"ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე" - კვირის პალიტრა

"ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე"

"ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, - პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც გიორგი კვირიკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას გაემოხმაურა.

როგორც პრემიერი განმარტავს, ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს. "ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და, პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა. ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი!

ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს. ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, - პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს! სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს. მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს - პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა მზადაა, გამოძიების პროცესში ჩართოს ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია. "სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების პირველი პირები შეკრიბა და მათ მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების დავალება მისცა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.