც ჩანს, საკმარისად აღარ მიაჩნიათ და თავდასხმის ობიექტად რესპუბლიკური პარტია შეარჩიეს. ახლა მის "მიჭირხვნას" ცდილობენ. ივანიშვილის ერთმა უერთგულესმა პარლამენტარმა ისიც ბრძანა, გავიდეს კოალიციიდან რესპუბლიკური პარტია, დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ვნახოთ, რა პრეტენზიები ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებაზეო. ეს უმეცარი მიდგომა კიდევ უფრო აკნინებს მისი ავტორის ისედაც დაბალ რეიტინგს. მოწმენი ვართ, რომ თავდაცვის მინისტრის აუგად მოხსენიების განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ იპოვა თოფაძემ პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის გარდა, პარლამენტში დარჩენის სხვა გზა. ეს ჩემთვის მხოლოდ სინანულის მომგვრელია. მას ნამდვილად უნდა ეგულებოდეს სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირველ სამეულში სიამოვნებით დაუთმობენ ადგილს.…

- რაზე მიანიშნებთ, რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო გამოსვლების უკან შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს?

- დამერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილი არავის უკან არ დგას, ეს მის უკან ცდილობს ადგილის შენარჩუნებას ზოგიერთი, რადგან დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციის ნახევარიც ვეღარ მოხვდება მომავალ საარჩევნო სიაში. ისინი, ვინც ივანიშვილის უკან არიან ჯერჯერობით მოკალათებულნი, ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ სულ შიში აქვთ, არ დაკარგონ ეს ადგილი და ამისთვის იბრძვიან ახლა გააფთრებით.

(იხილეთ სრულად)

რაც შეეხება "რესპუბლიკელების" პოზიციას, ნაკლებად სავარაუდოა, მათ თოფაძის შემთხვევაში უკან დაიხიონ. თუ კოალიციაც მათ პოზიციას გაიზიარებს და თოფაძეს გაერთიანების დატოვება მოუწევს, ამ შემთხვევაში მთავარია, რა პოზიციას დაიკავებენ "მრეწველების" დანარჩენი წევრები - სკანდალური განცხადებებით გამორჩეულ ლიდერს სოლიდარობას გამოუცხადებენ თუ გაერთიანებაში მის გარეშე დარჩებიან? პარტიის წევრების განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, ფაქტია, რომ აზრი ამ შემთხვევაშიც ორად გაიყო. არ არის გამორიცხული გოგი თოფაძესთან ერთად პოლიტიკიდან მისი დიდი ხნის მეგობარი ზურა ტყემალაძეც წავიდეს, დანარჩენი წევრები კი, მათ შორის, გიორგი კახიანი "ქართული ოცნების" რიგებში დარჩნენ.

ვიდრე გოგი თოფაძის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხი გაირკვევა, შესაძლოა გუნდი "რესპუბლიკელებთან" დაპირისპირებული სხვა პოლიტიკოსებისგანაც "გაიწმინდოს". დიდი ალბათობით, ახალ სიაში ვეღარ მოხვდებიან ზაზა პაპუაშვილი და ნუკრი ქანთარია, რომლებიც პარტნიორ პარტიას ღიად დაუპირისპირდნენ და მათი წარსული პოლიტიკური რეიტინგიც "რატომღაც" დღეს გაიხსენეს. როგორც წესი, მსგავსი "აჯანყებები" პოლიტიკაში შემთხვევით არ ხდება. ცნობილია, რომ კოალიციაში "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ საკმაოდ მძლავრი ჯგუფი მუშაობს. ადრე ამ ჯგუფის ლიდერად ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრებოდა, მართალია, დღეს მათ გიორგი კვირიკაშვილის სახით ახალი "ხელმძღვანელი" აღარ ჰყავთ, თუმცა პარტიასთან დასაპირისპირებლად ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბერკეტებს ფლობენ.

"რესპუბლიკელების" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გამოვლინებად შეგვიძლია პროკურატურის გადაწყვეტილებაც მივიჩნიოთ. ეს ეჭვი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც საგარეჯოს არჩევნების შედეგების გამოძიების დაანონსებამ "რესპუბლიკელები" აშკარად ააფორიაქა. ბევრს ამ პროცესმა თავისუფალი დემოკრატები" და კოალიციიდან მათი წასვლის წინა პერიოდი გაახსენა. თუმცა დავით ბერძენიშვილმა ირაკლი შოთაძის უწყებას ასე გააფრთხილა: "ფიქრი, რომ ბარემ ხიდაშელი გადადგეს, ასეთ სისულელებს ნუ ელოდებიან, რადგან ასეთ რაღაცას ადგილი არ ექნება. არც თინა და არც თამარ ხიდაშელი არ გადადგებიან..." პრინციპში "რესპუბლიკელების" ნერვიულობა საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს - არავინ უწყის ვინ და როგორ გამოიყენებს საგარეჯოს ეპიზოდს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ "რესპუბლიკელების" წინააღდეგ...

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)